Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში განახლდება აქცია სარალიძის და მაჩალიკაშვილის მკვლელების დასჯის მოთხოვნით


დღეიდან თბილისში საპროტესტო აქციებს განაახლებენ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის და პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამები, ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი. ისინი პროტესტს უცხადებენ შერჩევით სამართალს და შვილების მკვლელების დასჯას მოითხოვენ. სარალიძის და მაჩალიკაშვილის ინფორმაციით, აქცია არ არის პოლიტიკური და მისი ორგანიზატორები თავად არიან. თბილისში, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია 18 საათზე დაიწყება.

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ საპროტესტო აქციები მაისის ბოლოს დაიწყო მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა პროკურატურის ვერსია და დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული პირი უშუალოდ ამ ნაწილში უდანაშაულოდ ცნო. სარალიძის ორგანიზებულ აქციას შეუერთდა მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომელიც უარყოფს, რომ მის ვაჟს, თემირლან მაჩალიკაშვილს კავშირი ჰქონდა 2017 წლის ნოემბერში, თბილისში განეიტრალებულ ახმედ ჩატაევის ჯგუფთან და შვილის მკვლელობაში ადანაშაულებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს. მაისში დაწყებული საპროტესტო აქციები ივლისში შეწყდა. ზაფხულის განმავლობაში იმუშავა პარლამენტში შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ. მასში უმრავლესობით მყოფი „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა გასულ კვირაში გამოაქვეყნეს დასკვნა და რეკომენდაციები, რომელთა თანახმად, დავით სარალიძის მკვლელობაში უშუალო მონაწილეობისთვის სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა დაიწყოს მოწმის სტატუსის მქონე მ.კ-ს წინააღმდეგ, პასუხი უნდა მოეთხოვით საქმის გამომძიებლებს და უნდა დადგეს შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხიც. დასკვნას მხარი არ დაუჭირეს „ქართული ოცნების“ წევრებმა, რომლებიც გამოძიების პროცესში ხარვეზებს აღიარებენ, თუმცა, მიიჩნევენ, რომ სამოხელეო დანაშაულის ნიშნები არ ჩანს და შესაბამისად, არ დგას კონკრეტული პირების სისხლის სამართლებრივი დევნის აუცილებლობის საკითხი.

XS
SM
MD
LG