Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წუწუნი ამინდსა ზედა XIX-XX სს-ის „ივერიაში“


პაპანაქება სიცხეზე, ნიავის წამობერვაზე, უჰ, მგონი აგრილდა-ზე, არა, რა აგრილდა, ხვალ უარესია-ზე, აუ, სიცივეს მაინც სიცხე მირჩევნია-ზე, გაოფლილ იღლიებზე, ბევრი წყალი სვით-ზე, ადუღებულ ტრანსპორტსა და ა.შ. დღეს, ყველაზე მეტს ალბათ სოციალურ ქსელში წუწუნებენ და წერენ. ყოველ შემთხვევაში, ერთი შეხედვით, ასე ჩანს.

ერთი საუკუნისა და ცოტა უფრო მეტის წინ, აბა სად იყო ინტერნეტი და კაი ცხოვრება. ამინდზე ჰა ჰა, ცოლს, დედამთილს, ძალუას, მეზობელ ტიმოთეს ან ბატონ გრიგოლს თუ გაესაუბრებოდი, აი, დაახლოებით, ასეთი ფრაზებით: მზიანი დარი დაგვიდგა; ვინძლო წამოწვიმოს მწუხრისას; მკათათვეს გვალვამ გვიწია; ვგონებ, სიო აპირებს მობერვას... ან სულაც, არავისაც არ დაელაპარაკებოდი, შენთვის აიხედავდი ცაში, ან საწვიმარ ღრუბელს დაინახავდი ან მზე მოგჭრიდა თვალს და დაიტოვებდი ამ ამბავს შენთვის, როგორც არაფერს განსაკუთრებულს. ანდა, მეორე დღის გაზეთი, მაგალითად „ივერია“ შეგატყობინებდა, რომ ქალაქში, სიცხეებმა დაიჭირა და შენც გაიფიქრებდი, ოჰ, ახალი ამბავიო.

გაზეთი "ივერია"
გაზეთი "ივერია"

მოკლედ, აწუხებდათ გასული საუკუნის დასაწყისში და იმის იქითაც, სიცხეც და სიცივეც და წერდნენ ამაზე გაზეთებში, აი ასე:

ეს ორი დღეა ცოტაოდნად აგრილდა ჩვენს დამწვარს და თონესავით გახურებულ ქ.ტფილისში; აქამდე ისე ცხელოდა, რომ სუნთქვა სჭირდა თავისუფლად, ახლა კი სიო ჰბერს და აგრილებს ქალაქში სხვა-და-სხვა მიზეზების გამო მომწყვდეულ და აგარადა და სოფლად გასვლის ხელმოკლე მცხოვრებთა“. („ივერია, 1886 წელი, 10 აგვისტო“)

თურმე მომდევნო წელსაც მაგრად ცხელოდა თბილისშიც და რეგიონებშიც. ისევე, როგორც წელს, ჩვენთან, ივლისის დასაწყისში. 1887 წლის 5 ივლისს, „ივერია“ წერს:

წელს ძალიან გვალვაა; ერთი მადლიანი წვიმა აღარ მოსულა; თუ მოვა ერთს რომელსამე მხარეზე, გადივლის, სვეს გაავლებს და ის არის; ზოგს სოფელს, ეს ერთი თვეა ნამი არ უნახავს; ბალახი გახმა და მოიწვა; სამაგიეროდ ყოველ დღე ქარი ჰქრის, რომელმაც სიმინდი დაჰგვალა და გააწითლა; ვენახები კარგად არის, მაგრამა ამასაც ქარი სწყენს“.

