Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პატარა კახის, ჰერაკლიუსის ევროპა


ორიოდე წლის წინ ხელოვნების სასახლის დირექტორმა გიორგი კალანდიამ დუბლინში მიაკვლია 200-ზე მეტ საგაზეთო კორესპონდენციას საქართველოსა და ერეკლე მეორის შესახებ. 29 ცნობაში მკითხველს უამბობენ ჰერაკლიუსის, ანუ მეფე ერეკლეს, საგმირო საქმეების შესახებ. ცნობების აბსოლუტური უმრავლესობა ბრიტანულ პრესასა და სამეცნიერო გამოცემებშია გამოქვეყნებული, მცირე ნაწილი კი - ირლანდიაში. პირველი პუბლიკაცია მეფე ერეკლეს შესახებ ბრიტანულ პრესაში 1750 წელს ჩნდება. რას წერს მეთვრამეტე საუკუნის ბრიტანული და ირლანდიური პრესა მეფე ერეკლეს შესახებ?

პატარა კახის, ჰერაკლიუსის ევროპა
please wait

No media source currently available

0:00 0:12:42 0:00
გადმოწერა

ირლანდიის ეროვნული ბიბლიოთეკა, რომელიც განუსაზღვრელ შესაძლებლობას აძლევს ადამიანს ეძიოს და იპოვოს მისთვის საინტერესო ინფორმაცია, თუნდაც საუკუნეების წინანდელი, ნამდვილ საგანძურად იქცა ხელოვნების სასახლის დირექტორის, გიორგი კალანდიასთვის. 2014 წლის ზაფხულში ირლანდიის ეროვნულ ბიბლიოთეკას ის სულ სხვა მიზნით ესტუმრა. ხელოვნების სასახლე ემზადებოდა წიგნის გამოსაცემად, რომელიც ქართული ტექსტილის ისტორიას ეძღვნებოდა, ბიბლიოთეკის საძიებო სისტემამ კი გიორგი კალანდია ქართული ტექსტილიდან მეფე ერეკლემდე მიიყვანა. მან ბიბლიოთეკის საცავებში აღმოაჩინა ინფორმაცია, რომ მეთვრამეტე საუკუნის ბრიტანული და ირლანდიური პრესა ქართლ-კახეთის მეფის, ერეკლე მეორის, იმავე ჰერაკლიუსის შესახებ ძალიან ბევრს წერდა და ეს ინფორმაცია არ იყო შესწავლილი:

„როდესაც უკვე მოვიძიე, რამდენი გაზეთი წერდა მეფე ერეკლეს შესახებ და ეს იყო 29 გაზეთი და რომ ვნახე ინფორმაცია, რომ იყო 200-ზე მეტი კორესპონდენცია, მივხვდი, რომ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი მასალა საქართველოს შესახებ, რომელიც კი დაწერილა უცხოეთში. ლოგიკურად გამიჩნდა სურვილი, რომ დამეწყო კვლევა. და პირველი ნიმუშები რომ გამოვიწერე და ვნახე, რომ აი, მაგალითად, მეფე ერეკლე არის მეფე, რომელმაც მთელ მსოფლიოში მოაწყო „უდიდესი ხმაური“, მახსოვს, ვიფიქრე, ხედავ შენ, ჩვენი პატარა კახი რა დღეში ყოფილა-მეთქი და, რა თქმა უნდა, მერე უკვე გამიჩნდა სურვილი, რომ მეკვლია ეს მასალა“.

იმიტომ რომ ვენის კედლებამდე მიდიან მაჰმადიანი დამპყრობლები და ევროპელებს ძალიან კარგად ახსოვთ ის მარცხი, რომელიც განიცადა ქრისტიანთა ძალებმა ჯერ შავ ზღვაში, შემდეგ აზოვზე, კონსტანტინოპოლზე აღარაფერს ვამბობ, და უკვე ეს ორი დიდი და ძლევამოსილი იმპერია გადასულია ევროპის კონტინენტზე...
გიორგი კალანდია

