Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ნაციონალური მოძრაობის“ სტრატეგიული გადაწყვეტილება


11 ოქტომბერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ პარტია შევიდეს პარლამენტში და მიიღოს მონაწილეობა მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში, მართებულად მიიჩნევენ პოლიტოლოგები. რა გამოავლინა ამ გადაწყვეტილებამ და რამდენად წაადგება ეს, ზოგადად, ქვეყნის პოლიტიკურ პროცესს?

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აღმასრულებელი მდივნის, სერგო რატიანის, განცხადებით, პარტია გააგრძელებს ბრძოლას, რათა ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლების უზურპაცია არ მოახდინოს. ამასთან, ის იმედოვნებს, რომ პროდასავლური პარტიები გააცნობიერებენ მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მხარდაჭერის აუცილებლობას.

გადმოწერა

„მიუხედავად არათავისუფალი, ძალადობრივი საარჩევნო გარემოსი, მიუხედავად გაყალბებისა, ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას. ჩვენს უკან არის ნახევარი მილიონი ადამიანი, რომელმაც მხარი დაგვიჭირა, არის საზოგადოება, რომელმაც მხარი დაუჭირა ოპოზიციურ ძალებს და ის აცნობიერებს, რომ დღეს შეიძლება ივანიშვილმა მოახდინოს ხელისუფლების სრული უზურპაცია. ყველა ეს ადამიანი იმსახურებს, რომ ჩვენ გვყავდეს უფრო მეტი წარმომადგენლობა პარლამეტში“.

ეს არ არის ერთსულოვანი გადაწყვეტილება. მე ვთვლი, რომ სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა პარლამენტში არშესვლა. იმ ადამიანებმა, ვინც მიიღო ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობაც აიღო, ამიტომ ჩენ ვნახავთ შედეგებს და გამოჩნდება, ვინ იყო მართალი და ვინ მტყუანი...
ნუგზარ წიკლაური

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ნაწილი პოლიტსაბჭოს სხდომამდეც და მას შემდეგაც მიიჩნევდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში უნდა შევიდეს და მონაწილეობა მიიღოს მეორე ტურში, რათა არ მოხდეს პარტიის მარგინალიზაცია და თვითიზოლაცია. ეს, მათი აზრით, იქნება, ასევე, პატივისცემის გამოხატულება იმ ნახევარი მილიონი ამომრჩევლის მიმართ, რომელმაც არჩევნებში პარტიას მხარდაჭერა გამოუცხადა. მეორე ნაწილი კი მეორე ტურსა და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობდა იმ მოტივით, რომ ხელისუფლებამ გააყალბა არჩევნები და ამ არჩევნებმა არ ასახა ქართველი ხალხის ნება. მათი თქმით, პარლამენტში შესვლით მოხდება გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაცია. ამ თვალსაზრისს იზიარებდა პარტიის ლიდერი, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც, რომელიც მოუწოდებდა თანაგუნდელებს არ შესულიყვნენ პარლამენტში. მის ამ აზრს მხარს უჭერდა, მაგალითად, პარტიის წევრი ნუგზარ წიკლაურიც:

„ეს არ არის ერთსულოვანი გადაწყვეტილება. მე ვთვლი, რომ სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა პარლამენტში არშესვლა. იმ ადამიანებმა, ვინც მიიღო ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობაც აიღო, ამიტომ ჩენ ვნახავთ შედეგებს და გამოჩნდება, ვინ იყო მართალი და ვინ მტყუანი“.

პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება იყო სწორი და, ამავე დროს, პრაგმატულიც. მისი თქმით, სხვა ალტერნატივა არც არსებობდა, როგორც თავად პარტიის, ასევე ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ვინაიდან აბსოლუტურად მიუღებელი სცენარი იქნებოდა, პარლამენტში მხოლოდ ის ძალა დარჩენილიყო, რომელსაც, ფაქტობრივად, გარანტირებული აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა. „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან სხვაგვარ გადაწყვეტილებას, შესაძლოა, გამოეწვია პარტიის მარგინალიზაცია:

„ეს არის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. იმ პირობებში, თუ კონსტიტუციური უმრავლესობა დააგროვა „ქართულმა ოცნებამ“, - და, სავარაუდოდ, ეს ასეც იქნება, - არავითარი მექანიზმი, თუ როგორ შევაჩეროთ „ქართული ოცნება“ ძალაუფლების თრობისგან, არ იარსებებდა. ამ სიტუაციაში, მე მგონი, აუცილებელი კომპონენტი იყო და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომ არსებობდეს ოპოზიციური დაჯგუფება, რომელიც შეახსენებს ხელისუფლებას ვალდებულებებს და, ასევე, მიუთითებს იმ გადახვევებზე, რომელიც, შესაძლოა, მას ჰქონდეს დროთა განმავლობაში“.

გიორგი გობრონიძე
გიორგი გობრონიძე

საინტერესო ტენდენციად ეჩვენება პოლიტოლოგ გიორგი გობრონიძეს ის, რომ გადაწყვეტილების მისაღებად შიგნით, პარტიაში, წარიმართა მსჯელობა. თუმცა მას კითხვები აქვს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ქცევასთან დაკავშირებით, თუ რამდენად პოლიტიკურად ეთიკურია მითითებები იმ პირისგან პარტიის მისამართით, რომელიც არ იმყოფება ქვეყანაში და აქტიურად არ არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში. ამასთან, გიორგი გობრონიძის თქმით, არა მხოლოდ პარტიისთვის, არამედ, ზოგადად, ქვეყნის პოლიტიკური მომავლისთვის იქნებოდა წამგებიანი „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტის მიღმა დარჩენა:

„რატომ იქნებოდა წამგებიანი „ნაციონალური მოძრაობისთვის“ პარლამენტში არშესვლა? იმიტომ, რომ მათ აიღეს წინა, ადგილობრივ არჩევნებთან შედარებით, მეტი ხმა, ანუ მათი ელექტორატი არის მზარდი, ანუ კრიტიკული მასა, რომელიც სტრატეგიულ ოპოზიციას უჭერს მხარს საზოგადოებაში, ხასიათდება მზარდი ტენდენციით. მეორე საკითხი ის არის, რომ პოლიტიკური პროცესის სიჯანსაღეს სჭირდება პარლამენტში სერიოზული წარმომადგენლობითი ოპოზიცია, იმიტომ რომ რაც არ უნდა იდეალური იყოს მთავრობა, მას რაღაც მომენტში ექნება ხელისუფლების ბოროტად გამოყენების ცდუნება“.

ახლა „ნაციონალური მოძრაობა“ მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურისთვის მოემზადება. წინასწარი შედეგების მიხედვით, 50 ერთმანდატიან ოლქშია მოსალოდნელი მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური. ამას, შესაძლოა, დაემატოს გასაჩივრებული ოლქების რაოდენობაც. ცესკოს უკვე დათვლილი მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სუბიექტები გამარჯვებულები არიან 23 ერთმანდატიან ოლქში. მეორე ტურში „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები, სავარაუდოდ, 44 ოლქში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG