თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა წინასასამართლო სხდომა ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდის მკვლელობის გამოძიებისას მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით დაკავებული მერაბ მორჩაძის საქმეზე. სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, სხდომის დაწყებამდე მოსამართლე ნატო ხუჯაძემ ბრალდებულს მიმართა, თვლის თუ არა თავს დამნაშავედ, რაზეც მორჩაძემ დუმილის უფლება გამოიყენა. სხდომაზე ბრალდების მხარემ წარმოადგინა მტკიცებულებათა ნუსხა, რომელშიც სხვა პირთა გამოკითხვის ოქმების გარდა შედის კალანდიების, დ.ღ-ს და ზაზა სარალიძის დაკითხვის ოქმები და ნივთიერი მტკიცებულებები. მტკიცებულებათა ნუსხა წარმოადგინა დაცვის მხარემაც, რომლის შეფასებით, ბრალდების მტკიცებულებათა ნაწილი დარღვევითაა მოპოვებული და სასამართლომ დაუშვებლად უნდა ცნოს. ამ სადავო საკითხის წერილობით დასაბუთებისთვის საქმის პროკურორმა დრო ითხოვა. გარდა ამისა, ადვოკატები მიიჩნევენ, რომ სასამართლომ უნდა გამოკითხოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები, რადგან მნიშვნელოვანი იქნება მათგან ინფორმაციის მიღება. წინასასამართლო სხდომა 3 ოქტომბერს განახლდება.