Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორუფცია მსოფლიოში და კორუფცია საქართველოში


კორუფცია ისევ აფერხებს ქვეყნების განვითარებას და აზარალებს ხალხების კეთილდღეობას - ასეთი სურათია ასახული ავტორიტეტიანი ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ სამდივნოს მიერ 25 იანვარს გამოქვეყნებულ ახალ ანგარიშში, სახელწოდებით „კორუფციის აღქმის ინდექსი 2016“. ამ ანგარიშის თანახმად, საქართველო, შარშანდელთან შედარებით, 5 ქულით დაწინაურდა და 57 ქულა დაიმსახურა. შესაბამისად, საქართველომ, 176 ქვეყანას შორის, 48-ე ადგილიდან 44-ე ადგილზე გადაინაცვლა. რამდენად ხელშესახებია საქართველოს წინსვლა და რა ფაქტორები განაპირობებს არსებულ რეალობას?

გადმოწერა

მოკლედ რომ ვთქვათ, რაც უფრო მაღალია ქულა, მით უკეთესად არის ამა თუ იმ ქვეყნის საქმე. მაქსიმალური 100 ქულა არც ერთ ქვეყანას არ დაუმსახურებია, მაგრამ ჩამონათვალში 90-ქულიანი საუკეთესო მაჩვენებლით ახალი ზელანდია და დანია ლიდერობენ. ყველაზე უარესი მდგომარეობაა 10-ქულიან სომალიში, რომელსაც სულ მცირედით უსწრებენ წინ სამხრეთ სუდანი და ჩრდილოეთ კორეა. საერთო სურათი აღფრთოვანების საფუძველს არ იძლევა - 176 ქვეყნიდან 2/3-ზე მეტმა საშუალო მაჩვენებლამდეც ვერ მიაღწია.

ძალიან ბევრ ქვეყანაში ადამიანები მოკლებული არიან თავიანთ ყველაზე მთავარ საჭიროებებს და, კორუფციის არსებობის გამო, მშიერი იძინებენ ყოველღამე... ეს მაშინ, როცა კორუმპირებულები ფუფუნებაში ცხოვრებითა და დაუსჯელობით ტკბებიან...
ხოსე უგასი

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ აღნიშნავს, რომ წლევანდელმა ანგარიშმა გამოკვეთა კავშირი კორუფციასა და უთანასწორობას შორის და როცა ისინი ერთმანეთს ასაზრდოებენ, იქმნება მოჯადოებული წრე, როცა საზოგადოებაში არათანაბრად ნაწილდება ძალაუფლება და არათანაბრად ნაწილდება სიმდიდრე. როგორც ანგარიშის ავტორი ორგანიზაციის - „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ - ხელმძღვანელი ხოსე უგასი აღნიშნავს თავის წერილობით კომენტარში, იკვეთება თვალსაჩინო კონტრასტი:

„ძალიან ბევრ ქვეყანაში ადამიანები მოკლებული არიან თავიანთ ყველაზე მთავარ საჭიროებებს და, კორუფციის არსებობის გამო, მშიერი იძინებენ ყოველღამე... ეს მაშინ, როცა კორუმპირებულები ფუფუნებაში ცხოვრებითა და დაუსჯელობით ტკბებიან“.

„კორუფციის აღქმის ინდექსის“ თანახმად, ქვეყნებში, რომლებიც რეიტინგში დაბალ ადგილებს იკავებენ, ნაკლებია საზოგადოების ნდობა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ და არაეფექტიანია ამ ინსტიტუტების - მაგალითად, პოლიციისა და სასამართლოს- მუშაობა. ამასთან, ასეთ ქვეყნებში პრაქტიკულად არ მუშაობს კანონები, რომლებიც, შესაძლოა, არსებობდეს ფურცელზე, ხოლო დაუსჯელი ხელისუფალნი უკიდეგანოდ მდიდრდებიან, ქვეყნის წინსვლის შეფერხების ხარჯზე.

რაც შეეხება მაღალრეიტინგიან ქვეყნებს, ასეთები ძირითადად მედიის თავისუფლებისა და ინფორმაციაზე წვდომის მაღალი ხარისხით გამოირჩევიან, უფრო მაღალ სტანდარტებს უწესებენ თანამდებობის პირთა კეთილსინდისიერებას და ასეთ ქვეყნებში გამართულად მუშაობს სასამართლო სისტემა. თუმცა, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ აზრით, არც ეს იძლევა თვითკმაყოფილების საფუძველს, რადგანა არც მაღალრეიტიანგიანი ქვეყნები არიან დაზღვეული უკანონო გარიგებების, ინტერესთა კონფლიქტისა თუ უკანონო დაფინანსებისგან.

გამოკითხვა კორუფციის აღქმის შესახებ
please wait

No media source currently available

0:00 0:01:00 0:00

უხეშად რომ ვთქვათ, ქულების თვალსაზრისით საქართველო ბოლო წლებში სადღაც საშუალო მაჩვენებლებთან ტრიალებს, მაგრამ მას, ასე ვთქვათ, გადალახული აქვს 50 %-იანი ზღვარი უკეთესობისკენ. წლევანდელ ანგარიშში ქვეყანა კიდევ 5 ქულით დაწინაურდა და თუკი შარშანდელ ანგარიშში მას 52 მიაკუთვნეს, წლევანდელში -57 ქულა დაიმსახურა. საქართველო ბევრად წინ არის, ვიდრე მეზობელი ქვეყნები: აზერბაიჯანი (30 ქულა), სომხეთი (33 ქულა), უკრაინა (29 ქულა), თურქეთი (41 ქულა) თუ რუსეთი (29 ქულა). ამასთან, საქართველო, თავისი მაჩვენებლებით, წინ უსწრებს ასევე ევროკავშირის საკმაოდ ბევრ ქვეყანას და, მათ შორის, იტალიას, ჩეხეთს, სლოვაკეთს, რუმინეთსა თუ საბერძნეთს.

