31 იანვარს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებისა და გამომძიებლების თანხლებით მოვაჭრეთა ნაწილმა შეძლო „ბავშვთა სამყაროს“ ნახანძრალ შენობაში შესვლა და გადარჩენილი ქონების - ძირითადად ოქროს ნივთების - გამოტანა. თბილისის მერიისა და სავაჭრო ცენტრების ასოციაციის შეთანხმებით, დაზარალებულ მოვაჭრეებს საშუალება ექნებათ შეღავათიან რეჟიმში დასაქმდნენ სხვა ბაზრობებზე. გარდა ამისა, ფინანსთა სამინისტრო ინდივიდუალურად შეისწავლის ხანძრის შედეგად დაზარალებულთა საგადასახადო ვალდებულებებისა და დავალიანებების საკითხს. რა ხდებოდა „ბავშვთა სამყაროში“ ხანძრიდან მეორე დღეს და რა დახმარების გაწევას აპირებს ხელისუფლება დაზარალებული მოქალაქეებისთვის?
“ქრისტესიაშვილი - აქ არის... ფარცვანია წავიდა... ამირიძე, გაბელაია - აქ არიან... სიყმაშვილი“ - ეს სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს“ კომერციული დირექტორი ამირან მარიამიძეა, რომელიც ნახანძრალი შენობის წინ პოლიციის მიერ სახელდახელოდ მოწყობილ ჯებირთან წარმოქმნილ რიგს ე.წ. „ოქროს ბირჟის“ თანამშრომელთა 170-კაციანი სიით აწესრიგებდა:
„ახლა მიმდინარეობს საცავში შენახული ნივთების გაცემა მეპატრონეებზე სიის მიხედვით. არის იმათი სია, ვინც ინახავდა საცავში ნივთებს და ორგანიზებულად ვუშვებთ ოთხ-ოთხად. საცავი გადარჩენილია 100 პროცენტით. იქ ინახებოდა ძირითადად ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები, რომლებითაც მუშაობდნენ აქ დასაქმებული დილერები“.
რიგში იდგა და თავის ჯერს ელოდა ოქროს ნაკეთობით მოვაჭრე თენგიზ სიყმაშვილი, ნახანძრალის სიღრმეში მდებარე საცავიდან ამოსული გუგული კერესელიძე კი კმაყოფილებას ვერ მალავდა:
„ყველაფერი ნორმალურად არის, არაფერია დაზიანებული. მადლობა უფალს!“
„გვეუბნებიან, რომ გადარჩა სრულად. ვერ ვიტყვი, რომ არაორგანიზებულად მუშაობენ, თუმცა თავს ვერ დავდებ ჩაქრობის ამბავზე, მაგრამ ახლა ეს სეიფის საქმე ორგანიზებულად კეთდება. ველოდები ჩემ რიგს, რომ ავიღო ჩემი ქონება და დავიწყო ხელახლა მუშაობა“, უთხრა თენგიზ სიყმაშვილმა რადიო თავისუფლებას.
„ოქროს ბირჟის“ თანამშრომლებისგან განსხვავებული განწყობა ჰქონდათ სხვა დაზარალებულებს, რომელთა საქონელი არ ინახებოდა სპეციალურ ცეცხლგამძლე საცავში. ხანძრის გაჩენამდე ტატიანა ადამაშვილს „ბავშვთა სამყაროში“ ვერცხლის საბითუმო მაღაზია ჰქონდა:
„პასუხსაც კი არა გვცემენ. აქეთ საერთოდ არ გვიშვებენ. ვერცხლის მაღაზია მქონდა. საერთოდ დაიწვა. გუშინ ჯართის იმედი მაინც მქონდა, მაგრამ დღეს მითხრეს, რომ საერთოდ აღარაფერია, ჩამოინგრა ყველაფერიო. ამასაც სხვისგან ვიგებ“.
31 იანვრის დღის პირველ ნახევარში საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის მეხანძრეები ჯერ კიდევ აქრობდნენ ხანძრის ცალკეულ კერებს, თუმცა, როგორც დეპარტამენტის თავმჯდომარემ ზვიად ქაწაშვილმა განაცხადა, შენობის ცალკეულ უბნებში უკვე შესაძლებელი იყო შესვლა და ვითარების ადგილზე შესწავლა:
„უსაფრთხოების ნორმები უმკაცრესად დაცულია როგორც სახანძრო სამაშველო კუთხით, ასევე იმისთვის, რომ ხალხს დაუბრუნდეს ის გადარჩენილი საქონელი, რომელიც კიდევ შენობაში იმყოფება და ამ წუთებში მერიის სამსახურებთან ერთად უკვე მოხერხდა გარკვეული მონაკვეთის გამაგრება და შეგვყავს ხალხი ეტაპობრივად“.
31 იანვარს „ბავშვთა სამყაროში“ ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეების დახმარების გზებზე იმსჯელეს თბილისის მერიაში გამართულ საკოორდინაციო თათბირზე, რომლის მსვლელობისას დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა:
„რამდენიმე ბაზრობიდან დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ დაზარალებულებს შესთავაზებდნენ ალტერნატიულ ფართებს და 3-დან 6 თვემდე შეღავათიან რეჟიმში, ფაქტობრივად, ქირის გარეშე იმუშაონ“.
თუმცა დაზარალებულთა დიდი ნაწილისათვის მერის ეს შეთავაზება მიუღებელია. აი, რა უთხრა რადიო თავისუფლებას დამწვარი სავაჭრო ცენტრის ერთ-ერთმა მეიჯარემ და აქციონერმა, ქეთევან ჯოხაძემ, რომელიც სავაჭრო ეტლების მაღაზიას ფლობდა:
„ჩვენ, ვინც სააქციო საზოგადოება „ბავშვთა სამყაროში“ ვმუშაობდით, აღარაფერზე აღარ მიგვიწვდება ხელი. დაფერფლილია ყველაფერი. ერთადერთი თხოვნაა, რომ ვიდრე აქციოენრთა კრება გადაწყვეტს, მანამდე სახელმწიფო მოგვეხმაროს. დემონტაჟი რომ გაკეთდება ბავშვთა სამყაროსი“ წინ იმხელა ტერიტორიაა, რომ ყველას გვეყოფა, აქ გაგვაკეთებინოს მაღაზიები, რომ აქვე დავდგეთ და აქ ვივაჭროთ. დემონტაჟი გააკეთონ, მაგრამ სამუშაო ადგილები აქვე მოგვცენ. ან სახელმწიფომ ააშენოს ან ჩვენ ავაშენებთ“.
ხანძრის შედეგად დაზარალებულები ითხოვენ ასევე შემოსავლების სამსახურისგან სასაქონლო მატერიალური ფასეულობის ჩამოწერას, რათა განადგურებულ საქონელზე საგადასახადო ვალდებულებები აღარ წარმოიქმნას. ფინანსთა სამინისტროშიც აცხადებენ, რომ ინდივიდუალურად შეისწავლიან თითოეული გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებასა და საგადასახადო დავალიანებას. დაზარალებულები ითხოვენ ასევე ბანკებიდან აღებული სესხების გარკვეული დროით გადავადებას.