საქართველოში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ 24 მაისს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტმა (Coreper) არ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის უფლების მინიჭების თაობაზე. ეს მართლაც ასეა, თუმცა ეს უარს არ ნიშნავს და, თანაც, ამის უკან უშუალოდ საქართველოსთან დაკავშირებულ მიზეზებს ვერ ხედავს რიკარდ იოზვიაკი, რადიო თავისუფლების ბრიუსელელი კორესპონდენტი, რომლის ინფორმაციასაც ეყრდნობოდა მასმედიის დიდი ნაწილი 24 მაისს ატეხილ ხმაურში. 25 მაისს ლელა კუნჭულია რიკარდ იოზვიაკს ტელეფონით დაუკავშირდა და სთხოვა განმარტებები ევროკავშირის ელჩების მიერ გადაწყვეტილების არმიღების მიზეზებსა და სავიზო ლიბერალიზაციის სამომავლო პერსპექტივებთან დაკავშირებით.
დღეს ევროკავშირის ელჩებმა არ მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოსთვის სავიზო ლიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით – ამ შინაარსის ინფორმაცია რიკარდ იოზვიაკმა 24 მაისს გამოაქვეყნა ტვიტერზე და სწორედ აქედან დაიწყო ვნებათაღელვა, რომლის ფარგლებშიც ზოგმა ისიც კი დაასკვნა, რომ ყველაფერი დასრულდა და ევროკავშირმა საბოლოოდ უთხრა უარი საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლის უფლების მინიჭებაზე.
ეს იყო ამ საკთხის პირველი განხილვა ევროკავშირის ელჩების დონეზე და ზოგჯერ ერთი შეხვედრა საკმარისი არ არის იმისათვის, რომ მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტმა გადაწყვეტილება მიიღოს...რიკარდ იოზვიაკი
ეს საბოლოო უარს, ცხადია, არ ნიშნავს და არც გადაწყვეტილების არმიღების მიზეზები უკავშირდება საქართველოს, – განგვიმარტავს 25 მაისის სატელეფონო საუბრისას რადიო თავისუფლების ბრიუსელელი კორესპონდენტი რიკარდ იოზვიაკი და იქვე ორ ძირითად მიზეზსაც გვისახელებს:
„ეს იყო ამ საკთხის პირველი განხილვა ევროკავშირის ელჩების დონეზე და ზოგჯერ ერთი შეხვედრა საკმარისი არ არის იმისათვის, რომ მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტმა გადაწყვეტილება მიიღოს... მეორე მიზეზი კი ის არის, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ (და განსაკუთრებით, მაგალითად, საფრანგეთმა და ბელგიამ) ისურვა საქართველოს სავიზო ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მას შემდეგ მიღება, რაც გადაიდგმება შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის გამარტივების ჭრილში. ევროკავშირის საბჭოს უკვე აქვს მიღებული ეს გადაწყვეტილება, ახლა ევროპარლამენტის ჯერია და ევროპარლამენტი ამ საკითხს, სავარაუდოდ, ივნისში განიხილავს“.
უვიზო რეჟიმის ე.წ. “სწრაფი შეჩერების მექანიზმი“, რაც რიკარდ იოზვიაკმა ახსენა, ანალიტიკოსების განმარტებით, წარმოადგენს იმ მექანიზმის დაჩქარებულ ვარიანტს, რომელიც 2013 წლის ბოლოდან არსებობს ევროკავშირის რეგულაციაში. მცირდება განხილვის ვადები და მარტივდება პროცედურები. ფონდ „ღია საზოგადოება –საქართველოს“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერის ვანო ჩხიკვაძის განმარტებით, ევროკავშირის რეგულაციაში (539/2001) შესული ცვლილების მიხედვით, ”შეჩერების მექანიზმი” იმ შემთხვევაში ამოქმედდება ამა თუ იმ ქვეყნის მიმართ, თუკი, მაგალითად, „საგრძნობლად გაიზრდება“ იმ მოქალაქეების რიცხვი, რომლებიც დაწესებულ ვადაზე უფრო ხანგრძლივად დარჩებიან ევროკავშირის ტერიტორიაზე; თუკი „საგრძნობად გაიზრდება“ თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი, თუმცა მათი განცხადებები დიდწილად დაუსაბუთებელი აღმოჩნდება; ანდა, თუკი ქვეყანა უარს იტყვის თავისი მოქალაქეებისა თუ მისი ტერიტორიის გავლით ევროკავშირის ქვეყნებში გადასული სხვა ქვეყნის მოქალაქეების რეადმისიაზე. ბევრი მიხვდა, რომ ამ ცვლილებას შეხება არა აქვს საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის უფლების მინიჭებასთან და რომ ევროკავშირის ქვეყნები სამომავლოდ, უბრალოდ, თავის დაზღვევას ცდილობენ.
შესაბამის წყაროებზე დაყრდნობით, რიკარდ იოზვიაკი დარწმუნებით აცხადებს, რომ ევროკავშირის ელჩები გააგრძელებენ დისკუსიას საქართველოს სავიზო ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით და რომ საბოლოო გადაწყვეტილება, ყველაზე გვიან, მიღებული იქნება 10 ივნისს, როცა საქართველოს სავიზო ლიბერალიზაციის თემა ევროკავშირის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრებმა ლუქსემბურგში უნდა განიხილონ.
