სექტემბრის ბოლოს გონიოს ზღვის სანაპიროზე მრავალრიცხოვან ფრინველებთან ერთად მათი დამთვალიერებლების სიმრავლეც შეინიშნება. ზღვის სანაპიროზე, სადაც მდინარე ჭოროხი შავ ზღვას უერთდება, ტელესკოპებით, ფოტო კამერებითა და მრავალი სათვალთვალო მოწყობილობით შეიარაღებული დამკვირვებლები იყრიან თავს. ისინი მსოფლიოს 25 სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვიდნენ აჭარაში, რადგან ამ ადგილზე, რომელსაც ჭოროხის დელტა ჰქვია, 260-ზე მეტი სახეობის მტაცებელი ფრინველის ნახვაა შესაძლებელი.
სევერინ ჟილიჩი გერმანიიდან ჩამოვიდა. იგი ველური ბუნების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციის, FOEI-ის, წარმომადგენელია. ამბობს, რომ ჭოროხის დელტაზე უნიკალური სახეობის გადამფრენი ფრინველები ნახა, მათ შორის შავფრთიანი მერცხალა, ველის არწივები, მთის ყარანა და სხვ.:
„პირველად აქ ვნახეთ ველის არწივი და ძალიან ბედნიერი ვარ. ამ ადგილს სახეობების მრავალრიცხოვნებისა და მრავალფეროვნების კომბინაცია გამოარჩევს. ზოგიერთ ფრინველს გერმანიაშიც ვნახულობთ ხოლმე, მაგრამ არა ისე ერთად, როგორც ეს ჭოროხის დელტაშია“.
ჭოროხის დელტის გარდა, მტაცებელ ფრინველებს აკვირდებიან სახალვაშოსა და ჩაისუბანში. ეს ადგილები ბათუმის ათკილომეტრიან ე. წ. „სამიგრაციო ძაბრს ქმნის“, რომელიც, გადამფრენ ფრინველთა რაოდენობის თვალსაზრისით, მსოფლიოში მესამე ადგილზეა, მექსიკისა და ისრაელის შემდეგ. აჭარის ცას ევრაზიიდან აფრიკისკენ გადამფრენი მილიონზე მეტი მტაცებელი ფრინველი გადაკვეთს. ამ კადრების ფოტოფირზე აღბეჭდვას აჭარაში ჩამოსული ჩიტების დაკვირვებით გატაცებული ფოტოგრაფები ცდილობენ. მათ შორისაა მოსკოველი მარინა ლოშენკო:
„აქ უნიკალური ბუნებაა.. ძალინ ბევრი ფრინველის ნახვა შეიძლება. მინდა, რომ ყველას ვცნობდე და მათი სახელებიც ვიცოდე. ცისფერ ალპუნს ფოტო ვერ გადავუღე, მაგრამ მთავარია, რომ ვნახე. გადავიღე ყანჩა, ახლოდან გადავიღე კაკაჩა, რაც ძალიან საინტერესოა“.
მტაცებელ ფრინველთა მიგრაციაზე დასაკვირვებლად სექტემბრის ბოლო საუკეთესო პერიოდია აჭარაში. ამ დროს ბათუმის ცაზე ევრაზიიდან აფრიკის კონტინენტისკენ გადამფრენი ფრინველების შეუიარაღებელი თვალით დანახვაა შესაძლებელი. ეს მონაკვეთი აღმოსავლეთ შავი ზღვის სამიგრაციო დერეფნის სახელითაა ცნობილი. სექტემბრის თვე აქ საინტერესოა მეცნიერული კვლევისთვისაც, ამიტომ ჭოროხის დელტაზე ჩიტების დამკვირვებლებსა და ტურისტებთან ერთად თავს იყრიან სპეციალისტები და სტუდენტები. სავეტერინარო ფაკულტეტის სტუდენტი მიხეილ ქისიშვილი ამბობს, რომ ამ პერიოდში სპეციალისტები მტაცებელ ფრინველებზე მეცნიერულ დაკვირვებას აწარმოებენ:
„ეს ადგილი კარგი არის დაკვირვებისთვის, აგრეთვე დასათვლელად, ცვლილებების სანახავად - რამდენად გაიზარდა ან შემცირდა პოპულაცია. აქ ხშირად ხდება დარგოლა ფრინველების, იჭერენ კონკრეტული სახეობის ფრინველებს, უკეთებენ ფეხზე ნიშანს და მერე აკვირდებიან მომავალ წელს, გადაფრენისას, - რამდენად შეიცვალა პოპულაცია, გაიზარდა ან შემცირდა და შესაბამის ზომებს იღებენ“.
