Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ინტერესები დავოსის ფორუმზე


პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში „აბრეშუმის გზის ეფექტიანობა“
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში „აბრეშუმის გზის ეფექტიანობა“

17-20 იანვარს შვეიცარიის საკურორტო ქალაქი დავოსი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 47-ე შეხვედრას მასპინძლობს. ეს არის ყოველწლიური მასშტაბური ღონისძიება, რომელზეც მსხვილ ბიზნესმენებთან ერთად, ტრადიციულად, მსოფლიოს პოლიტიკურ ლიდერებსაც იწვევენ. წელს ეს ღონისძიება ვერ გამოვიდა ძველებურად წარმომადგენლობითი, რადგან დავოსში მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლიდერთა აშკარა ნაკლებობა შეინიშნება და ამაზე აქტიურად წერს საერთაშორისო მედიაც. სამაგიეროდ, ფორუმის ისტორიაში პირველად, დავოსში ჩავიდა ჩინეთის პრეზიდენტი, რომლის პოსტსაც ახლა სი ძინპინი იკავებს. მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე საქართველო წარმოდგენილია სამთავრობო დელეგაციით, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მონაწილეობით. რა მიზანი ამოძრავებს საქართველოს და რამდენად რეალისტურია ფორუმთან დაკავშირებული იმედები?

გადმოწერა

სხვადასხვა წყაროს ცნობით, დავოსში წელს თავი მოიყარა ასი ქვეყნის 3 ათასამდე წარმომადგენელმა და მათ შორის მსხვილ კომპანიათა 1 200-მდე წარმომადგენელს ითვლიან. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში სიტყვით გამომსვლელთა სიაში ასობით ადამიანი ირიცხება, თემები ჭრელია და შეეხება ყველაფერს: ეკონომიკას, პოლიტიკას, ეკოლოგიას, ჯანდაცვასა თუ განათლებას. წლევანდელი ფორუმის მთავარი თემა გლობალიზაციის გამოწვევებსა და მსოფლიო ლიდერთა პასუხისმგებლობის საკითხებს უკავშირდება. გაიმართა არაერთი დისკუსია და ერთ-ერთ მათგანში, სახელწოდებით „აბრეშუმის გზის ეფექტიანობა“, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმაც მიიღო მონაწილეობა. მან თქვა, რომ აბრეშუმის გზა, რომელიც ერთდროულად კონკურენციასაც გულისხმობს და თანამშრომლობასაც, უდიდეს შესაძლებლობებს იძლევა და რომ ქვეყნებმა ეს ადეკვატურად უნდა გამოიყენონ. პრემიერი კვირიკაშვილი ამბობს, რომ საქართველო აქტიურად მუშაობს აბრეშუმის გზის ხელშესაწყობად:

საქართველომ უკვე გააფორმა თანამშრომლობის შეთანხმებები თავის პარტნიორვეყნებთან. დასასრულს უახლოვდება ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტი, რომელიც იქნება მნიშვნელოვანი ნაწილი აბრეშუმის გზისა - საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის გავლით. ვიწყებთ შავი ზღვის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პორტის - ანაკლიის პორტის - მშენებლობას.უკვე გამოვლინდა გამარჯვებული კონსორციუმი, ქართულ-ამერიკული კონსორციუმი, რომელიც რეგიონის მასშტაბით ეძებს პორტის ოპერატორებს. საქართველოში მიმდინარეობს რკინიგზის განახლება, სიჩქარის მომატების მიზნით. მასშტაბური ინვესტიცია იდება, ასევე, საგზაო ინფრასტრუქტურის განახლების მიმართულებით. ჩვენ უკვე მოვაწერეთ ხელი თანამშრომლობის შეთანხმებას ჩინეთთან. უკვე დავასრულეთ მოლაპარაკებები და ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას უახლოეს მომავალში მოვაწერთ ხელს“.

