Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში უთანხმოება გრძელდება


თბილისში მიმდინარეობს ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა. დღის წესრიგშია კომისიის დასკვნის და რეკომენდაციების განხილვა. კომისიის თავმჯდომარის, „ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგი კაპანაძის თქმით, დღევანდელ სხდომაზე საუბარი იქნება იმაზე, თუ რა გააკეთა და რა არ გააკეთა გამოძიებამ იმისთვის, რომ სიმართლე არ ყოფილიყო დადგენილი და უამრავ დარღვევაზე, რომელიც პირდაპირ მიუთითებს გამოძიების ტენდენციურობაზე. „კომისია განიხილავს დასკვნის ძალიან მნიშვნელოვან თავს, რომელშიც წარმოჩენილია ჩვენი დასაბუთებული ვერსია, თუ როგორ გამრუდდა გამოძიება მირზა სუბელიანის გამოჩენის შემდეგ“ - განუცხადა სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს სერგი კაპანაძემ.

„მირზა სუბელიანის შვილის ა. ს.-ს მიმართ არ ჩატარდა, ან დაგვიანებით ჩატარდა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები. ა.ს-ს მიმართ გამოძიებამ არ ჩაატადა შემდეგი საგამოძიებო მოქმედებები: არ აიღო ანაწმენდები და ფრჩხილის ნიმუშები, არ ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი, არ გაჩხრიკა მისი საცხოვრებელი სახლი, დროულად არ ამოიღო მისი მობილური ტელეფონი, არ ამოიღო ა.ს. და მ.კ.-ს მიმოწერა სოციალურ ქსელში - ამ მიმოწერის ამოღებით გამოძიება დაადგენდა დანაშაულის მოტივს და განზრახვას და ორგანიზების დეტალებს. არ ამოიღო ა.ს.-ს ზურგჩანთა და შავი ფერის ქურთუკი, არ ჩაატარა არც ერთი ფარული ღონისძიება, მათ შორის ტელეფონით მიყურადება“ - ნათქვამია საპარლამენტო უმცირესობის წევრთა მიერ მომზადებულ დასკვნაში. ამავე დასკვნაში პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის ვაჟის დიდაშვილი, მ.კ. მოხსენიებულია ჩხუბის ერთ-ერთ მთავარ ფიგურანტად. დასკვნის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ მ.კ-მ დეიდაშვილის დასახმარებლად 51-ე სკოლასთან მიიყვანა მეგობრები, „1 დეკემბერს მიიმალა და აშკარად მოიტყუა 2 დეკემბერს მიცემულ ჩვენებაში, საგამოძიებო უწყებამ მის მიმართ არ ჩაატარა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები.“ დასკვნაში ჩამოთვლილია საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც არ ჩატარდა.

დროებით საგამოძიებო კომისიაში უმრავლესობით მყოფი „ევროპული საქართველოს“ წევრების დასკვნას არ ეთანხმებიან საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები „ქართული ოცნებიდან.“ კომისიის წევრის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას ინფორმაციით, "ქართული ოცნების" წარმომადგენლები დასკვნის საკუთარ პროექტს წარმოადგენენ. ბესელიას შეფასებით, "ევროპული საქართველოს" მიერ მომზადებული დასკვნა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და უმრავლესობა ვერ დაეთანხმება პროექტს, რომლითაც დარღვეულია კონსტიტუციის ყველა პრინციპი და არასწორ ფაქტობრივ გარემოებებს ეყრდნობა. თავის მხრივ, კომისიის თავმჯდომარემ სერგი კაპანაძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დაინტერესებულნი არიან გამართლებით იმ ადამიანებისა, რომლებმაც გამოძიება გაამრუდეს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები 2 სექტემბერს არ დაესწრნენ დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომას. დღეს, 3 სექტემბერს კომისიის წევრმა „ქართული ოცნებიდან“ ეკა ბესელიამ უარყო ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის განცხადება, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კომისიას ბოკოტი გამოუცხადა და მიზეზად დაასახელა „არკოლეგიალური და არაკორექტული დამოკიდებულება კომისიის იმ წევრების მხრიდან, რომლებმაც ერთპიროვნულად მიიღეს გადაწყვეტილება სხდომების დანიშვნის თაობაზე.“ ეკა ბესელიას თქმით, „ევროპული საქართველოს“ წევრების დასკვნა ყოველდღე იცვლებოდა და ბოლო სხდომაზეც წარმოადგინეს განახლებული ვერსია, რომელზეც პოზიციის მყისიერად გამოხატვა შეუძლებელი იყო. „ეს არის ჩვეულებრივი ანაბანა პარლამენტში მუშაობის, რომ დოკუმენტზე ჯერ მუშაობა უნდა დაასრულო და ისე უნდა წარადგინო. არ იყვნენ როგორც ჩანს, მზად და გამოგზავნეს მასალები ფრაგმენტულად“ - განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.

XS
SM
MD
LG