ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაში უმრავლესობით მყოფი ოპოზიციური „ევროპული საქართველო“ მიიჩნევს, რომ პროკურატურამ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს მ.კ-ს სისხლის სამართლებრივი დევნა არასრულწლოვანი დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ფაქტზე. „კომისიამ დაადგინა, რომ მ.კ-მ 51-ე სკოლელებთან საქმის გასარჩევად წაიღო ამ ეტაპზე დაუდგენელი საგანი, რომელიც გამოიყენა დავით სარალიძის წინააღმდეგ ფარდულში ჩხუბის დროს. აღნიშნული ახალი გარემოება დამატებით ასაბუთებს მ.კ-ს განზრახვას დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობის ნაწილში“ - განაცხადა დღევანდელ სხდომაზე კომისიის მდივანმა, „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ. მისი ინფორმაციით, მტკიცებულებების ერთობლიობით დასტურდება, რომ აღნიშნული საგანი მ.კ-მ 51-ე სკოლის წინ აჩვენა თავის მეგობრებს, შემდეგ გამოიყენა დავით სარალიძის წინააღმდეგ ფარდულში ჩხუბისას, შემდეგ კი კვლავ აჩვენა მეგობრებს და აღნიშნა, რომ ამ საგანს ურტყამდა დავით სარალიძეს. ოთარ კახიძის თქმით, მოწმეებისგან ახსნა-განმარტებების მიღების პროცესში კომისიამ მოიპოვა მ.კ-ს მიერ გამოყენებული საგნის ესკიზი, ხოლო საქმის მასალებში ფიგურირებს ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ფიქსირდება, თუ როგორ აჩვენებს მ.კ. მეგობრებს აღნიშნულ საგანს.
„ევროპული საქართველოს“ წევრების რეკომენდაციას მ.კ-ს წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ მხარს არ უჭერს კომისიის წევრი „ქართული ოცნებიდან“ ეკა ბესელია. „როდესაც კომისიის დასკვნას გაეცნობა ვინმე, გაუჩნდება კითხვა, რატომ აკეთებს იმას, რისი უფლებაც არ აქვს. ვერ დავიჯერებ, რომ ოთარ კახიძემ არ იცის, რომ მართლმსაჯულებას ახორციელებს მხოლოდ სასამართლო და არ იცის, რომ პარლამენტს კონკრეტულ სისიხლის სამართლის საქმეებზე პირის მიმართ ბრალის წარდგენის ფორმულირების უფლება არ აქვს. ამ რეკომენდაციით აშკარად ცდება კომისია თავის უფლებამოსილების ფარგლებს“ - განაცხადა ეკა ბესელიამ. მისი თქმით, საპარლამენტო კომისიას არ აქვს უფლება რომელიმე პირის სამართლებრივი შეფასება დააკვალიფიციროს სისხლის სამართლის კოდექსით და მაკონტროლებელმა ორგანომ უთხრას დევნის ორგანოს, რომ ამ პირს უნდა წუყენოს ბრალი განზრახ მკვლელობის ფაქტზე. „დავუჭერდი რეკომენდაციას მხარს, თუ ასეთი ფორმულირებით იქნებიდა იგივე მ.კ-ს ნაწილში რა მტკიცებულებაც შეგროვდა, შეფასდეს ერთიანად ყველა მტკიცებულებათა ერთობლიობით და შეფასება საგამოძიებო ორგანომ და სასამართლომ გამოიტანოს“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.