Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გალაკტიონის კედელზე მიბმული ფანქარი


2017 წლის 17 მარტს 58 წელი გავიდა ქართველი პოეტის, გალაკტიონ ტაბიძის, გარდაცვალებიდან - სწორედ ამ დღეს, 1959 წელს, 67 წლის გალაკტიონი მაშინდელი სამკურნალო კომბინატის პირველი კორპუსის მეოთხე სართულიდან გადახტა. გალაკტიონის სიკვდილის ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა, რომელიც მალევე, 15 აპრილს, დაიხურა, მინაწერით „მოისპოს“. გალაკტიონის ხელნაწერები, ფოტოები თუ პირადი ნივთები დღეს მისი სახელობის სახლ-მუზეუმსა და ლიტერატურის მუზეუმში ინახება. ჯერ კიდევ შევსების პროცესშია მთლიანად პოეტისადმი მიძღვნილი ვებსაიტი - www.galaktion.ge

გალაკტიონის კედელზე მიბმული ფანქარი
please wait

No media source currently available

0:00 0:11:24 0:00
გადმოწერა

ისტორიული ქრონიკის მიხედვით, 1959 წლის 19 იანვარს გალაკტიონ ტაბიძემ საქართველოს მწერალთა კავშირის V ყრილობის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა. საბჭოთა კავშირის მწერალთა ყრილობის დელეგატად არ აურჩევიათ. იმავე წლის 17 მარტს კი გალაკტიონმა თავი მოიკლა. სახლში, მარჯანიშვილის ქუჩაზე, სადაც მთელი ცხოვრება იცხოვრა, აღარ დაბრუნებულა - 19 მარტს, საღამოს 6 საათზე, გალაკტიონი პირდაპირ მწერალთა სასახლეში გადაასვენეს, 21 მარტს კი მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს. გალაკტიონი უამრავმა ადამიანმა გააცილა. მისი შემოქმედების მკვლევარი, ვახტანგ ჯავახაძე, იხსენებს, რომ მთაწმინდის ფერდობები ხალხით იყო სავსე:

„გალაკტიონმა რომ თავი მოიკლა, პრესაში დაწერეს, რომ პოეტი გარდაიცვალა, თუმცა ხმა მისი თვითმკვლელობის შესახებ მალე გავარდა. საკითხი ასე დადგა - უნდა დაეკრძალათ თუ არა გალაკტიონი მთაწმინდაზე, მისი თვითმკვლელობა პროტესტად აღიქვეს... ზოგი ეჭვობდა, ხალხი საერთოდ მივიდოდა თუ არა მის დაკრძალვაზე, მაგრამ მივიდა კი არა, ზღვა ხალხი მივიდა. წითელ ლენტებს გვიკეთებდნენ, ვინც უნდა შევეშვით მთაწმინდაზე, ისე გვიშვებდნენ. ხალხი კი მთებზე იყო შეფენილი. ეს იყო მართლა გრანდიოზული დაკრძალვა. გარდა იმისა, რომ გალაკტიონი უყვარდათ, ამ ამბავს მისმა თვითმკველობამ კიდევ უფრო მეტი ინტერესი შემატა“.

ერთი წლით ადრე, 1958 წელს, მწერალმა ვახტანგ ჯავახაძემ გალაკტიონის რჩეული შეადგინა - სწორედ მაშინ შეხვდნენ პირველად. პოეტმა, თურმე, ამოსარჩევად გამომცემლობაში 9 ტომის მასალა მიიტანა. დარჩენილი მასალები გამომცემლობიდან გალაკტიონის სახლში ერთად გადაიტანეს - გალაკტიონის სახლშიც მაშინ მოხვდა პირველად. ის კადრები ვახტანგ ჯავახაძეს დღემდე თვალწინ უდგას:

გალაკტიონის ჩანახატები, სახლ-მუზეუმი
გალაკტიონის ჩანახატები, სახლ-მუზეუმი

„მის ბინაში რომ მოვედით, გალაკტიონმა გააღო კარი, მერე მეორე გასაღები აიღო და თავისი კაბინეტი გააღო. კი გამიკვირდა მაშინ, ცალკე კაბინეტი რომ ჰქონდა დაკეტილი. იქ იდგა გალაკტიონის საწოლი, მაგიდა. დიდი ბიბლიოთეკა არ ჰქონდა. მახსოვს, რომ ფანქარი თოკით ჰქონდა კედელზე მიბმული“.

