მარჯანიშვილის მოედანზე, გერმანელი ტყვეების მიერ აშენებულ სახლში - იქ, სადაც 1947 წლიდან 1992 წლამდე ცხოვრობდა ბალეტის ცნობილი მოცეკვავე და ქორეოგრაფი ვახტანგ ჭაბუკიანი - დღეს მისი მემორიალური სახლ-მუზეუმია. 27 თებერვალს მუზეუმში განახლებული ექსპოზიცია გაიხსნება, კედელზე კი პირველად გამოჩნდება ვარსკვლავი, რომელიც ჭაბუკიანის სახელს ატარებს. ამ სახლში დღემდე ინახება დიდი მაესტროს სასცენო კოსტიუმები, წერილები, მისი როიალი, პაპიემაშეს ყელსაბამი ბალეტ „ოტელოდან“, მისი რადიომიმღები, მისი ხელჯოხი და სხვა პირადი ნივთები... ჭაბუკიანის მემორიალურ სახლ-მუზეუმში დაცული ყველა ნივთი სცენის ვარსკვლავის მრავალწლიანი დიდების ამბებს მოგვითხრობს.
ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ სახლ-მუზეუმში სამუშაოები ექსპოზიციების განსაახლებლად თითქმის დასრულდა. შესასვლელში ჯერ კიდევ დგას საღებავის სუნი. საგამოფენო დარბაზში ბალეტმაისტერის უზარმაზარი ფოტოა. ეს კადრია 1937 წელს დადგმული სპექტაკლიდან „პარტიზანული დღეები“.
გამოიფინება ის ექსპონატებიც, რომელთა ნაწილი ფონდებში იყო დაცული. დარბაზის ცენტრალურ კედელზე კი უკვე „ანთია“ ჭაბუკიანის ვარსკვლავი, რომელიც დიდი მოცეკვავის სახელს ატარებს. ფონდშია დაცული საერთაშორისო ასტროლოგიური კატალოგის (კოსმოსი-დედამიწა) სერტიფიკატიც, რომლის თანახმად, უსახელო ვარსკვლავს გედის თანავარსკვლავედში ვახტანგ ჭაბუკიანის სახელი მიენიჭა:
„გარდა იმისა, რომ ვახტანგ ჭაბუკიანი თავად იყო მოვლენა და ბალეტის ვარსკვლავი, 1996 წლიდან მის სახელს ატარებს ნამდვილი ვარსკვლავიც, რომელსაც აქვს თავისი სარეგისტრაციო ნომერი და ამის დამადასტურებელი დოკუმენტი მუზეუმის ფონდში ინახებოდა. ეს ვარსკვლავი გედის თანავარსკვლავედშია. ჩვენ ვეცადეთ ეს ამბავი კედელზე გამოგვეტანა, რომ ყველას ენახა და გაეგო. ჭაბუკიანზე სულ ამბობდნენ, რომ ის მსოფლიო ქორეოგრაფიას როგორც კომეტა, ისე მოევლინა... გვინდოდა, რომ ეს ამბავიც გამოტანილი ყოფილიყო სამუზეუმო სივრცეში“, - გვეუბნება თბილისის მუზეუმების გაერთიანების დირექტორი ნინი სანადირაძე.
ექსპოზიციის ნაწილია ფილმიც ვახტანგ ჭაბუკიანზე, რომელიც მუდმივად იქნება ნაჩვენები ამავე დარბაზში განთავსებულ ეკრანზე - მუზეუმებისთვის დამახასიათებელ სიჩუმეს ჭაბუკიანის სპექტაკლების მუსიკა დაარღვევს.
