Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბავშვებში ტყვიის შემცველობის დასადგენად 20 სექტემბრიდან კვლევა იწყება


საქართველოს დედაქალაქთან ერთად ქვეყნის 10 რეგიონში, მათ შორის აჭარაში, 1 500 ბავშვს გამოიკვლევენ. კვლევას ჩაატარებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით. როგორც ბათუმში გამართულ საინფორმაციო შეხვედრაზე აღინიშნა, შეგროვდება მონაცემები ოჯახების, ბავშვებისა და ქალების მდგომარეობის შესახებ. გარდა ამისა, შემოწმდება წყლის ხარისხი ნაწლავის ჩხირის ბაქტერიაზე.

ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის დადგენა დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ითხოვა, რომელიც პროექტის ერთ-ერთი დამფინანსებელია. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის აჭარის სამმართველოს უფროსი ნინო გუგუშვილი ამბობს, რომ ბავშვებში ტყვიის შემცველობის გამოკვლევა ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის გამო გადაწყვიტეს, თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ მსგავსი ინფრმაციის სარწმუნოობა ნაკლებია, რადგან, მისივე თქმით, ეს შედეგი მცირე კვლევებმა გამოავლინა, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ვერ განზოგადდება:

„მცირე კვლევებმა გამოავლინა, რომ რისკები არსებობს, თუმცა რამდენად შეიძლება ამის განზოგადება და როგორია რისკების მასშტაბები, ამის დადგენა მცირე კვლევას არ შეუძლია. სულ 284 ბავშვის სისხლის ნიმუში იყო გამოკვლეული 2015 წელს და ეს იყვნენ ბავშვები, რომლებიც შემთხვევით მოხვდნენ იაშვილის კლინიკაში რაიმე დიაგნოზით და სხვა კვლევებთან ერთად ჩაუტარდათ ტყვიის შემცველობაზეც, თუმცა იმისათვის, რომ კვლევა იყოს რელევანტური, აუცილებელია იყოს შემთხვევითი შერჩევის პრონციპით, რომ მოხდეს მისი განზოგადოება“.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელი ნინო გუგუშვილი იმასაც აღნიშნავს, რომ, ტყვიის შემცველობის შესახებ ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის გარდა, რისკებს დაბინძურებული გარემოც ზრდის, აგრეთვე ისიც, რომ საყოფაცხოვრებო გარემოში ტყვია ფართოდ გამოიყენება:

„ის არის საღებავებში. ბენზინი ყველაზე დიდი შემცველობისაა ტყვიის, განსაკუთრებით ოქტანური შემცველობის. გამონაბოლქვით ასეთი ბენზინის მოხმარების შემთხვევაში ბინძურდებოდა გარემო. ფართოდ გამოიყენება საღებავებში. გარდა ამისა, ყველაზე ცუდი ისაა, რომ სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთების დამზადების დროსაც გამოიყენება. მაგალითად, წყალსადენ მილებში. შესაძლებელია სახლში გამოსაყენებელი ჭურჭელიც კი შეიცავდეს ტყვიის გარკვეულ რაოდენობას. ანუ კონტაქტი ძალიან ინტენსიურია ჩვეულებრივი ყოფითი ცხოვრების დროს“.

განსაკუთრებული რისკის ქვეშ კი ბავშვები არიან. ამიტომ ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის დასადგენად ქვეყნის მასშტაბით 2-დან 7 წლამდე დაახლოებით 1 500 ბავშვს აუღებენ სისხლს ვენიდან. ნიმუშებს იტალიის ერთ-ერთ ლაბორატორიაში შეისწავლიან და ოჯახები ინდივიდუალურად მიიღებენ პასუხს. 20 დეკემბრამდე მკვლევრები 14 ათას ოჯახში აპირებენ მისვლას. ინტერვიუსა და სისხლის აღების პროცესი დაახლოებით საათ-ნახევარს გაგრძელდება. სტატისტიკის ეროვნული სამსახური ოჯახებს შემთხვევითი შერჩევის პრინციპით არჩევს.

თუ ამ პრინციპით შემთხვევით შეარჩიეს, კვლევაში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებს ბათუმელი თამარ მამეიშვილი, რომელსაც 5 წლის შვილი ჰყავს:

„რაც უფრო მეტ ინფორმაციას ვეცნობი, ჩემი შიში სულ ღრმავდება, თუ რა გარემოში ვზრდი ჩემს შვილს და თუ კი ოდნავ გამოუვლინდება, სულ ვცდილობ ექიმთან მივიყვანო და გადავამოწმო. ვფიქრობ, სწორად ვიქცევი, იმიტომ რომ ვიცით, ჩვენი გარემო განსაკუთრებით ჩვენს ქალაქებში არის დაბინძურებული. ტყვიის შემცველობაზე ბოლო პერიოდში მედიაში ვრცელდება ინფორმაცია. გახშირებული მშენებლობებია და ამ ფონზე ძალიან ცოტაა მწვანე საფარი ქალაქში“.

ბათუმელმა ნაზიბროლა რეხვიაშვილმა ზუსტად არ იცის, თუ რამდენად დაბინძურებულია გარემო და რა მავნე გავლენას ახდენს ის ადამიანის ჯანმრთელობაზე, თუმცა უნდა, რომ შეიტყოს. ამბობს, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში გრძნობს დაბინძურებული გარემოს ზემოქმედებას და იმედი აქვს, რომ დაგეგმილი კვლევებით ვითარება გაირკვევა:

„ყველაზე მეტად ვგრძნობ ჰაერის დაბინძურებას. როცა ქალაქში გამოდიხარ, სუნთქვაც კი შეუძლებელია. ავტომობილების გამონაბოლქვი აშკარად ახშობს სუნთქვის შესაძლებლობას. ვხედავთ შავ გამონაბოლქვს საზოგადოებრივი ტრანსპორტიდანაც და ვიცით, რომ ის არ არის ტექნიკურად გამართული და სტანდარტების შესაბამისი. სამშენებლო მასალებზეც არ ტარდება ლაბორატორიული კვლევები და საერთოდ არ არსებობს მსგავსი აღჭურვილობის ლაბორატორია და შედეგად ჩვენ არ ვიცით, როგორ სახლებში შევდივართ, ოფისებში ან დაწესებულებებში, სადაც გვიწევს დიდი დროის გატარება და არ ვიცით, რამდენად მოქმედებს ეს ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე“.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გარდა, მრავალინდიკატორული, შემთხვევითი შერჩევით ჩატარებული კვლევა შესაძლებლობას იძლევა შეგროვდეს მონაცემები ბავშვთა განათლების, განვითარების, ბავშვზე ზრუნვის, აღზრდის, ადრეული ქორწინების, ენერგიის მოხმარების, გარემოს დაცვისა და ინფრასტრუქტურის, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების, დევნილებისა და ეროვნული უმცირესობების მდგომარეობის შესახებ. ბავშვების გარდა, ეს მონაცემები ქალებისა და კაცების შესახებაც შეგროვდება. გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი თინათინ ბაუმი ამბობს, რომ კვლევის შედეგად დადგინდება არა მარტო საქართველოსთვის დამახასიათებელი მონაცემები, არამედ შესაძლებელი იქნება ამ მონაცემების სხვა ქვეყნების მონაცემებთან შედარება და იმის დადგენა, თუ რა ვითარებაა ქვეყანაში:

„ძალიან საინტერესო სურათი შეიძლება შეგვექმნას კონკრეტული რომელიმე ჯგუფის შესახებ. მაგალითად, არსებობს რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული კითხვები. იქ არის საკმაოდ სენსიტიური კითხვები, მაგალითად, ძალადობასთან დაკავშირებით. ჩვენ შეგვიძლია დავადგინოთ, მაგალითად, რამდენი ბავშვი იღებს ჩვენს ქვეყანაში ძუძუთი კვებას. გარდა ამისა, წონის დადგენაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თავის ასაკთან შედარებით ბავშვის განვითარების შეფასების საშუალებას იძლევა. ჩვენ შეგვეძლება ვნახოთ, როგორ ვართ ქვეყნის მასშტაბითაც და აგრეთვე რა განსხვავებებია რეგიონებს შორის“.

კვლევის სრული შედეგები 2019 წლის გაზაფხულზე გახდება ცნობილი. ორგანიზატორების თქმით, მთავრობა პოლიტიკას კვლევის შედეგების საფუძველზე შეიმუშავებს.

XS
SM
MD
LG