გავა წლები და 1988 წელს პირველად დაიბეჭდება ვახტანგ ჯავახაძის ცნობილი „უცნობი“ - წიგნი გალაკტიონზე, რომელშიც მკითხველი პირველად ნახავს გალაკტიონის ჩანახატებსაც. ამ წიგნის ტირაჟი წლების განმავლობაში არაერთხელ ამოიწურა. როგორც თავად ვახტანგ ჯავახაძე ამბობს, მალე მეშვიდედ დაისტამბება. ჩანახატების ნაწილი დღეს გალაკტიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმშია გამოფენილი, დიდი ნაწილი კი ლიტერატურის მუზეუმში ინახება:

„გალაკტიონის ნახატები არ იყო ცნობილი ყველასთვის. როცა ჩემი „უცნობი“ გამოვეცი, მაშინ პირველად დავბეჭდეთ. როცა ლექსებს წერდა, იქვე მიახატავდა ხოლმე რამეს. გალაქტიონის 25-ტომეულის ბოლო ტომი სულ მისი ჩანახატებისგან შედგება. იცით, რამდენი ნახატია? 2 060“.

გალაკტიონის კარადა და წიგნები, სახლ-მუზეუმი
გალაკტიონის კარადა და წიგნები, სახლ-მუზეუმი

აქ, ამ სახლში, მარჯანიშვილის ქუჩაზე, სადაც დღეს გალაკტიონის სახლ-მუზეუმია, გალაკტიონმა 24 წელი იცხოვრა. როგორც ვახტანგ ჯავახაძე მოგვითხრობს, ამ სახლში დააპატიმრეს მისი მეუღლე, ოლია ოკუჯავა, რომელიც ჯერ გადაასახლეს, შემდეგ კი დახვრიტეს. შემორჩა წერილები, რომლებსაც გალაკტიონი და ოლია წლების განმავლობაში წერდნენ ერთმანეთს: აი, ნაწყვეტი ერთ-ერთი მათგანიდან, 1914 წლის 24 ივლისით დათარიღებული: „სალამი, ოლოლ! ეხლა, უთუოდ ბედნიერათ ცხოვრობ, არა? თუ ეს ასეა, ჩვენ მაშინ თანასწორ მდგომარეობაში ვიქნებით. მე არას დროს, მთელი ჩემი სიცოცხლის განმავლობაში, იმდენი ჩუმი და მყუდრო ბედნიერება არ გამომიცდია, რამდენიც ეხლა, სოფელში ყოფნის დროს. წარმოიდგინე სოფელი, ქალაქის დრტვინვასა და მოუხეშავ ცხოვრებას დაშორებული, შორი, თვალუწვდენელი მინდვრები. იქით კიდევ მუდმივი მწვანით შემოსილი მთები. ახლა მინდვრებზე სულ სიმინდია დათესილი. ალაგ-ალაგ გაუვალი ტყეებია, მათ სიგრილეში დასვენებას და ოცნებობას არა-სჯობს რა. ჩვენი სახლის მახლობლათ სულ ორმოც საჟენზე მდინარე რიონი ჩამოდის. მე და ტიტე დღეში სამჯერ ვბანაობთ ხოლმე შიგ: დილას, შუადღისას და საღამოს. ვკითხულობთ ერთად წიგნებს, რაც კი გაგვაჩნია...მშვიდობით, გკოცნი, გკოცნი და გკოცნი“... და ბოლოს გალაკტიონის ხელმოწერა: შენი მარადის და მარადის იქითაც გალაკტიონი.

გალაკტიონის კედელზე მიბმული ფანქარი
please wait

No media source currently available

0:00 0:02:42 0:00

გალაკტიონის სიკვდილის შემდეგ სახლი გაიყიდა, იქ 40 წელი სხვები ცხოვრობდნენ და გალაკტიონის კვალიც ნაწილობრივ წაიშალა - სახლ-მუზეუმი იქ მხოლოდ 1999 წელს გაკეთდა, როდესაც სახელმწიფომ ეს ბინა მეპატრონისგან გამოისყიდა. როგორც ვახტანგ ჯავახაძემ გვიამბო, ეს სახლი ბანკს აუშენებია მწერლებისათვის - „ბანკის სახლს“ ეძახდნენ თურმე. ათი მწერალი შეუსახლებიათ. გალაკტიონს მეორე სართული აურჩევია.

ამ სახლის ერთ-ერთ კედელზე, გალაკტიონის მაგიდის თავზე, დღესაც კიდია ქუთაისში აკაკი წერეთლის პოეზიის საღამოს შემდეგ გადაღებული ფოტო. შუაგულში თავად აკაკი ზის, გვერდით - იროდიონ ევდოშვილი და დავით კლდიაშვილი და გარშემო ახალგაზრდა მწერლები. გალაკტიონი ამ ფოტოზე აკაკისგან ყველაზე შორს დგას. ამ ფოტოსგან გააკეთა თურმე გალაკტიონმა ფოტომონტაჟი, სადაც ის აკაკის გვერდით დგას.