გაზეთი "ივერია"
გაზეთი "ივერია"

კიდევ ერთი ივლისის ამბავს იტყობინება გაზეთი „ივერია“, 12 ივლისის ამბავს. მეცხრამეტე საუკუნის მიწურულის ივლისის ამბავს. უცნაური სიგრილეები დაუჭერია იმ წელს ქალაქში და ახალი ამბების განყოფილებაში, კორესპონდენტი იტყობინება:

საზაფხულოდ გასული ხალხი, მრავლად ბრუნდება უკანვე ტფილისში. ისე მატარებელი არ ჩამოვა ტფილისსა, რომ რამდენიმე სახლობა არ ჩამოიყვანოს ამ თბილს ქალაქში, რომელიც წელს კვლავინდებურად არ ამართლებს თავის საკადრის სახელსა. ამ ზაფხულს ტფილისში ცხოვრება, მართლაც-და, არ არის მაგრე რიგად სამძიმო. ხანდისხან ქარები და მტვერი რომ არ გვიმწარებდეს სიცოცხლეს, სწორეთ ტფილელთ არა გვიშავდა რა, იმიტომ რომ ეს თვეები თითქმის სულ გრილა და წვიმაც ხშირად გვესტუმრება ხოლმე. თუ ივლისმა და ზე მოყოლებულმა აგვისტომ ბოლო არ მოიქნიეს, ტფილისში დარჩენილთ არა გვიჭირს-რა“.

გაზეთი "ივერია"
გაზეთი "ივერია"

ჰოდა, როგორც აღმოჩნდა, იმ წელს, არ მოუქნევია ივლისს კუდი და მთელი ივლისი გრილი ყოფილა თბილისში. 30 ივლისის „ივერიაში“ იუწყებიან:

ტფილისში ეს ერთი კვირაა საკვირვლად გრილი დღეები დაიჭირა. საღამ-საღამოობით, თითქმის კიდეცა ცივა ხოლმე. ასეთი გრილი ზაფხული ჩვენს მეხსიარებაში არა ჰღირსებია ტფილისს ამის მეტადო, გვარწმუნებენ ხნიერი კაცები. ამიტომ ჩვენ, ტფილელთ, სრულიად არ გვიკვირს, როდესაც სააგარაკო ადგილებიდამ შემოგვჩივიან, რომ აქ აცივდა და მოაგარაკენი ეშურებიან ტფილისისკენაო. სხვათა შორის, მანგლისიდამაც იწერებიან, რომ აქ ამ ბოლო დროს, ძალიან სიცივეები დაიჭირა, ძრიელ ხშირადა წვიმს, რის გამოც საშინნლად ატალახიანდა ქუჩები და საზაფხულოდ მოსული ხალხი ფეხ-აკრეფით ეჩქარება თბილ ქალაქში დაბრუნებასო“.

არც მეოცე საუკუნის დასაწყისში, 1903 წლის ივლისში ყოფილა ცხელი დღეები ამ ქალაქში. გაზეთ „ივერიის“ 161-ე ნომერი, გრილ ამინდს პამფლეტს უძღვნის:

შუა ზაფხულია. კვლავინდებური სიცხე-პაპანაქება არ გვაწუხებს; პირიქით, ამ შუაგულ ზაფხულშიაც-კი, ხშირათ დგებიან ისეთი დღეები, როდესაც თბილი ტანისამოსი საჭირო ხდება. გამუდმებული წვიმისა და სეტყვა-ნიაღვრებისა და ქარის წყალობით, წლევანდელი ზაფხული გრილია. ხალხი ჯანსაღათ არის: არსად ჩანს არც რაიმე გადამდები სენი და არც უბრალო მოარული“...

გადამდებ სენზე გამახსენდა, გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი, იმ დეპარტამენტისა, რომელიც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში მდებარეობს, მოსახლეობას აფრთხილებს, რომ თავი უნდა შევიკავოთ ფიზიკური აქტივობისგან და ჩრდილში უნდა ვიყოთ. ბევრი წყალი უნდა ვსვათ და კიდევ ღია ფერის ტანსაცმელი უნდა გვეცვას.

და თუკი მეცხრამეტესაუკუნელ კორესპონდენტს დავესესხები, თბილისი „ამართლებს თავის საკადრის სახელს“ და 4 ივლისსაც კარგა გვარიანად ეთბილება (ეცხელება) თბილისში. სააგენტოს ოფიციალური გვერდის თანახმად, დედაქალაქში 4 ივლისს დღევანდელივით, +39 გრადუსი იქნება.

და ვისაც სიცხე არ გვიყვარს, გული იმით გავიკეთოთ, რომ ბოლოს ხომ მაინც მოვა შემოდგომა.

XS
SM
MD
LG