მეცნიერები და ჩიტებზე დაკვირვებით გატაცებული ტურისტები ბათუმში ჩამოვიდნენ სპეციალურად ფრინველებზე დაკვირვების რიგით მეექვსე საერთაშორისო ფესტივალზე, რომელსაც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი უჭერს მხარს. იდეა საერთაშორისო გარემოსდაცვით ორგანიზაციას, BRC-ს (Batumi Raptor Count), ეკუთვნის. ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ასლან ბოლქვაძე, ამბობს, რომ აჭარა გამოირჩევა გადამფრენი ფრინველების როგორც რაოდენობრივი, ასევე სახეობრივი სიუხვით. მაგალითად, აჭარაში 260-ზე მეტი სახეობის მტაცებელი ფრინველი შეიმჩნევა. მისივე თქმით, სპეციალისტებმა, წელს პირველად, განსაკუთრებული სახეობის ფრინველი შენიშნეს, რომელიც საქართველოში პირველად დაფიქსირდა:
„ნახეს ეგვიპტური უფეხურა, მაგრამ მხოლოდ ერთხელ ნახეს ჭოროხის სანაპიროზე და ფოტოთი დააფიქსირეს. შემდეგ ისევ სცადეს მისი პოვნა, თუმცა უშედეგოდ დასრულდა ექსპედიცია. როგორც ჩანს, შემთხვევით შემომფრენი იყო. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, საქართველოში მანამდე ეს სახეობა ჯერ არავის დაუფიქსირებია. როგორც წესი, ის არის აზიის ქვეყნებთან დაკავშირებული“.
ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ასლან ბოლქვაძე მტაცებელ ფრინველებზე უკანონო ნადირობას ასახელებს. მისივე თქმით, განსაკუთრებით ეს გასულ წელს შეიმჩნეოდა, როდესაც მონიტორინგის ჯგუფმა 9 000-მდე დაღუპული ფრინველი აღმოაჩინა:
„შარშან იყო ძალიან დიდი რაოდენობა მონადირეების. შარშან რომ გამოგვყავდა ფრინველებზე დამკვირვებლები, გვხვდებოდა 20-25 მონადირე და დაკვირვების დროს სულ დახოცილი და დაჭრილი ფრინველები ცვიოდა ციდან. არ ჰქონდა მნიშვნელობა სახეობას, ეს იყო თოლია მელოტა, სანადირო იხვი თუ არასანადირო ფრინველი. ადგილობრივი მოსახლეობა ესვრის მტაცებელ ფრინველებს გართობის გამო, უსარგებლო მიზნით - გავიდა დასვენების დღეებში სანაპიროზე, ისროლა თოფი და ამით ისიამოვნა, მეტი არაფერი“.
დახოცილ ფრინველებზე მონიტორინგი წელს არ ჩატარებულა, თუმცა, წელს პირველად, ჭოროხის დელტაზე მტაცებელ ფრინველებზე ნადირობა აიკრძალა. მას მკაცრად აკონტროლებენ გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს თანამშრომლები, რომლებიც ურჩ ბრაკონიერებს ადმინისტრაციული წესით აჯარიმებენ.