ლეგენდარულმა მოცეკვავემ ამ სახლში სიკვდილამდე, 1992 წლამდე, იცხოვრა. მოპირდაპირე სახლში ასევე ცნობილი ბალერინა ვერა წიგნაძე ცხოვრობდა - ჭაბუკიანის დიდი ხნის პარტნიორი საბალეტო სცენაზე. მუზეუმად ჭაბუკიანის საცხოვრებელი ბინა 2000 წელს გადაკეთდა და 2003-ში ოფიციალურად გაიხსნა. ბევრი ნივთი იმავე ადგილას დარჩა, სადაც დიდი მოცეკვავის სიცოცხლეში იყო. ზოგს ადგილი შეუცვალეს, უფრო თვალსაჩინო რომ გამხდარიყო. წყნეთის აგარაკიდანაა წამოღებული დიდი სარკე კედელზე და როიალი, რომელთანაც არაერთი ცნობილი ბალეტის მუსიკალური თემა დაწერილა, დახვეწილა. დღემდე შემორჩა ამ როიალთან თავმოყრილი ვახტანგ ჭაბუკიანის, ალექსი მაჭავარიანის თუ სულხან ცინცაძის ფოტოები - „ოტელოსა“ და „დემონის“ მუსიკა იქმნებოდა...
როიალის გვერდით ჭაბუკიანის პატარა მაგიდა დგას, რომელიც თურმე საწოლთან ედგა და რომელზეც ჩაის მიირთმევდა ხოლმე. მაგიდაზე გრავიურა დევს, ვახტანგ ჭაბუკიანის პორტრეტი, ანდრო ჭაბუკიანის ავტორობით. ექსპოზიციის მენეჯერი ნელი ნადარეიშვილი გვიამბობს, რომ დიდი სარკე წყნეთის სახლში ბუხრის თავზე ეკიდა და მოსწავლეებთან რეპეტიციების დროს იყენებდა.
„ძალიან უყვარდა ცხოველები. ხედავთ, სულ ძაღლების ფიგურებია ამ ვიტრინაში... ეს ხალიჩაც მისია, ეს კარადა და შირმა, რომელიც საწოლთან ედგა. ეს კი სამკლაურები და მძივია სპექტაკლ „ოტელოდან“, ეს კი ალბომია, მისი ინიციალებით“.
ნელი ნადარეიშვილი იმ ვიტრინას უახლოვდება, სადაც ჭაბუკიანი-ვეჩესლოვას ცნობილი ამერიკული ტურნეს ამსახველი აფიშები და პროგრამებია გამოფენილი. 1933 წელია, საბჭოთა კავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის პირველად მყარდება დიპლომატიური ურთიერთობები, ჭაბუკიანი კი ამ ამბის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია. ის და მისი პარტნიორი სულ ახალგაზრდები არიან, 23-24 წლისანი - ამბავს კი ჭაბუკიანის ბიოგრაფიის მკვლევარები ასე ჰყვებიან:
„ამერიკული პრესა თურმე წერდა, რომ საბჭოეთში განადგურებულია ინტელიგენცია, ხელოვნება აღარ არსებობს და მხოლოდ დათვის ტყაპუჭებში გახვეული „მუჟიკები“ დადიანო. საბჭოთა ჩინოვნიკებს, ცხადია, ძლიერ სურდათ ამ ხმების გაქარწყლება და წარმოდგენების შეცვლა და მათ 23 წლის ვახტანგ ჭაბუკიანი გაგზავნეს ამერიკაში. თავად მას მისცეს ნება აერჩია პარტნიორიც. გამოარჩიეს ყველასგან და სწორედ მას ანდეს ეს მისია. ის და ტატიანა ვეჩესლოვა ჯერ ბალტიისპირეთის ქვეყნებში მართავდნენ სპექტაკლებს, შემდეგ კი გემით „ევროპა“ ჩავიდნენ ამერიკაში, სადაც ჯერ „კარნეგი ჰოლში“ იცეკვეს, შემდეგ კი ტრიუმფით მოიარეს მთელი ამერიკა“, გვიამბობს მუზეუმის ექსკურსიამძღოლი გოჩა ნიკაოლაიშვილი.
სწორედ იქ შეხვდა ჭაბუკიანი პირველად ჯორჯ ბალანჩინის და მსოფლიო ბალეტის სხვა არაერთ ცნობილ ლეგენდას. ამერიკაში მას დიდი მომავალი უწინასწარმეტყველეს. წლების შემდეგ კი, სიკვდილამდე ერთი წლით ადრე, ჭაბუკიანის 80 წლისადმი მიძღვნილ ბენეფისს, რომელიც დიაგილევის ცენტრში გაიმართა, ამშვენებდა წარწერა „მოცეკვავე, რომელიც საუკუნეში ერთხელ იბადება“. 1966 წლამდე, მის ბოლო გამოჩენამდე სცენაზე, ჭაბუკიანის ყველა სპექტაკლი ანშლაგით მიდიოდა. ის მოვლენა იყო მსოფლიოსთვის და ქართული საბალეტო ხელოვნების რეფორმატორი და ქართული საბალეტო დასის შემქნელი - საქართველოსთვის.