მოლოდინია ძალიან დიდი, რომ ამ შეხვედრებით კიდევ უფრო გაიზრდება საქართველოს ცნობადობა ბიზნესკუთხით და, ასევე, პოლიტიკურითაც და უფრო მეტი კომპანია მოახდენს ინვესტირებას საქართველოში...
ირაკლი ყურაშვილი

როგორც შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს ელჩი ირაკლი ყურაშვილი აღნიშნავს, დავოსის ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის არაერთი შეხვედრა როგორც ევროპის ქვეყნების ხელისუფლებათა წარმომადგენლებთან, ასევე მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებთან და რამდენიმე ასეთი შეხვედრა უკვე შედგა 19 იანვარს. მათ შორის იყო, მაგალითად, შეხვედრა ქარის ტურბინების მწარმოებელი უმსხვილესი დანიური კომპანიის (Vestas) აღმასრულებელ დირექტორთან, ანდერს რუნევადთან. საუბრი შეეხებოდა განახლებადი ენერგიის მასშტაბურ შესაძლებლობებსა და პერსპექტივებს. ელჩი ირაკლი ყურაშვილი დავოსის ფორუმთან მიმართებით საქართველოს მიზანსა და მოლოდინზეც ლაპარაკობს:

მოლოდინია ძალიან დიდი, რომ ამ შეხვედრებით კიდევ უფრო გაიზრდება საქართველოს ცნობადობა ბიზნესკუთხით და, ასევე, პოლიტიკურითაც და უფრო მეტი კომპანია მოახდენს ინვესტირებას საქართველოში“.

დავოსის ფორუმი როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური კავშირების დამყარების შესაძლებლობას და, შესაბამისად, კონკრეტული შედეგების მიღწევის შანსებს რომ იძლევა, ამაში ეჭვი არ ეპარება ანალიტიკოს გიორგი რუხაძეს, თუმცა, მისი დაკვირვებით, ამ შანსებსა და შესაძლებლობებს ადეკვატურად არც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება იყენებდა და არც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება იყენებს:

არც მიხეილ სააკაშვილის ვიზიტის შედეგად, არც ბიძინა ივანიშვილის ვიზიტის შედეგად, შემდეგ დავოსზე წინა პრემიერიც იყო (ირაკლი ღარიბაშვილი) და ახლა უკვე დღევანდელი პრემიერია (გიორგი კვირიკაშვილი), ყოველ შემთხვევაში, ხელსესახები შედეგი მე ვერ დავინახე... თან, მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ძნელია, რომ პირდაპირ დავოსის ფორუმს დაუკავშირო კონკრეტული მოვლენა, რომელიც მერე ქვეყანაში მოხდება, მაგრამ, ზოგადად, ამ ფორუმის ბოლომდე გამოყენება და ეფექტიანად გამოყენება რომ ვერ ხდება, ეს, ჩემი აზრით, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს“.

როდესაც შეხვედრაზე გარკვეული შეთანხმება მიიღწევა, ამის შედეგი დგება რამდენიმე წლის შემდეგ ან მინიმუმ ერთი წლის შემდეგ, როდესაც უკვე პროექტი იხვეწება, საინვესტიციო შეთავაზება მზადდება და ასე შემდეგ...
ირაკლი რუხაძე

ირაკლი რუხაძე ვერ იხსენებს კონკრეტულ მაგალითს, თუ რომელმა კომპანიამ დააბანდა ფული საქართველოში, დავოსის ფორუმის ამა თუ იმ შეხვედრის კვალდაკვალ. ანალიტიკოსი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას აღნიშნავს, რომ საზოგადოებისთვის ამ ტიპის ინფორმაციის მიწოდებაზე თავად ხელისუფლება უნდა ზრუნავდეს.

კონკრეტულ მაგალითს ვერც ანდრია გვიდიანი იხსენებს, თუმცა ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის წარმომადგენელი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ ეს, გარკვეულწილად, შეუძლებელიცაა:

„როდესაც შეხვედრაზე გარკვეული შეთანხმება მიიღწევა, ამის შედეგი დგება რამდენიმე წლის შემდეგ ან მინიმუმ ერთი წლის შემდეგ, როდესაც უკვე პროექტი იხვეწება, საინვესტიციო შეთავაზება მზადდება და ასე შემდეგ. ხოლო ეს პროცესი როდესაც გაივლის, მერე უკვე რთულია ხოლმე გაიხსენო, რა გზით მოვიდა ეს ინვესტორი - ფორუმიდან წამოვიდა თუ სხვა პირადი ურთიერთობების შედეგად. აქედან გამომდინარე, გამიჭირდება კონკრეტული მაგალითის გახსენება“.

მიუხედავად იმისა, შესაძლებელია თუ არა კონკრეტული შედეგების გაზომვა, ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ საქართველომ ყოველთვის უნდა მიიღოს მონაწილეობა მსგავს მასშტაბურ ღონისძიებებში. 2017 წლის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე დელეგაციაში, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, შედიან, ასევე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი და საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG