Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთაველის გამზირზე კარვები გაშალეს


ზაზა სარალიძე(შუაში)
ზაზა სარალიძე(შუაში)

თბილისში, პარლამენტის შენობასთან კარვები გაშალეს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, რომლებიც ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობასთან კავშირის მქონე ყველა პირის დასჯას და საქართველოს მთავრობის გადადგომას მოითხოვენ. რამდენიმე ათეულ თანამოაზრესთან ერთად ღამე რუსთაველის გამზირზე გაატარა მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ. "თუ დაუყოვნებლივ არ იქნება დაკავებული ყველა ის პირი, რომელსაც მფარველობდა სისტემა, ფეხს არ მოვიცვლი აქედან,"- განუცხადა ჟურნალისტებს ზაზა სარალიძემ. ორგანიზატორთა ინფორმაციით, ფართომასშტაბიანი აქცია 16 საათზე განახლდება.

საპროტესტო გამოსვლები 31 მაისს დაიწყო მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა განაჩენი 2017 წლის 1 დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდის მკვლელობის საქმეზე. მოსამართლემ ერთი არასრულწლოვანი ბრალდებული დამნაშავედ ცნო ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში, მეორე კი დამნაშავედ აღიარა არა დავით სარალიძის მკვლელობაში, როგორც ამას პროკურატურა ამტკიცებდა, არამედ მკვლელობის მცდელობაში. სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, უცნობია ვინ მოკლა დავით სარალიძე.

31 მაისს, მთავარ პროკურატურასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე ზაზა სარალიძემ და მისმა მხარდამჭერებმა მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის გადადგომა მოითხოვეს. შოთაძემ თანამდებობა დატოვა, თუმცა, მიუხედავად ამისა, აქციამ გადაინაცვლა პარლამენტთან, სადაც საპროტესტო გამოსვლების ორგანიზატორებმა მოითხოვეს საქართველოს მთავრობის გადადგომა.

XS
SM
MD
LG