„ჭაბუკიანი თავად წერდა, რომ როდესაც ლენინგრადში მივდიოდი, მაშინ უკვე ჩაფიქრებული მქონდა, რომ ქართული ბალეტი ამეღორძინებინაო“, - ამბობს გოჩა ნიკოლაიშვილი.
თუმცა მაშინდელ ლენინგრადამდე - ჯერ საკავშირო და შემდეგ მსოფლიო აღიარებამდე - გრძელი და რთული გზა იყო გასავლელი. ჭაბუკიანის მამა, მიხეილი, ქალაქელი ხელოსანი იყო. ხელმოკლედ ცხოვრობდნენ. ჭაბუკიანი მარია შევალიეს სახელოსნოში მუშაობდა, სადაც მუყაოს სათამაშოებსა და მოწნულ კალათებს ამზადებდნენ, ყიდდნენ და ამით ღარიბ ოჯახებს ეხმარებოდნენ. ჭაბუკიანის სიყვარული ცეკვის მიმართ აშკარა იყო - მარია შევალიემ მას „ბზრიალა“ შეარქვა. სწორედ მადამ შევალიეს დახმარებით აღმოჩნდა ვახტანგ ჭაბუკიანი მაშინ ცნობილ პერინის საცეკვაო სტუდიაში, სადაც მას უფასოდ ასწავლიდნენ. ნელი ნადარეიშვილი მოგვითხრობს:
„შევალიე იხსენებდა ჭაბუკიანზე, ძალიან ამაყი იყო და თავისი დაკონკილი ტანსაცმლით რომ გამეგზავნა იმ სტუდიაში, იუკადრისებდა, ამიტომ ვითომ შემთხვევით გავგზავნე, კალათები გავატანე პერინის სტუდიაშიო. იქ კი ჭაბუკიანს უკვე ელოდნენ - სტუდიაში მისულ ბალეტის მომავალ ლეგენდას თურმე თვალები აენთო და იქ დაავადდა კიდეც ცეკვით“.
სხვადასხვა წყაროში ჭაბუკიანის ლენინგრადის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში წასვლის ამბავი სხვადასხვაგვარად შემორჩა. ერთი ვერსიით, ჭაბუკიანს ლენინგრადში წასვლასა და ამ სასწავლებელში მოხვედრაში მისი და, ეკატერინე, დაეხმარა. წლების შემდეგ ჭაბუკიანი ლენინგრადში ჩასვლას ასე იხსენებდა:
„როდესაც ჩავედი, შემოდგომის წვიმიანი დღე იდგა. მქონდა ერთი ფეხსაცმელი და ერთი შარვალი, ისიც წვიმისგან მთლიანად სველი. თითქოს ქალაქიც ისე დამხვდა, აქ რისთვის ჩამოხვედიო“.
1930 წელს „დონ-კიხოტში“ ბაზილის პარტია იცეკვა. ჭაბუკიანი მაშინ 20 წლის იყო. ტატიანა ვეჩესლოვა წლების შემდეგ იხსენებდა, სცენაზე რომ გამოვიდოდა და წრეს დაარტყამდა, დარბაზი გაყინული იჯდა და მერე ტაშით ინგრეოდაო. ჭაბუკიანის სახლ-მუზეუმის ფონდში დღესაც არის დაცული ფოტო, რომელზეც ერთ-ერთ აეროპორტში ჭაბუკიანისა და ვეჩესლოვას შეხვედრაა აღბეჭდილი, მათი პირველი შეხვედრიდან კი 30 წელია გასული.
