Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უეფამ დაასახელა წლის საუკეთესო ფეხბურთელთა ათეულები


უეფას წლის საუკეთესო ვაჟი ფეხბურთელის პრიზი
უეფას წლის საუკეთესო ვაჟი ფეხბურთელის პრიზი

18 ივლისს ევროპის ფეხბურთის მმართველმა ორგანომ, უეფამ, გამოაქვეყნა იმ ოცი მოთამაშის სია (ათი ვაჟისა და ამდენივე ქალის), რომელთაგან აგვისტოს მიწურულს განვლილი სეზონის საუკეთესო ფეხბურთელები უნდა გამოვლინდეს. კანდიდატი ქალებისა და ვაჟების შერჩევის პრინციპი განსხვავებული იყო. ქალთა კონკურსის ჟიური შეადგინეს ევროპის იმ 12 ეროვნული ნაკრების მწვრთნელებმა, რომლებსაც უეფას ოფიციალურ რეიტინგ-ლისტში პირველი 12 სტრიქონი უკავიათ, აგრეთვე, უეფას ჩემპიონთა ლიგის ბოლო გათამაშების რვა მეოთხედფინალისტის დამრიგებლებმა - სულ ოცმა სპეციალისტმა (კანდიდატ ქალთა ათეულს შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე).

მეორე ტურში არბიტრების ფუნქციას ჟურნალისტები გადაიბარებენ. ევროპის სპორტული მედიის ასოციაციის (ESM-ის) ხელმძღვანელობა დაასახელებს იმ 20 ჟურნალისტს, ვინც უკვე გამოვლენილი ათეულიდან 5 აგვისტოს სამ საუკეთესოს შეარჩევს, შემდეგ კი, 25 აგვისტოს, სწორედ ამ სამეულიდან შეარჩევს წლის საუკეთესო ფეხბურთელ ქალს.

ვაჟთა შორის საუკეთესოთა ათეულის განსაზღვრის სისტემა ისეთივე იყო, როგორც წინა წლებში, ანუ უძლიერესთა ათეული შეირჩა უეფას წევრი 55-ვე ქვეყნის სპორტულ ჟურნალისტთა გამოკითხვის შედეგად (ყოველ ქვეყანას თითო ჟურნალისტი წარმოადგენს, საქართველოდან ჟიურის წევრია რადიო თავისუფლების ქართული სამსახურის დირექტორი დავით კაკაბაძე).

ჟიურის თითოეულ წევრს უნდა დაესახელებინა, მისი აზრით, სეზონის ხუთი უძლიერესი მოთამაშე (პირველ ადგილზე გასულს ენიჭებოდა ხუთი ქულა, მეხუთე ადგილზე გასულს − ერთი). სულ ჟიურის წევრებმა დაასახელეს 37 ფეხბურთელი, რომელთაგან კენჭისყრის მეორე ეტაპზე შემდეგი ათი მოთამაშე გავიდა (მოთამაშეები დალაგებული არიან ანბანის მიხედვით, რადგან დაგროვილი ქულების რაოდენობას უეფა არ ამხელს):

უეფას 2014-15 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელები სელია შაშიჩი (გერმანია) და ლიონელ მესი (არგენტინა)
უეფას 2014-15 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელები სელია შაშიჩი (გერმანია) და ლიონელ მესი (არგენტინა)

გარეთ ბეილი (უელსი/ესპანეთის „რეალი, მადრიდი), ჯანლუიჯი ბუფონი (იტალია/„იუვენტუსი“, ტურინი), ანტუან გრიზმანი (საფრანგეთი/ესპანეთის „ატლეტიკო“, მადრიდი), ტონი კროოსი (გერმანია/ესპანეთის „რეალი, მადრიდი), ლიონელ მესი (არგენტინა/ესპანეთის „ბარსელონა“), თომას მიულერი (გერმანია/მიუნხენის „ბაიერნი“), მანუელ ნოიერი (გერმანია/მიუნხენის „ბაიერნი“), პეპე (პორტუგალია/ესპანეთის „რეალი, მადრიდი), კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია/ესპანეთის „რეალი“, მადრიდი), ლუის სუარესი (ურუგვაი/ესპანეთის „ბარსელონა“).

მეორე ტურში ამ ათეულიდან გამოვლინდება 2015/16 წლების სეზონის საუკეთესოთა სამეული. კენჭისყრა იმავე პრინციპით ჩატარდება – იმ განსხვავებით, რომ ჟიურის წევრები მხოლოდ სამ საუკეთესოს ასახელებენ და თავიანთ ფავორიტებს მხოლოდ უძლიერესთა ათეულიდან ირჩევენ (პირველი ადგილისთვის – სამი ქულა, მეორისთვის – ორი, მესამისთვის – ერთი). მეორე ტურის შედეგებს უეფა 5 აგვისტოს გამოაქვეყნებს და გამოაცხადებს იმ სამი ფეხბურთელის ვინაობას, ვისაც გადამწყვეტ, მესამე ტურში მონაწილეობის უფლება მიენიჭება. ამ სამეულიდან საუკეთესოს კი იმავე ჟიურის წევრები უკვე 25 აგვისტოს გამოავლენენ.

წლეულს უეფა (ESM-თან თანამშრომლობით) უკვე მეექვსე წელია, ამ პრინციპით გამოავლენს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელს. წინა კონკურსების ლაურეატები არიან ლიონელ მესი (2011 და 2015, არგენტინა), ანდრეს ინიესტა (2012, ესპანეთი), ფრანკ რიბერი (2013, საფრანგეთი) და კრიშტიანუ რონალდუ (2014, პორტუგალია).

XS
SM
MD
LG