Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილის განცხადება ქსენოფობიად შეფასდა


თხუთმეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ დაგმო “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიტატის, სალომე ზურაბიშვილის “ქსენოფობიური განცხადება.“

„2 ოქტომბერს, ნინოწმინდაში, წინასარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ადგილობრივ ეთნიკურად სომეხ მოქალაქეებთან შეხვედრისას, ზურაბიშვილმა განაცხადა: “აქამდე მოქალაქეობა იყო მხოლოდ მინიჭებით და მხოლოდ პრეზიდენტის საბოლოო გადაწყვეტილებით და ერთმა პრეზიდენტმა [მიხეილ სააკაშვილი], ძალიან ბევრი მოქალაქეობა დაურიგა თურქებს, დღეს მისი წარმომადგენელი არის ჩემი ოპონენტი, მაგრამ თქვენ არ მოგცათ მოქალაქეობა.“ მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადება ხელს უწყობს შუღლის გაღვივებას, ეწინააღმდეგება ლიბერალური დემოკრატიისა და თანასწორუფლებიანობის პრინციპებს, ახდენს ისტორიული კონფლიქტის თანამედროვე ქართულ პოლიტიკურ რეალობაში სახიფათო პრობლემატიზაციას” - ნათქვამია 15 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში. მათივე შეფასებით, სალომე ზურაბიშვილის განცხადება შეიცავს უკანონო აგიტაციის ნიშნებსაც, რადგან საარჩევნო პროგრამა არ უნდა შეიცავდეს ომისა და ძალადობის პროპაგანდას, არსებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან დამხობისკენ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ, ეროვნული შუღლისა და მტრობისკენ, რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირებისკენ მოწოდებას.

არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ ეს არ არის სალომე ზურაბიშვილის პირველი რასისტული და ქსენოფობიური შინაარსის განცხადება, რადგან 2013 წლის 31 იანვარს, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე მან დაწერა: “ჩინელები არ კვდებიან. ერთი პირადობის მოწმობით ან პასპორტით სარგებლობს რამდენიმე ადამიანი სანათესავოდან და ვინ გაარჩევს? როცა გგონია რომ ათი შემოვიდა სინამდვილეში 100-მდე შეიძლება იყვნენ." ერთობლივი განცხადების ხელმომწერ ორგანიზაციებს მოჰყავთ სალომე ზურაბიშვილის კიდევ ერთი ნათქვამი, რომ უცხოელებმა "ჩილიმების ქუჩად არ უნდა გადააქციოს შარდენი და აღმაშენებელი."

„უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირები, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერები, ასევე არჩევნებში მონაწილე სუბიექტები, ხშირად იყენებენ სიძულვილის ენას და მიზანმიმართულად ავრცელებენ ქსენოფობიურ განცხადებებს, თუმცა,სახელისუფლებო გუნდის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის განცხადება განსაკუთრებით სახიფათო და ანტისახელმწიფოებრივია. ჯანსაღი საარჩევო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, მიგვაჩნია, რომ წინაასაარჩევნო კამპანია უნდა ეფუძნებოდეს ადამიანის უფლებების დაცვის, თანასწორობისა და კეთილსინდისიერების პრინციპებს” - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში. ისინი მოუწოდებენ სალომე ზურაბიშვილს, არჩევნებში მონაწილე ყველა კანდიდატს და პოლიტიკურ ძალას, პატივი სცენ კანონს და თავი შეიკავონ ქსენოფობიური, რასისტული და დისკრიმინაციული განცხადებებისგან და მიმართავენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, შეისწავლოს განცხადებაში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები და განახორციელოს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. განცხადებას ხელს აწერენ: ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მედიის განვითარების ფონდი, საქართველოს რეფორმების ასოციაცია, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, საფარი, დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი, თანასწორობის მოძრაობა, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის, ეთნიკურობისა და მულტიკულტურალიზმის შესწავლის ცენტრი, მედია კლუბი, შავი და ბალტიის ზღვის ალიანსი - საქართველო, ადამიანის უფლებათა ცენტრი და ფონდი ღია საზოგადოება საქართველო.

XS
SM
MD
LG