ქვეყნის წინსვლას დადებითად აფასებს, მაგრამ, როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელი ერეკლე ურუშაძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, ეს მიღწევა გარღვევად ვერ ჩაითვლება და, შესაბამისად, საკმარისი არ არის. ამასთან, ერეკლე ურუშაძე თვლის, რომ ქვეყნის 5-ქულიანი რეიტინგული წინსვლა გამოიწვია არა პრაქტიკამ, არამედ საკანონმდებლო ბაზის გარკვეული სეგმენტების დახვეწამ, მათ შორის, ევროკავშირთან ასოცირების პროცესში აღებული ვალდებულებების ჭრილში. შეკითხვაზე, რა მდგომარეობაა ამჟამად კორუფციის თვალსაზრისით საქართველოში, ერეკლე ურუშაძე გვიპასუხებს:

ერეკლე ურუშაძე
ერეკლე ურუშაძე

„წვრილმანი კორუფციის შემთხვევაში, რაც გულისხმობს კორუფციას საჯარო სერვისების დონეზე, მეტ-ნაკლებად შენარჩუნებულია პროგრესი, ანუ სერიოზული მასშტაბი არა აქვს ამ სახის კორუფციას საქართველოში. ხოლო რაც შეეხება ე. წ. „ელიტურ კორუფციას“, რასაც ასევე შეგვიძლია მაღალი დონის კორუფცია ვუწოდოთ, აქ, ვფიქრობ, ძირითადი პრობლემა არის ის, რომ სახელმწიფო რეალურად არ არის მზად ასეთ შემთხვევებთან ეფექტური ბრძოლისთვის. ამის ძირითადი მიზეზი იგივეა, რაც იყო წინა ხელისუფლების დროს, ანუ ის, რომ ჩვენ არ გვყავს რეალურად პოლიტიკურად დამოუკიდებელი სამართალდამცავი უწყებები და სასამართლო ხელისუფლება. სასამართლო და, განსაკუთრებით, სამართალდამცავი უწყებები - შს სამინისტრო, პროკურატურა თუ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - ისინი, სამწუხაროდ, არიან პოლიტიკური ხელისუფლების ზედმეტი ზეგავლენის ქვეშ. შესაბამისად, მაღალი დონის კორუფცია ყოველთვის გულისხმობს მმართველი პარტიის ან მთავრობის გავლენიანი წარმომადგენლის მონაწილეობას ამ დანაშაულებრივ საქმიანობაში“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, კორუფციის აღქმის ინდექსი სხვადასხვა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევების საფუძველზე მზადდება და ეს კვლევები მოიცავს კონკრეტულ ქვეყანაში კორუფციის მხრივ არსებული მდგომარეობის შეფასებას. 2016 წლის ინდექსის მომზადებისას გამოყენებული იყო: ბერტელსმანის ფონდის ტრანსფორმაციის ინდექსი, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მენეჯერთა აზრის კვლევა, მსოფლიო სამართლის პროექტის კანონის უზენაესობის ინდექსი, „გლობალ ინსაითის“ ქვეყნების რისკის რეიტინგი, „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიში დაპროექტი „დემოკრატიის ვარიაციები“.

როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში“ აცხადებენ,„კორუფქციის აღქმის ინდექსი“ მეტად ავტორიტეტიანი გამოკვლევაა და მას ყურადღებით ეცნობიან, მაგალითად, ინვესტორები, ვიდრე ისინი ამა თუ იმ ქვეყანაში ფულის დაბანდებას გადაწყვეტდნენ.

„ცივილიზებული ბიზნესი“ ასეთ რეიტინგებს მართლაც რომ მიადევნებს თვალ-ყურს, ამაში ჭვი არც ანალიტიკოს გია ხუხაშვილს ეპარება. თუმცა, მისი აზრით, ეს ფაქტორი გადამწყვეტ როლს არ თამაშობს და ფულის დაბანდება-არდაბანდების საკითხი კონკრეტულ ქვეყანაში საინვესტიციო გარემოს რეალურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული. ამასთან, არსებობენ ინვესტორები, რომლებსაც სულაც არ აფრთხობთ კორუფცია და უფრო პირიქით:

„სამწუხაროდ, ისეთი ინვესტორი უფრო მეტად ინტერესდება საქართველოთი, რომლისთვისაც კორუფცია, რბილად რომ ვთქვათ, უცხო არ არის. ასეთები უკეთესად მუშაობენ კორუფციულ სისტემებში და, ხშირ შემთხვევაში, უკეთესადაც გრძნობენ თავს. ეს არის ინვესტორის ტიპი, რომელიც თვლის, რომ ხელისუფლებასთან თბილი ურთიერთობები გადამწყვეტია ბიზნესში წარმატების მიღწევისთვის“.

ახალი ანგარიშიდან („კორუფციის აღქმის ინდექსი 2016“) გამომდინარე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ხელისუფლებას კონკრეტული რეკომენდაციებით მიმართავს. მათ შორის არის, მაგალითად: სახელმწიფო ინსტიტუტებზე არაფორმალური გავლენის აღმოფხვრა, საჯარო და კერძო სექტორების ეფექტური გამიჯვნა, დამოუკიდებელი ანტიკორუფციული უწყების შექმნა, სასამართლო ხელისუფლებისა და სამართალდამცავი უწყებების დამოუკიდებლობისა და პოლიტიკური მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა თუ კორუფციის ფაქტების გამომვლენი ჟურნალისტების მხარდაჭერა და მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე სათანადოდ რეაგირება.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG