საქართველოს ეროვნულმა არქივმა 9 ივნისს, არქივების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, უმასპინძლა გამოფენას - „ქართული ანბანის სამი სახეობა“, რომელზეც წარმოდგენილი იყო ასომთავრულად, ნუსხურად და მხედრულად შესრულებული ქართული დამწერლობის ნიმუშების - ხელნაწერებისა და ისტორიული საბუთების - ფოტოასლები, რაც ქართული დამწერლობის განვითარების სამივე ეტაპს ასახავს. ეროვნული არქივის შენობის წინ მოწყობილ საგამოფენო ბლოკებთან მისულ თბილისელებს საშუალება ჰქონდათ ენახათ როგორც ქართველ მეფეთა და კათალიკოს-პატრიარქთა მიერ გაცემული საბუთები, ისე პალიმფსესტური ფურცლებისა და მინიატურების შემცველი უძვირფასესი ხელნაწერები.
ქართული ანბანი, თავისი ორიგინალური მოყვანილობით, მრავალი საუკუნის წინ შეიქმნა. მე-11 საუკუნეში მოღვაწე ისტორიკოსი ლეონტი მროველი „ქართველთა მეფეთა ცხოვრებაში“ წერს:
„ესე ფარნავაზ იყო პირველი მეფე ქართლსა შინა ქართლოსისა ნათესავთაგანი. ამან განავრცო ენა ქართული და არღარა იზრახებოდა სხვა ენა ქართლსა თვინიერ ქართულისა. და ამან შექმნა მწიგნობრობა ქართული“.
ფარნავაზი კი ქართლში მეფობდა ძველი წელთაღრიცხვის მესამე საუკუნის პირველ ნახევარში. არსებობს ქართული დამწერლობის შექმნის სომხური ისტორიული წყაროების გადმოცემაც, რომელიც ქართული ანბანის შექმნას მეხუთე საუკუნის სომეხ ისტორიკოს მესროპ მაშტოცს მიაწერს. ეს ცნობა დაცულია სომეხი ისტორიკოსის, კორიუნის, თხზულებაში „მაშტოცის ცხოვრება და მოღვაწეობა”, თუმცა აკადემიკოსმა ივანე ჯავახიშვილმა თავის ნაშრომში „ქართული დამწერლობათმცოდნეობა“ გამოთქვა ვარაუდი, რომ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებამდეც არსებობდა ქართული წარმართული მწერლობა, რომელიც ქრისტიანულმა ეკლესიამ და „ჟამთა სიავემ“ იმსხვერპლა. ქართული ანბანის მოხაზულობათა შესწავლის შედეგად, ივანე ჯავახიშვილმა დაასკვნა:
„ჯერხანად ცნობილი მეექვსე საუკუნის ქართული დამწერლობის ძეგლები ისეთი მაღალხარისხოვანი კალიგრაფიული განვითარების საფეხურს წარმოადგენენ, რომ ქართული ანბანის დასაწყისი ხანა სულ ცოტა 7-8 საუკუნით უწინარეს არის საგულისხმებელი“.
საქართველოს ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილების ხელმძღვანელის ქეთი ასათიანის თქმით, ქართულმა ანბანმა გაიარა განვითარების სამი საფეხური, რომელთა შესაბამისი წერილობითი ძეგლები, შესრულებული ასომთავრულით, ნუსხურითა და მხედრულით, ეროვნულ არქივში ინახება.
„სამივე ანბანის ნიმუშებია წარმოდგენილი, მათ შორის გახლავთ მეცხრე საუკუნის ე.წ. ანბანდიდი სახარება, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მეხსიერების რეესტრშია შესული... აქვეა სამფენიანი სახარება, პალიმფსესტები, ისტორიული საბუთები, მეფეებისა და კათოლიკოს-პატრიარქების ხელრთვებით“, უთხრა ქეთი ასათიანმა რადიო თავისუფლებას.