გალაკტიონის სახლ-მუზეუმში დაცული პოეტის უბის წიგნაკი
გალაკტიონის სახლ-მუზეუმში დაცული პოეტის უბის წიგნაკი

გალაკტიონის სახლ-მუზეუმში დაცულ ნივთებს შორის არის პოეტის უბის წიგნაკიც, ერთ-ერთი იმ მრავალთაგან, რომლებშიც გალაკტიონი ჩანაწერებს აკეთებდა. თუმცა, როგორც ვახტანგ ჯავახაძემ იცის გადმოცემით, ეს სწორედ ის წიგნაკია, რომელიც გალაკტიონს სიცოცხლის სულ ბოლო დღეს ედო ჯიბეში:

„ჩვენთანაა დაცული ის ბლოკნოტი, რომელიც გალაკტიონს ჯიბეში ედო, როცა თავი მოიკლა. გვაქვს გალაკტიონისეული რუსული ენციკლოპედია, რომელიც მისმა გერმა აჩუქა მუზეუმს, გალაკტიონის მაგიდა და კარადა. დანარჩენი ნივთები, ჩანაწერები, მისი სიკვდილის შემდეგ ჯერ დალუქეს და შემდეგ ლიტერატურის მუზეუმს გადასცეს და იქ ინახება“.

ლიტერატურის მუზეუმში გალაკტიონის ყველაზე მეტი მემორიალური ნივთია დაცული. გალაკტიონის პაპიროსის კოლოფის, „რეკორდის“, ნაწილი, მისი კალამი, ყუთის გასაღები, ალბომები, ფიჭვის ნაჭერი გალას მინაწერით, პოეტის ჰალსტუხი, მისი ჩემოდანი, გალაკტიონის ფოტოაპარატი „კიევი“, მისი ჭილის ქუდი, მისი პორტფელი, კლიშე, ფაქსიმილეთი გალაკტიონი, 1956 წლის მაგიდის კალენდარი გალაკტიონის ჩანახატებით, მისი სამკერდე ნიშანი და 1935 წელს პარიზიდან ჩამოტანილი საბეჭდი მანქანა „სოპტონი“. როგორც ლიტერატურის მუზეუმის დირექტორმა, ისტორიკოსმა ლაშა ბაქრაძემ გვითხრა, მუზეუმში, ფაქტობრივად, გალაკტიონის მთელი მემკვიდრეობაა დაცული:

გალაკტიონის საბეჭდი მანქანა, ლიტერატურის მუზეუმი
გალაკტიონის საბეჭდი მანქანა, ლიტერატურის მუზეუმი

„ეს არ არის, ცხადია, მხოლოდ ხელნაწერები. ჩვენთან ინახება ძალიან ბევრი ფოტო, ნახატი, ნივთი. ცნობილია, რომ გალაკტიონს უყვარდა სიგარეტის კოლოფების შეგროვება და ჩვენთან არის მრავალი ასეთი კოლოფი - ზედ მინაწერებით. ეს კოლოფები თავისი დიზაინითაც საინტერესოა“.

სწორედ ლიტერატურის მუზეუმის მომზადებული და გამოცემულია გალაკტიონის ყველაზე სრული 25-ტომეული, რომელშიც, როგორც ლაშა ბაქრაძემ გვითხრა, მუზეუმის თანამშრომლების, მათ შორის, თეა თვალავაძის დიდი შრომაც დევს. გაიშიფრა და ამ გამოცემაში შევიდა გალაკტიონის თითქმის ყველა მინაწერი - პატარა ფურცლებზე ჩაწერილი ტექსტები, სიგარეტის კოლოფებზე გაკეთებული ჩანაწერები. ამის შემდეგ ლიტერატურის მუზეუმმა გადაწყვიტა მთელი მასალა, რაც კი მის კედლებში იყო დაცული, ელექტრონულ ბაზად ექცია და ასე გაჩნდა საიტი www.galaktion.ge, სადაც დოკუმენტირებულია ყველა აუდიო, ფოტო, ტექსტუალური მასალა და ამ საიტის განახლება-შევსება დღესაც გრძელდება.

საიტზე სხვა აუდიოჩანაწერებთან ერთად შესაძლებელია ხმის მოსმენაც, სადაც მოკლე შესავლის შემდეგ გალაკტიონი თავის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ლექსს, „მთაწმინდის მთვარეს“, კითხულობს.

გალაკტიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმი დღეს ცვლილებების რეჟიმში მუშაობს. როგორც თბილისის მუზეუმების გაერთიანებაში ამბობენ, იქ ბევრი სიახლე იგეგმება. ლიტერატურის მუზეუმშიც, თუ, ცხადია, შენობა გარემონტდება, შესაძლოა გაჩნდეს სივრცე, სადაც გალაკტიონის მუდმივმოქმედი გამოფენა მოეწყობა და პოეტის ყველა ნივთი თუ ხელნაწერი გამოიფინება.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG