17 სექტემბერს რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ტელეფონით ჩაერთო თინათინ ბაუმი, UNICEF-ის საქართველოს ოფისის სოციალური პოლიტიკის სპეციალისტი. მან ილაპარაკა საქართველოში დაგეგმილ მრავალინდიკატორულ, კლასტერულ კვლევაზე, რომლის საველე სამუშაოებიც 20 სექტემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება და შეგროვდება მონაცემები ოჯახების, ბავშვებისა და ქალების მდგომარეობაზე ქვეყანაში. ეს მონაცემები იქნება საერთაშორისო დონეზე შედარებადი. პროცესს წარმართავს სტატისტიკის ეროვნული სამსახური გაეროს ბავშვთა ფონდისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფენ აგრეთვე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები. საქართველოში მიმდინარე კვლევისას შემოწმდება აგრეთვე წყლის ხარისხი და 2-7 წლის ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობა. თინათინ ბაუმმა „დილის საუბრებში“ განმარტა პროცესის ზოგიერთი ნიუანსი და განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოების მზადყოფნა ამ გამოკვლევისთვის. კვლევის პირველადი შედეგები (მათ შორის ტყვიის შემცველობა სისხლში) იანვარში გამოცხადდება, საბოლოო ანგარიში კი გაზაფხულზე გასაჯაროვდება.