ქეთი ასათიანს მივყავართ გამოფენის ერთ-ერთ ექსპონატთან - სახარების სამფენოვან პალიმფსესტთან, რომლის პირველი ფენა მეათე საუკუნის ასომთავრულია, მეორე და მესამე ფენები კი - მე-12 და მე-14 საუკუნეების ნუსხური. ქეთი ასათიანის თქმით, ქართულმა ანბანმა განვითარების სამი ძირითადისაფეხური განვლო:
„უძველესი საფეხური გახლავთ ასომთავრული, შემდეგ მოდის ნუსხური, თუმცა ბევრი დავაა იმაზე, თუ როგორ მოხდა გადასვლა... ნუსხურიდან განვითარდა მხედრული, სწრაფი წერის მოთხოვნილებისა და სხვა გარემოებათა საფუძველზე. ჩვენ გვაქვს გამოფენილი ისეთი ნიმუშები, რომლებიც პირდაპირ კავშირს უჩვენებენ ნუსხურსა და მხედრულს შორის, გვაქვს ე.წ. გარდამავალი მხედრული. გვაქვს საბუთი, რომელიც ნაწერია ნახევრად მხედრული და ნახევრად ნუსხური ხელით“.
საბუთი, რომელიც ქეთი ასათიანმა ახსენა, „ყმების შეწირულობის სიგელი მეფე თამარისა შიო მღვიმის მონასტრისადმი“, 1202 წლითაა დათარიღებული და შესრულებულია ადრემხედრულით.გამოფენის ამ ექსპონატთან გამოველაპარაკეთ ალექსანდრე ნაზღაიძეს, რომელიც წლებია იკვლევს ქართული გვარების ისტორიას და ხშირად სტუმრობს ეროვნულ არქივს.
„ადრემხედრულს რატომღაც არ მივიჩნევთ ანბანად, მიგვაჩნია, რომ ეს არის იგივე მხედრული, მაგრამ დღევანდელი ქართველი ვერ კითხულობს, ძალიან უჭირს... აი, მაგალითად, აქ წერია „ხელითა მწიგნობარისა ჩვენისა იაკობ იწრელიძისაისთა“. დღევანდელი ქართველი აქ ვერც იაკობს წაიკითხავს და ვერც იწრელიძეს. სულ სხვა ასოებია, სულ სხვა მოხაზულობაა, თუმცა მიჩნეულია, რომ იგივე მხედრულია. არ არის იგივე! ნუსხურს რომ შეხედავ, სტამბურად დაბეჭდილი გეგონება, არადა გადაწერილია. თვალს სიამოვნებს, რომ უყურებ“, უთხრა ალექსანდრე ნაზღაიძემ რადიო თავისუფლებას.
ქართული დამწერლობის განვითარების პირველ ეტაპზე შეიქმნა მრგვლოვანი ასომთავრული, რომლის საფუძველზეც წარმოიშვა მისი კუთხოვანი ნაირსახეობა. როგორც რამაზ პატარიძე, ავტორი წიგნისა „ქართული მწიგნობრობა“, ვარაუდობს, ასეთი ტრანსფორმაცია გამოიწვია სწრაფი, გამარტივებული წერის მოთხოვნილებამ. თავის მხრივ, ხანგრძლივი განვითარების შედეგად, კუთხოვანი გარდაიქმნა ნუსხურ დამწერლობად.
"ნუსხური, როგორც ოთხხაზოვანი მკაცრი გრაფიკული სისტემა, უაღრესად წიგნური დამწერლობაა და თვისებრივად შეიძლება შევადაროთ დღევანდელ ბეჭდურ შრიფტს. სწორედ ამიტომ, საუკუნეების მანძილზე იგი გასაოცარ ერთფეროვნებას ინარჩუნებს“, - ვკითხულობთ რამაზ პატარიძის ნაშრომში.
რაც შეეხება საქართველოში ფართოდ გავრცელებულ მოსაზრებას, რომ ქართული ანბანი ერთ-ერთია მსოფლიოში გარცელებულ თოთხმეტს შორის, ამასთან დაკავშირებით აკადემიკოსმა მზექალა შანიძემ „მწერალთა სახლში“ წაკითხულ ლექციაზე თქვა:
„სამწუხაროდ, ასწავლიან, რომ ქართული ანბანი არის ერთი არსებულ თოთხმეტს შორის. ეს არ არის მართალი! ბევრად უფრო მეტი იყო და ბევრად უფრო მეტი არის დღეს - რამდენიმე ათეული არსებობს. ეს ცნობა, რომ 14 ენაა, არის ძველი ქრისტიანული მწერლობიდან ამოღებული, როცა მეტი არ იცოდნენ. იცოდნენ მხოლოდ ქრისტიანული მწერლობიდან, რაღაც სხვა ჰქონდათ კიდევ გაგონილი... ერთი სიტყვით, ეს არ არის სიმართლე“.