გიორგის სიტყვასიტყვით ახსოვს ის ცნობა, რომელიც 1766 წლის ბრიტანულ პერიოდულ გამოცემაშია დაბეჭდილი და, როგორც ის ამბობს, „დიდ ხმაურში“ ცნობის ავტორი გულისხმობს 1750-იან წლებს, როდესაც ერეკლე მეფე ამარცხებს ჯერ ნადირ-შაჰის მკვლელობაში მონაწილე მაჰმად ხანს და შემდეგ ყარაბაღის მფლობელ ფანა ხანს. მოგვიანებით, 1760 წელს, ქართველმა მეფემ ტყვედ იგდო სპარსეთის ტახტის ერთ-ერთი უძლიერესი პრეტენდენტი, აზატ ხანი, დაამარცხა ყარაბაღის ხანი, საკუთარი გავლენის ქვეშ მოაქცია შაქის და ნახჭევანის მფლობელები. გიორგი კალანდიას თქმით, ერეკლე ინგლისურენოვან პრესაში პერიოდულად ჩნდებოდა და ყოველი ეს გამოჩენა მის პოლიტიკურ აქტივობებთან ან სამხედრო წარმატებებთან იყო დაკავშირებული. შეიძლება ითქვას, რომ ამ პერიოდის მსოფლიოში მუსლიმ მმართველთა ძლიერების ეპოქა იდგა და ამიტომ ევროპის კონტინენტზე შევიწროებული სახელმწიფოებისთვის განსაკუთრებულ სტიმულად და იმედის მომცემად იქცა კავკასიის ქრისტიანული სახელმწიფოს ლიდერის, ერეკლე II-ის, წარმატებები მუსლიმი მმართველებისა თუ მთავარსარდლების წინააღმდეგ. გიორგი კალანდიას ვარაუდით, რომელზეც ის სწორედ ბრიტანულ და ირლანდიურ პრესაზე დაყრდნობით ლაპარაკობს, ერეკლე მეფის წარმატებებმა ევროპას იმედი გაუჩინა:

„იმიტომ რომ ვენის კედლებამდე მიდიან მაჰმადიანი დამპყრობლები და ევროპელებს ძალიან კარგად ახსოვთ ის მარცხი, რომელიც განიცადა ქრისტიანთა ძალებმა ჯერ შავ ზღვაში, შემდეგ აზოვზე, კონსტანტინოპოლზე აღარაფერს ვამბობ, და უკვე ეს ორი დიდი და ძლევამოსილი იმპერია გადასულია ევროპის კონტინენტზე და აი, წარმოიდგინეთ, ევროპის ბოლოში, ანუ ევროპის კედელთან, - ასეა მოხსენიებული, ევროპის უკიდურესი კედელი, - აი, ამ გალავანზე გამოჩნდა ერთი მეციხოვნე, რომელმაც ძლევამოსილ მმართველებს შეუტია. და გაჩნდა მოლოდინი, რომ ერეკლე მათ დაამარცხებდა. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ და მხოლოდ მოლოდინი იყო, მაგრამ ერეკლე გამოიკვეთა როგორც დიდი პოლიტიკური ფიგურა მაშინდელი ევროპელებისათვის“.

და ახმაურდა ბრიტანული პრესა. ერეკლე მეორეზე წერს მეთვრამეტე საუკუნის „ლონდონ ივნინგ პოსტ“, „ლონდონ ქრონიქლ“, „უაიტჰოლ პოსტ“, „დეილი ედვერთაიზერ“, „მორნინგ ქრონიქლ“, „ოლდ ინგლენდს ჯორნალ“... გიორგი კალანდიამ ირლანდიის ეროვნულ ბიბლიოთეკაში სულ 29 გამოცემა მოიპოვა, რომლებიც ერეკლე მეორისა და მისი საქმეების შესახებ აქტიურად წერდნენ. ხელოვნების სასახლის დირექტორის თქმით, დასავლურ სამყაროს მანამდე არც ერთი ქართველი მონარქის მიმართ არ გამოუჩენია მსგავსი ყურადღება. მეტიც, მეფე ერეკლე ევროპულმა პრესამ ერთგვარად რომანტიკულ საბურველში გახვია. ამ დამოკიდებულების ერთ-ერთ საუკეთესო ილუსტრაციად შეიძლება მივიჩნიოთ „London Magazine On Gentlman’s monthly Intelligencer“-ში 1755 წელს დაბეჭდილი ერეკლე მეფის დახასიათება:

