ოთხივე კედელზე ქალების ფოტოებია - გაღიმებული, დარდიანი, საქმიანი, ფიქრიანი ქალების ფოტოები. რომ არა სპეციალური წარწერები და ისტორიები, ვერც გაარჩევთ რომელი თბილისელია, რომელი სოხუმელი და რომელი ცხინვალელი. გალერეა „კონტეინერი“ ფოტოგამოფენას მასპინძლობს, გალერეის შესასვლელში პირველივე კედელზე აღმოაჩენთ წარწერას: „ამბობენ, რომ ერთი ფოტო ხშირად ათას სიტყვას უდრის, მაგრამ რას ნიშნავს ეს მშვიდობის მშენებლობის კონტექსტში და რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს გენდერულ თანასწორობასთან?“
ყველაფერი ერთი თვის წინ ერევნიდან დაიწყო, სადაც სოხუმელი, თბილისელი და ცხინვალელი ფოტოგრაფები, ჟურნალისტები და მწერლები შეიკრიბნენ. ფოტოგრაფ გურამ წიბახაშვილისგან რჩევები მიიღეს, იქვე შერეული ჯგუფები შექმნეს და ერთობლივი ფოტოისტორიები გადაიღეს. შემდეგ მოილაპარაკეს, რომ ერთობლივ გამოფენას გააკეთებდნენ. ფოტოგრაფებმა და მწერლებმა სოხუმში, თბილისში, ცხინვალსა და დევნილთა დასახლებაში ქალთა შესახებ ფოტოესეები შექმნეს და თბილისში გამოგზავნეს. ყველა ისტორია განსხვავებულია, თუმცა ხელოვანთა თვალით დანახულ თითოეულ ამბავს ერთი რამ აერთიანებს - ძლიერი, მიზანდასახული ქალები, რომლებიც ძალ-ღონეს არ იშურებენ თავიანთი ოჯახებისა და თემების კეთილდღეობისთვის და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ კონფლიქტით დაზარალებული საზოგადოების რეაბილიტაციაში.
„განივთებული მოგონებები“ - ასე ჰქვია ფოტოისტორიას რომელიც თაკო რობაქიძემ შავშვების დევნილთა დასახლებაში გადაიღო. ფოტოისტორიის გმირია გალინა ქელეხსაევა, რომლისთვისაც ახალი წელთაღრიცხვა 8 წლის წინ, ომის დამთავრების შემდეგ, დაიწყო. ყოველდღე იგი საკუთარი ნასოფლარის, ქემერტის, სახელს შავშვების დასახლების ერთ-ერთი ქუჩის ტრაფარეტებზე ხედავს, ძველი მოგონებები კი დამწვარი სახლიდან წამოღებულ ერთ ჭიქაში, ჩანგალსა და განათლების დიპლომში ცოცხლობს. შერეული ოჯახი ახალ ცხოვრებას ეგუება და მცირე მეურნეობას უძღვება.
ერთ-ერთი ავტორი ცხინვალელი ჟურნალისტი ზარინა სანაკოევაა. ის მიიჩნევს, რომ კონფლიქტების მომწიფების პირველი ნიშანი კომუნიკაციის გაწყვეტაა, ამიტომ სხვადასხვა მხარეს მცხოვრებმა ადამიანებმა, პირველ რიგში, კონტაქტები არ უნდა დაკარგონ. მისი აზრით, ერთი პროფესიის ადამიანებს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი საქმის გაკეთება შეუძლიათ, რაც, საბოლოო ჯამში, ნდობის აღდგენას ხელს შეუწყობს.
მწერალმა ეკა ტოგონიძემ ერევანში სოხუმელ ფოტოგრაფთან ერთად ბროწეულების სერია გადაიღო. ეკა ამბობს, რომ ახალი აღმოჩენები გააკეთა და ამ აღმოჩენებით მიღებული ემოცია დიდხანს გაჰყვება.
ფოტოგრაფი გურამ წიბახაშვილი მიიჩნევს, რომ ფოტოებით გამოსახული ისტორიები კონკრეტულია, მაგრამ ის უკვე საყოველთაო და სამაგალითოც ხდება იმისათვის, რომ მსგავსი ტრაგიკული მოვლენები აღარ განმეორდეს.
კოალიცია „დევნილთა უფლებებისთვის“ ხელმძღვანელ ზურაბ ბენდიანიშვილის აზრით, შემოქმედი ადამიანები უფრო გახსნილები არიან და მეტი მოტივაცია აქვთ კომუნიკაციისა და კონფლიქტების მოგვარების თვალსაზრისით.
„ფოტოგრაფია მშვიდობისა და თანასწორობისთვის“ - ასე ჰქვია პროექტს, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია ახორციელებს. ეს არის გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ სახალხო დიპლომატიის ინიციატივის მხარდაჭერა და მიზნად მხარეებს შორის ნდობის აღდგენას ისახავს. ორგანიზაციის წარმომადგენელი გვანცა ასათიანი მიიჩნევს, რომ ეს უკვე მეორე ნაბიჯია, სადაც კონფლიქტის სხვადასხვა მხარეს მცხოვრები შემოქმედი ადამიანები თანამშრომლობენ და ერთობლივ პროდუქციას ქმნიან.
პირველი ნაბიჯი კი მწერლების შეხვედრა და ერთობლივი კრებულის გამოცემა იყო. მწერლებმა ომისდროინდელი ისტორიები გაცვალეს. წიგნი ქართულ, რუსულ, აფხაზურ და ოსურ ენებზე გამოიცა.