ჩვენ რომ სამი ანბანი გვაქვს, არაა უბრალო ამბავი! ამას უნდა შენარჩუნება, მეტი ყურადღება. უამრავი ქართველი გეტყვით, ვიცოდი და დამავიწყდაო. სკოლაში ისწავლეს და დაავიწყდათ. არ უნდა დავივიწყოთ, უნდა გვახსოვდეს. გავიხსენოთ ძველი ქართული, ნამდვილქართული. ხომ ვიცით, რომ ასომთავრულით დაიწყო...ალექსანდრე ნაზღაიძე
სასულიერო ხასიათის მწერლობა იწერებოდა ასომთავრულითა და ნუსხურით, საერო დოკუმენტები კი - ძირითადად მხედრულით. არსებობს ვარაუდი, რომ მხედრული წარმოიშვა ადრინდელი ასომთავრულიდან და ნუსხურიდან და მას იყენებდნენ სამეფო კანცელარიის მდივან-მწიგნობრები, რომლებიც წერდნენ მეფეთა ბრძანებებსა და სიგელებს. აკადემიკოს ავთანდილ არაბულის თქმით, მხედრულმა ანბანმა მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა მე-19 საუკუნეში, როცა ილია ჭავჭავაძემ და მისმა თანამებრძოლებმა ანბანიდან ამოაგდეს მოძველებული 5 ასო, რომლებიც ცოცხალ ქართულ ენაში აღარ გამოიყენებოდა.
„მხედრულში ისევ გაგრძელდა იმ დამატებითი ასონიშნების გამოყენება, რომლებიც არსებობდა მთავრულში: იოტას ნიშანი - ჲ, ხარის ნიშანი - ჴ, ვიე - ჳ დიფთონგი და დამატებითი ნიშანი ბოლოში ჰოე - ჵ, რომელსაც ბგერითი გამოხატულება არ ჰქონდა.ეს ხუთი ასონიშანი მხედრულშიც გაჩნდა იმიტომ, რომ ტექსტებში - მათ შორის ვეფხისტყაოსანშიც - გამოყენებული იყო ის ძველი ასონიშანი „ჴ“. მე-19 საუკუნის რეფორმამ, რადგანაც მაშინდელ სალიტერატურო ქართულში აღარ არსებობდა შესაბამისი ბგერები, არც დიფთონგები, არც იოტა და არც ხარი, ეს ნიშნები ამოიღო ანბანიდან“, უთხრა ავთანდილ არაბულმა რადიო თავისუფლებას.
ავთანდილ არაბულის თქმით, თანამედროვე ქართული დამწერლობა სწორედ ილიასეული რეფორმით სახეცვლილი მხედრულია, რომლის წაკითხვა, განსხვავებით მთავრულისა და ნუსხურისაგან, ყველა სკოლადამთავრებულს შეუძლია, თუმცა, როგორც ალექსანდრე ნაზღაიძე, ქართული გვარების ისტორიის მკვლევარი, ამბობს, ასევე მნიშვნელოვანია ძველი დამწერლობის ცოდნა:
„ჩვენ რომ სამი ანბანი გვაქვს, არაა უბრალო ამბავი! ამას უნდა შენარჩუნება, მეტი ყურადღება. უამრავი ქართველი გეტყვით, ვიცოდი და დამავიწყდაო. სკოლაში ისწავლეს და დაავიწყდათ. არ უნდა დავივიწყოთ, უნდა გვახსოვდეს. გავიხსენოთ ძველი ქართული, ნამდვილქართული. ხომ ვიცით, რომ ასომთავრულით დაიწყო. ასომთავრული შეიცვალა ნუსხახუცურით, სწრაფი წერის თუ ხაზხვეწის შედეგად. შემდეგ მივიღეთ მხედრული. ის ძველი, საწყისი რაც იყო, რატომ უნდა დავივიწყოთ? ჩვენმა წინაპრებმა ფრესკებზე რომ დააწერეს, რატომ დააწერეს? იმ იმედით, რომ შთამომავალი წაიკითხავდა. არადა, დღევანდელი ქართველიც ისევე უყურებს იმ წარწერას, როგორც უცხოეთიდან მოსული ტურისტი“.
ვითარების შეცვლის მიზნით საქართველოს ეროვნულმა არქივმა გამოფენის სანახავად მისულ თბილისელებს საჩუქრად დაურიგა არქივში დაცული ქართული დამწერლობის საუკეთესო ნიმუშების ილუსტრაციები და სანიშნები, სამივე სახეობის ქართული ანბანით: მთავრულით, ნუსხურით და მხედრულით.