“თუ იმ ადამიანებს ვენდობით, ვინც იგი ნახა და გაიცნო, ის აღმოსავლეთის ყველაზე გამოცდილი პრინცია. ასაკით 27 წლისა, გამაოგნებელი გულადობა შესანიშნავად ერწყმის ბრძენკაცურ სიმშვიდეს. უკიდეგანო გამოცდილება, უძლეველი ვაჟკაცობა, სანიმუშო ღირსება, კეთილშობილებით სავსე სამართლიანობა და უსაზღვრო სივრცე აზროვნებისა. მისმა ღირსებებმა ის საკუთარი ხალხისა და ჯარისკაცების კერპად, მეზობლების აღფრთოვანების საგნად და მტრების შიშის ზარად აქცია! მისი სიმაღლე საკმაოზე მეტია, სხეული კარგად ჩამოსხმული, სახის წყობა მიმზიდველი, მისი მანერები და ტანსაცმელი უბრალოა, თუმცა მთლიანობაში ეს პიროვნება ისეთ დიდებულ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ მას საკუთარი სასახლის ღირსეულ პრინცად და არმიის შესანიშნავ გენერლად აღიქვამ. მე ჰერაკლიუსის ხასიათის შესახებ მხოლოდ სიმართლეს ვამბობ და რა უნდა იყოს სხვა მისგან მოსალოდნელი, პრინცისაგან, რომელმაც საკუთარ თავში ამდენი ბრწყინვალე თვისება გააერთიანა, რომელიც ძლევამოსილად ფლობს საქართველოს და სპარსეთის სომხეთის ორ დიდებულ სამეფოს, ვისაც გააჩნია ყველაზე დიდი უპირატესობა იყოს აღმოსავლეთის უმამაცესი ერების მთავარსარდალი, იმ ხალხისა, რომელიც საკუთარი პრინცისა და ქრისტიანული რწმენის დასაცავად დაუფიქრებლად გაწირავს თავს”.

მერი ხარაიშვილმა ანა ბაკურიძესთან ერთად თარგმნა ის 200-ზე მეტი ცნობა, რომელიც ერეკლე მეორის შესახებ გიორგი კალანდიამ ირლანდიის ეროვნულ ბიბლიოთეკაში მოიპოვა. მათ თარგმნის პროცესში დახმარებას უწევდა საქართველოში მცხოვრები ინგლისელი მწერალი ქეითი დეივისი. მერი ხარაიშვილის თქმით, მათი უპირველესი ამოცანა იყო ზედმიწევნით ზუსტად ეთარგმნათ მოპოვებული ინფორმაცია და აღედგინათ ის რეალობა, რომელზეც მეთვრამეტე საუკუნის ბრიტანული პრესა წერდა. მერის თქმით, საქმეს ართულებდა ისიც, რომ, ცხადია, ცნობები თანამედროვე ინგლისური ენით არ იყო დაბეჭდილი:

„ცნობები ძირითადად მოიცავდა ძველ ინგლისურ სტილს, ანუ ენას, და ჩვებ გვქონდა საკმაოდ რთული ამოცანა, რომ ჩვენ ერთგვარი შეჩვევის მომენტიც გვქონოდა და ტექსტებთან მუშაობის დროც“.

აღსანიშნავია კიდევ ერთი რამ. ერეკლე მეორის შესახებ ინფორმაცია იბეჭდებოდა არა მხოლოდ გამოცემების შიდა გვერდებზე, არამედ ქართლ-კახეთის მეფის თაობაზე ბრიტანული პრესა პირველ გვერდებზე აქვეყნებდა ინფორმაციას. ისიც უნდა ითქვას, რომ ცნობები, რომლებიც ბრიტანულ პრესაში ქვეყნდება, ხანდახან დაუჯერებელიც კია. მეთვრამეტე საუკუნის პრესაში გამოქვეყნებული ცნობების გადამოწმება, რიგ შემთხვევაში, შეუძლებელიც კი ხდება. ასე მაგალითად, 1766 წლის „ლონდონ მაგაზინი“ სტატიაში, სათაურით „ანგარიში საქართველოს პრინცის ჰერაკლიუსის შესახებ“, ვრცლად აღწერს ერეკლეს ევროპულ თავგადასავალს. ამ ცნობის შესახებ გვესაუბრება კიდევ ერთი მთარგმნელი, ანა ბაკურიძე. ცნობაში წერია, რომ ერეკლე მეორე ვულვიჩის სამხედრო სასწავლებელში სწავლობდა, თუმცა მისმა ფინანსურმა მდგომარეობამ სწავლის გაგრძელების საშუალება არ მისცა და იგი იძულებული გახდა აკადემია მიეტოვებინა:

„თუნდაც, მაგალითად, ვულვიჩის აკადემიაში მისი სწავლა გვაფიქრებინებს იმას, რომ მას შეეძლო ევროპაში მოგზაურობა, სწავლა და შეხვედრების გამართვა, თუმცა, სამწუხაროდ, პირდაპირ ცნობები ამის შესახებ არ არის“.