ევროკავშირის საბჭოს კალენდარს ყურადღებით აკვირდებიან საქართველოშიც და მათ შორის არის ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე. მან ზუსტად იცის, თუ რამდენჯერ შეხვდებიან ერთმანეთს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლები მანამდე, ვიდრე ამ საკითხს მინისტრები განიხილავენ. როგორც ჩხიკვაძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, პროცესი მიმდინარეობს და უსიამოვნო სიურპრიზები მოსალოდნელი არ არის:
„ისინი იკრიბებიან რეგულარულად. აი, მაგალითად, 10 ივნისამდე ისინი შეიკრიბებიან კიდევ ოთხჯერ. 10 ივნისს იმიტომ ვახსენებ, რომ ამ დღეს უნდა გაიმართოს ევროკავშირის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრა. ფაქტობრივად, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრები ამტკიცებენ იმ გადაწყვეტილებას, რასაც იღებს Coreper–ი (ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტი). არ არსებობს მოლოდინი იმისა, რომ Coreper–ი უარყოფით გადაწყვეტილებას მიიღებს. ასეთი რამ შეუძლებელია. შეკითხვა არის არა „კი თუ არა?“, არამედ „როდის?“. ამისთვის წინ არის მუდმივი წარმომადგენლების კიდევ ოთხი შეხვედრა, 10 ივნისის ჩათვლით“.
სავიზო ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული პროცესების შეუჩერებელ და თანმიმდევრულ წარმართვაში ეჭვი არ ეპარება თბილისს. როგორც ბრიუსელიდან ახლახან დაბრუნებული საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე აღნიშნავს, ევროკავშირში კარგად იციან, რომ საქართველომ ყველაფერი გააკეთა უვიზო მიმოსვლის ნებართვის მოსაპოვებლად და რომ ახლა ევროკავშირმაც უნდა შეასრულოს თავისი დაპირება. ჯანელიძე მშვიდად ლაპარაკობს ევროკავშირის ელჩების 24 მაისის შეხვედრაზეც და სჯერა, რომ ელჩები მინისტრებს პოზიტიურ გადაწყვეტილებას მოუმზადებენ:
„[24 მაისს] განხილვა მოხდა ისე, როგორც დაგეგმილი იყო. თქვენ შეგიძლიათ დღის წესრიგშიც ნახოთ – ეს იყო მუდმივი წარმომადგენლობის დონეზე პირველი მოსმენა, სადაც იმსჯელეს საქართველოს საკითხზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ეს არის წინაპირობა: მუდმივი წარმომადგენლობები ამზადებენ გადაწყვეტილებას საბჭოსთვის და საბჭოს სხდომა დაგეგმილია ივნისის დასაწყისში“.
საუკეთესო ვარიანტი იქნება, თუკი საბოლოო დადებითი გადაწყვეტილება ევროპარლამენტის არდადეგებამდე (8 ივლისამდე) იქნება მიღებული...კახა გოგოლაშვილი
თუკი ევროპარლამენტის არდადეგებამდე, რომელიც, ამჟამად მოქმედი კალენდრის თანახმად, 8 ივლისიდან იწყება, მოხერხდება სავიზო ლიბერალიზაციის საკითხის დადებითად გადაწყვეტა და შემდგომმა პროცედურებმაც არ დააყოვნა, ანალიტიკოსების ერთი ნაწილის აზრით, საქართველოს მოქალაქეები უვიზო მიმოსვლით სარგებლობას უკვე ზაფხულშიც შეძლებენ. ვანო ჩხიკვაძე განგვიმარტავს, რომ საკითხი ევროპარლამენტის სხდომაზე ევროკავშირის საბჭოს დადებითი გადაწყვეტილების შემდეგ გავა, ხოლო პარლამენტის დასტურს უნდა მოჰყვეს დოკუმენტზე ევროპარლამენტის პრეზიდენტისა და ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის იუსტიციის ან შსს მინისტრის ხელმოწერები. სულ ბოლოს კი, დოკუმენტი უნდა გამოქვეყნდეს ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში და, სტანდარტული პროცედურის მიხედვით, დოკუმენტი გამოქვეყნებიდან 20 დღეში შედის ძალაში.
„საუკეთესო ვარიანტი იქნება, თუკი საბოლოო დადებითი გადაწყვეტილება ევროპარლამენტის არდადეგებამდე (8 ივლისამდე) იქნება მიღებული“, – ეუბნება რადიო თავისუფლებას ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი და ის ამ საკითხს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში განიხილავს. ანალიტიკოსი შიშობს, რომ თუკი არჩევნებისთვის საქართველოში პოლიტიკური ვითარება გამწვავდა, შესაძლოა დროში გაჭიანურდეს სავიზო ლიბერალიზაციის პერსპექტივაც, მაგრამ თუკი დადებითი გადაწყვეტილების მიღება 8 ივლისამდე მოხერხდება, კახა გოგოლაშვილის გათვლით, საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობას, ყველაზე გვიან, სექტემბერში შეძლებენ.
ბრიუსელიდან სხვადასხვა დროს წამოსული სიგნალებით თუ ვიმსჯელებთ, სავიზო ლიბერალიზაციის პროცედურები ევროპარლამენტის ზაფხულის არდადეგებამდე უნდა დასრულდეს. ამ შინაარსის განცხადებები ეკუთვნით, მაგალითად, ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსსა თუ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენელს ელმარ ბროკს. შესაძლებლობაზე, რომ ეს პროცესი ევროპარლამენტის არდადეგებამდე დაგვირგვინდეს, რიკარდ იოზვიაკიც ლაპარაკობს, თუმცა ამ ეტაპზე შეუძლებელია კონკრეტული თარიღების დასახელება.
ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, „უვიზო მიმოსვლით ისარგებლებს ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს ყველა მოქალაქე – 180 დღის განმავლობაში მაქსიმალური 90 დღის ვადით“. საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული გზამკვლევის თანახმად, უვიზო რეჟიმის არეალი მოიცავს ევროკავშირის წევრ 22 ქვეყანას, ევროკავშირის არაწევრ 4 ქვეყანას და შენგენის ზონაში გაერთიანების კანდიდატ 4 ქვეყანას.