მუზეუმში ინახება განქორწინების დღეს გალინა კუზნეცოვას მიერ ჭაბუკიანისადმი მოწერილი წერილიც. ჭაბუკიანმა და კუზნეცოვამ ერთად რამდენიმე წელი იცხოვრეს. წერილში კი კუზნეცოვა წერდა:
„დღეს მაქვს უფლება უკანასკნელად ვიამაყო ჩემი საყვარელი, ნიჭიერი მეუღლით.. ძვირფასო ვახტანგ, მთელი გულით გისურვებ ყველაფერ საუკეთესოს... სამუდამოდ ვრჩები შენს ერთგულ მეგობრად... შენი გალია“.
„1966 წელს იცეკვა ბოლოს. მისი დისშვილი, ფაქტობრივად შვილობილი, ცნობილი ბალერინა ეთერ მაჭავარიანი ტრაგიკულად დაიღუპა და ამ ამბის შემდეგ ვახტანგ ჭაბუკიანს აღარც უცეკვია. ამას დაემატა კონფლიქტური სიტუაციები და 1973 წელს ჭაბუკიანი, ფაქტობრივად, გაუშვეს ოპერისა და ბალეტის თეატრიდან, ქორეოგრაფიული სასწავლებლიდან და, ცხადია, ამას სიცოცხლის ბოლომდე ძალიან განიცდიდა“.
ნელი ნადარეიშვილი და გოჩა ნიკოლაიშვილი მოგვითხრობენ, რომ ჭაბუკიანის ცხოვრების ბოლო წლები ტრაგიზმით იყო სავსე. დღეს მუზეუმში შენახულია ჭაბუკიანის ხელჯოხი, რომელიც მოცეკვავეს ბოლო წლებში სულ თან ჰქონდა. ნელი ნადარეიშვილს ამ ხელჯოხთან განსაკუთრებული დამოკიდებულება და ერთი სევდიანი ამბავიც აკავშირებს:
„ვახტანგ ჭაბუკიანს გარდაცვალებამდე რამდენიმე ხნით ადრე შევხვდი. ჭავჭავაძის „ლეჩკომბინატში“ იწვა, მე კი ერთი ადამიანი უნდა მიმეცილებინა მისი პალატის კარამდე. რომ დავაკაკუნე და შევედი პალატაში, ჯოხზე იყო დაყრდნობილი და ვისაც მივყევი (მის პარტნიორს), ისიც ჯოხზე იყო დაყრდნობილი. ისეთი სცენა იყო, სულ მემახსოვრება - ორი ადამიანი, რომლებიც სცენას იპყრობდნენ, თავისუფლად ვეღარ მოძრაობდნენ. ძალიან მძიმე საყურებელი იყო“.
ვახტანგ ჭაბუკიანის სასცენო კოსტიუმები დღეს უკვე მუზეუმის ექსპონატებია - ისევე როგორც საშუალო ზომის შავი ჩემოდანი, რომელსაც ამ კოსტიუმებთან ერთად მთელი მსოფლიო აქვს შემოვლილი. ამ ჩემოდნით იმოგზაურა ანდრეის კოსტიუმმა ბალეტ „ტარას ბულბადან“. ანდრეის პარტიამ, ანდრეისა, რომელიც თავისთავად უარყოფითი გმირი იყო, ჭაბუკიანის ცეკვის წყალობით, ამ სპექტაკლის ყველა დადებითი გმირი დაჩრდილა, გვიამბობს მუზეუმის ფონდის მცველი ნათია მიქიაშვილი.
„ეს კი ფენიქსის კოსტიუმია, „წითელი ყაყაჩოდან“. ესეც ორიგინალია. ფონდში დაცულია მისი სხვა პირადი ნივთებიც, მისი ფეხსაცმელი, მაისური, ჰალსტუხები, მისი მძივი სპექტაკლ „ოტელოდან“...
ვახტანგ ჭაბუკიანის მუზეუმის ფონდშია დაცული ბალეტმაისტერის მიერ შესრულებული რამდენიმე სიმღერის ჩანაწერიც. ვახტანგ ჭაბუკიანის სახლ-მუზეუმში განახლებული ექსპოზიცია 27 თებერვალს გაიხსნება - სწორედ იმ დღეს, როცა, 1910 წელს, ვახტანგ ჭაბუკიანი დაიბადა.