ჩვენ გავიზარდეთ იმ ეპოქაში, როდესაც საბჭოთა ისტორიოგრაფიას დიდად არ მოსწონდა ჩვენი მეფეების ევროპული ორიენტაცია და ამან, მიმაჩნია, რომ ნამდვილი რეალობა დაკარგა. დიახ, შეიძლება ეს თამამად ჟღერს, მაგრამ ერეკლე - ეს არის პირველი ქართველი მონარქი, რომელსაც ჰქონდა ასეთი ძლიერი ლტოლვა და ორიენტაცია ევროპისაკენ...
გიორგი კალანდია

გიორგი კალანდია ჰყვება, რომ ერეკლე მეფის ევროპაში მოგზაურობისა და სწავლის შესახებ მისი თანადროული ოფიციალური ქართული საისტორიო ქრონიკა დუმს. ეს საკითხი არც საბჭოთა მეცნიერების მიერ ყოფილა აქტიურად შესწავლილი და მხარდაჭერილი. თუ ერეკლემ მართლა იმოგზაურა ევროპაში, რა არის ამ საკმაოდ ხანგრძლივი დუმილის მიზეზი? გიორგი კალანდია ფიქრობს, რომ, რა თქმა უნდა, ამ ფაქტს ლოგიკური ახსნა აქვს. იმ შემთხვევაში, თუ მოგზაურობა ნამდვილად განხორციელდა და, მით უფრო, საიდუმლოდ, ეს მოვლენა, ცხადია, ნაკლებად მოხვდებოდა თანადროულ ისტორიულ ქრონიკაში. სპარსეთისა და ოსმალეთის შესაძლო განრისხების შიშით აღნიშნული ფაქტის მიჩქმალვას აქტიურად ეცდებოდა იმდროინდელი სამეფო კარი. ერეკლესა და ევროპის ურთიერთობაზე, ცხადია, არც რუსული საიმპერიო ისტორიოგრაფია იტყოდა რამეს, ისტორიოგრაფია, რომელსაც ქართველი ხელმწიფე მხოლოდ რუსული პოლიტიკის ორბიტაზე მოძრავ თანამგზავრად მიაჩნდა და აქედან გამომდინარე, არ სურდა მისი ევროპული კავშირების ძიება და გამომზეურება. ხელოვნების სასახლის დირექტორის თქმით, იმავე მიზეზით დუმდა, ალბათ, საბჭოთა ისტორიოგრაფიაც, რომელიც ქართლ-კახეთის სამეფოსა და რუსეთის იმპერიას შორის გაფორმებულ გეორგიევსკის ტრაქტატს გარდაუვალ და უალტერნატივო ისტორიულ მოვლენად მიიჩნევდა. გიორგი კალანდია ამბობს, რომ დანამდვილებით იმის მტკიცება, რომ ერეკლემ ევროპაში იმოგზაურა და, მით უფრო, სწავლა-განათლება მიიღო, ძალიან ძნელია, თუმცა ისიც ცხადია, რომ ევროპული წყაროების დაჟინებული მტკიცება ახალგაზრდა ქართველი უფლისწულის ინგლისსა და პრუსიაში მოგზაურობის შესახებ უსაფუძვლო ვერ იქნებოდა. როდის შეიძლებოდა ემოგზაურა პატარა კახს დასავლეთში? ასეთ დროდ გიორგი კალანდია მოიაზრებს 1739-1744 წლებს, როდესაც ერეკლე აქტიურ ქართულ პოლიტიკურ არენაზე არ ჩანს. სწორედ ამ პერიოდში იქმნება ვულვიჩის სამხედრო აკადემიაც:

„ამ ცნობებმა გააჩინა სურვილი, რომ კიდევ უფრო კარგად გამოვიკვლიოთ ეს ამბავი. თუმცა ის, რომ ერეკლემ ევროპაში იმოგზაურა საიდუმლოდ და ამაზე წერენ ევროპელი ჟურნალისტები და მას წარმოაჩენენ კავკასიის პეტრე დიდად, ეს უკვე ძალიან ბევრ საინტერესო რამეზე მეტყველებს“.

