საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) სისხლის სამართლის საქმე აღძრა სოციალურ ქსელებში გავრცელებული იმ ჩანაწერის საფუძველზე, რომელშიც ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა, და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერთა საუბრების ფრაგმენტებია გამოყენებული. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ აუდიოჩანაწერი, რომლის სათაურია „სახელმწიფო გადატრიალების გეგმა სააკაშვილის ხელმძღვანელობით“, ბოლო სამი-ოთხი წლის განმავლობაში სუს-ის უკანონო ჩანაწერების მონტაჟსა და კოლაჟს წარმოადგენს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აპირებს დაადგინოს მედიით გავრცელებული ჩანაწერების წარმომავლობა და ავთენტურობა.
27 სექტემბერს იუთუბზე მომხმარებელმა GeorgiaReality-მ გამოაქვეყნა საუბრის ჩანაწერი, რომლის აღწერაში ვკითხულობთ: სახელმწიფო გადატრიალების გეგმა სააკაშვილის ხელმძღვანელობით. საუბარში მონაწილეობენ გიგი წერეთელი, აკაკი ბობოხიძე, ნუგზარ წიკლაური, პეტრე ცისკარიშვილი და აკაკი მინაშვილი.
ფარულად გაკეთებული ჩანაწერის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე ლიდერი განიხილავენ ხელისუფლების შეცვლის რევოლუციურ სცენარს. ამ ჩანაწერის საფუძველზე საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა და გამოძიება დაიწყო. სუსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ:
“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც გულისხმობს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად. მოხდება მედიით გავრცელებული ჩანაწერების წარმომავლობისა და ავთენტურობის დადგენა, ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, დაიკითხება ყველა ის პირი, რომელიც აღნიშნულ ჩანაწერებში ფიგურირებს. შესაბამისი უწყებები მათ დღესვე გადაეცემათ”.
თუმცა ისინი, ვისაც უწყებები უნდა გადაეცეს, კატეგორიულად უარყოფენ ჩანაწერის ავთენტურობას. პეტრე ცისკარიშვილის თქმით, აუდიოჩანაწერი ბოლო სამი-ოთხი წლის განმავლობაში სუს-ის უკანონო ჩანაწერების მონტაჟია. ამასვე ამტკიცებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ოთარ კახიძე:
„პოლიტიზირებული პოლიციის, სუს-ის მიერ უკანონოდ ერთი წლის განმავლობაში შეგროვებული და უნიჭოდ დამონტაჟებული მასალა ვერ მოახდენს საზოგადოების ყურადღების გადატანას იმ თემებიდან, რომლებიც აწუხებს ჩვენ ხალხს. „ნაციონალური მოძრაობა“ აწარმოებს ნორმალურ საარჩევნო კამპანიას, ხელისუფლებას კი უნდა გადაიტანოს ამომრჩევლის ყურადღება სხვა საკითხებზე. ჩვენ გვახსოვს ამ ხელისუფლების არაერთი ბრალდება, თითქოს ბარიკადების აშენებას და ბოევიკების მობილიზებას ვახდენდით „რუსთავი ორის“ ამბებზე. წინა არჩევნებზე გვახსოვს ქვევრში ბავშვის ჩახრჩობის ბრალდება. ამ ხელისუფლებას, ამგვარი ბრალდებების გარდა, არაფერი დარჩენია, მაგრამ ამომრჩეველმა კარგად იცის, რომ ამ ბრალდების უკან არაფერი არ დგას“, უთხრა ოთო კახიძემ რადიო თავისუფლებას.
კვლავ დგება დღის წესრიგში ის, თუ ვის უსმენენ, რატომ უსმენენ, ვინ უსმენს და ვინ ახდენს ამ ყველაფრის ჩაწერას, შენახვას და გავრცელებას, ვინაიდან, როცა სოციალური ქსელებით ხდება ასეთი ტიპის ჩანაწერების გავრცელება, გარკვეული კითხვებიც ჩნდება. თუ ოფიციალური სტრუქტურები ახდენენ მიყურადებას და ჩაწერას, სოციალურ ქსელში ამ გზით გავრცელების გარეშე უნდა მოჰყვეს გამოძიება...ზვიად დევდარიანი
საწინააღმდეგოს ამტკიცებენ ხელისუფლების წარმომადგენლები. პარლამენტის ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძის თქმით, უნდა დაიკითხოს საუბარში მონაწილე ყველა პირი და წარიმართოს გამოძიება:
„თუ ასეთი გეგმა ნამდვილად არსებობს, ყველამ უნდა იცოდეს, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაული არის დასჯადი და აუცილებლად ყველა პასუხს აგებს. გარდა ამისა, არავითარი საფუძველი არ აქვს არავითარ გადატრიალებასა თუ რევოლუციებს და ქართული საზოგადოება ამას არ დაუშვებს“.
შეფასებისას შედარებით თავშეკავებულნი იყვნენ მმართველი კოალიციის ყოფილი წევრები. პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის კომენტარი:
„არჩევნებამდე დარჩა ათი დღე და, როგორც ჩანს, ამ ათი დღის განმავლობაში გავხდებით ძალიან ბევრი ისეთი მოვლენის, გადაცემის, განცხადების მოწმენი, რომლებიც იმოქმედებენ მოსახლეობის ემოციური ფონის გაზრდაზე და ვიღაცას აქვს იმედი, რომ ამ ემოციური ფონით მიაღწევს წარმატებას. მინდა მივმართო საქართველოს მოქალაქეებს: 8 ოქტომბერს არჩევნებზე არჩევანი გავაკეთოთ ძალიან ბევრი რამის გამო და არა მხოლოდ იმის გამო, რასაც გავიგებთ ან მოვისმენთ ამ ბოლო დღეების განმავლობაში“.
სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც მიიჩნევენ, რომ, პირველ რიგში, დასადგენია გამოქვეყნებული ჩანაწერის ავთენტურობის საკითხი. "სამოქალაქო განვითარების სააგენტოს" აღმასრულებელი დირექტორის, ზვიად დევდარიანის, თქმით, გასარკვევია ასევე ის, თუ რამდენად კანონიერადაა გაკეთებული ჩანაწერი და შესაძლებელია თუ არა მისი გამოყენება მტკიცებულების სახით.
„კვლავ დგება დღის წესრიგში ის, თუ ვის უსმენენ, რატომ უსმენენ, ვინ უსმენს და ვინ ახდენს ამ ყველაფრის ჩაწერას, შენახვას და გავრცელებას, ვინაიდან, როცა სოციალური ქსელებით ხდება ასეთი ტიპის ჩანაწერების გავრცელება, გარკვეული კითხვებიც ჩნდება. თუ ოფიციალური სტრუქტურები ახდენენ მიყურადებას და ჩაწერას, სოციალურ ქსელში ამ გზით გავრცელების გარეშე უნდა მოჰყვეს გამოძიება და მოსახლეობაც სულ სხვაგვარად უნდა იგებდეს ინფორმაციას ამის შესახებ, მაგრამ, სამწუხაროდ, სოციალურ ქსელში ამ სახით გავრცელება უფრო ემსგავსება იმას, რომ ცდილობენ არჩევნების წინ ამომრჩეველზე მოახდინონ რაღაც ტიპის გავლენა“, უთხრა ზვიად დევდარიანმა რადიო თავისუფლებას.
დღის ბოლოს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ჩანაწერთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა, ნინო გიორგობიანმა, რომლის თქმითაც, დასაკითხად უწყებები დაეგზავნათ დეპუტატებს- ნუგზარ წიკლაურსა და აკაკი მინაშვილს.
”სამართლებრივი დახმარების შესახებ შუამდგომლობები გაიგზავნება ყველა შესაბამის ქვეყანაში გამოძიების ინტერესების მიხედვით. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ დაუშვებს რაიმე სახის დესტაბილიზაციას ქვეყანაში და, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ყველა პირი კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება”, განაცხადანინო გიორგობიანმა.