გიორგი კალანდია ფიქრობს, რომ ირლანდიის ბიბლიოთეკაში მოძიებული ცნობების გამოქვეყნება რადიკალურად შეცვლის საზოგადოების დამოკიდებულებას ერეკლე მეფისადმი:

„ჩვენ გავიზარდეთ იმ ეპოქაში, როდესაც საბჭოთა ისტორიოგრაფიას დიდად არ მოსწონდა ჩვენი მეფეების ევროპული ორიენტაცია და ამან, მიმაჩნია, რომ ნამდვილი რეალობა დაკარგა. დიახ, შეიძლება ეს თამამად ჟღერს, მაგრამ ერეკლე - ეს არის პირველი ქართველი მონარქი, რომელსაც ჰქონდა ასეთი ძლიერი ლტოლვა და ორიენტაცია ევროპისაკენ. ჩვენ ვაქვეყნებთ მეფე ერეკლეს წერილებს ვენეციის დოჟებისადმი, პრუსიის მეფისადმი, ავსტრიის იმპერატორისადმი და სხვა. ჩვენ არ გვყავს არც ერთი ქართველი მეფე, რომელსაც ამდენი წერილი მიუწერია ევროპაში. არ მინდა ინტრიგასავით ჩავაგდო, მაგრამ ეს განსაკუთრებული ლტოვლა იკვეთება 1782 წელს, როდესაც ერეკლე ცდილობს ევროპას დაუკავშირდეს“.

​ანუ მეფე ერეკლეს წერილები ცხადყოფს, რომ გეორგიევსკსის ტრაქტატის გაფორმებამდე ცოტა ხნით ადრე ის ძალიან აქტიურად ცდილობდა ევროპულ სახელმწიფოებთან და მათ ლიდერებთან პოლიტიკური და სამხედრო კავშირის დამყარებას. ამის შესახებ ესაუბრება რადიო თავისუფლებას ნინო დობორჯგინიძე, ლინგვისტი, რომელმაც 2010-11 წლებში რომის არქივებში დაცული ერეკლე მეფის წერილები იკვლია. სწორედ ამ ექსპედიციისას აღმოაჩინა მან, მისი თქმით, ღრმა კვალი ერეკლეს მისწრაფებისა ევროპისაკენ. როგორც ნინო დობორჯგინიძე ამბობს, ეს წყაროები გვაწვდის არაერთ ახალ ცნობას იმის თაობაზე, თუ როგორ აფერხებს რუსეთი ევროპისკენ საქართველოს ნებისმიერ მისწრაფებას - ფეხდაფეხ მიჰყვებიან ევროპაში გაგზავნილ ელჩებს და ჯაშუშების მეშვეობით ცდილობენ მეფის წერილების ხელში ჩაგდებას. ნინო დობორჯგინიძე გვიამბობს ავსტრიის იმპერატორთან გაგზავნილი ელჩის თავგადასავალზე, ელჩისა, რომელის კონსტანტინოპოლის გზაზე გარდაიცვალა:

„ელჩის სიკვდილისა თუ მკვლელობის კვალი არანაირად არ ჩანს არსად, მაგრამ იტალიაში ვიპოვე წერილი, რომელშიც ერთ-ერთი მისიონერი კონსტანტინოპოლის ვიკარიატიდან სწერს წერილს კარდინალს ევროპაში, რომ გუშინ აქ, ჩემთან მოვიდა პრეფექტი, რომელიც აღმოჩნდა „უნკრედიბილე რუსო“, ანუ „დაუჯერებელი რუსი“, რუსეთის ჯაშუში. და მან მიბრძანა, რომ ერეკლე მეფის წერილები, რომლებიც გარდაცვლილ პადრეს ჰქონდა თან, არ გამომეგზავნა თქვენთვის. მაგრამ მე მაინც გიგზავნით ამ წერილებს, რათა თქვენ გადაწყვიტოთ, როგორ მოვიქცე“.

წიგნი, სახელწოდებით „მეფე ერეკლე ბრიტანულ და ირლანდიურ პრესაში“ ზაფხულის დასაწყისში გამოვა. გარდა ამისა, გიორგი კალანდიას თქმით, ამჯერად მიმდინარეობს მუშაობა კიდევ ერთი მიმართულებით: როგორ დაუდო საფუძველი მეთვრამეტე საუკუნის საგაზეთო კორესპონდენციებმა ევროპაში ლიტერატურულ ნაწარმოებებსა და თეატრალურ პიესებს ერეკლე მეორის შესახებ.

XS
SM
MD
LG