Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მშვიდობის ვენახი“ - ძველი აფხაზური ვაზის ჯიშებით


ჯიღაურის საკოლექციო სანერგე
ჯიღაურის საკოლექციო სანერგე

ვენახი, სადაც ერთმანეთის გვერდით გაიზრდება მეგრული და აფხაზური ჯიშის ვაზი და რომელიც სამეგრელოში გაშენდება, მერე კი უძველესი აფხაზური ჯიშის ყურძნისგან ღვინოც ჩამოისხმება, მაგალითად, ავასირხვა - ეს საქართველოს ღვინის კლუბის წევრის, ალეკო ცქიტიშვილისა და მისი მეგობრების ერთობლივი იდეაა, რომელზეც უკვე მეორე წელია ფიქრობენ. საჭიროა მიწის ფართობი და იდეა სინამდვილედ იქცევა - აფხაზური ვაზის ენდემური ჯიშები დღესაც ხარობს საგურამოსთან ახლოს, ჯიღაურის საკოლექციო სანერგეში, და გამრავლების მსურველებს ელის. ალეკო ცქიტიშვილი თავს იმ ადამიანთა ჯგუფს მიაკუთვნებს, ვინც ფიქრობს, რომ ასეთი პატარ-პატარა სიგნალებით ქართველებსა და აფხაზებს შორის კონტაქტის აღდგენის შესაძლებლობა იზრდება. ვენახსაც ამიტომ მოუფიქრა ასეთი სახელი - „მშვიდობის ვენახი“.

იდეა - „მშვიდობის ვენახი“

რატომაც არა, გაიფიქრა ერთ დღეს ალეკო ცქიტიშვილმა, საქართველოს ღვინის კლუბისა და ქართული ვაზის ფონდის წევრმა, რომელიც, თანამოაზრეებთან ერთად, კახეთში კახური ვაზის ჯიშების გაშენებითაც არის დაკავებული, რატომაც არა, გაშენდეს ასეთი ვენახი. გაცოცხლდეს აფხაზური ვაზი, გადაწყვიტა მან და იდეა ღვინის კლუბსაც გააცნო. რა ვიცით, ფიქრობს ალეკო, იქნებ ისე მოხდეს, რომ სამეგრელოდან აფხაზებმაც წაიღონ ნერგები და აფხაზეთშიც გააშენონ, იქნებ ხალხს გადაკვეთის კიდევ ერთი წერტილი გაუჩნდეს:

„როგორც ამ საქმის მოყვარულს, ენთუზიასტს, გამიჩნდა „მშვიდობის ვენახის“ გაშენების იდეა. ეს იქნება ადგილი, სადაც უძველესი ქართული და აფხაზური ვაზის ჯიშები გვერდიგვერდ გაიხარებს. ოღონდ, ეს უნდა იყოს არა კოლექცია-მუზეუმი, სადაც უბრალოდ დაცული იქნება ეს ჯიშები. მე მინდა,რომ ეს ვაზი იმ რაოდენობით გაშენდეს, რომ მისგან ღვინო ჩამოვასხათ და მის პოპულარიზაციაზეც ვიზრუნოთ. მინდა ყველამ გაიგოს, რა ღვინოა ეს“.

ალეკო ცქიტიშვილი
ალეკო ცქიტიშვილი

ალეკო ცქიტიშვილი დარწმუნებულია, რომ ისეთი აფხაზური ჯიშები, როგორიცაა, მაგალითად, ავასირხვა და ამლახუ, სამეგრელოში გაშენების შემთხვევაში, თავის საუკეთესო თვისებებს არ დაკარგავს და მათგან ღვინოც კარგი დადგება. საჭიროა ხალხში ამ ვაზის ჯიშის დაბრუნება და გამრავლება. ასეთი ვაზის ჯიშები არ უნდა დავკარგოთ - ყველა მათგანს ხომ თავისი განსაკუთრებული ისტორია აქვს, ამბობს ალეკო ცქიტიშვილი:

„თითოეული ვაზის ჯიში განსაკუთრებულია, ინდივიდუალური, ადამიანივით, თავისი გამორჩეული თვისებებით. ყველას თავისი წარმოშობის ისტორია აქვს, თვისებებიც, რომელიც შემდეგ ღვინოშიც გადადის. ამპელოგრაფების მიერ ჯერ კიდევ წინა საუკუნეში აღწერილია ვაზის 525 ჯიში და მათ შორისაა უძველესი აფხაზური ჯიშებიც, აფხაზური სახელწოდებებით“.

ახლოს, აღმოსავლეთით - სამეგრელოში

ალეკომ „მშვიდობის ვენახის“ გაშენების იდეა ღვინის კლუბის კიდევ ერთ წევრს, ზაზა გაგუას, გაუზიარა. დიდი ხანი არ არის, რაც ზაზა ოჯახთან ერთად თბილისიდან მარტვილში გადასახლდა. ის დღეს სამეგრელოს ბუნების ძეგლების კომპლექსის და ოკაცეს ბუნების ძეგლების ადმინისტრაციას ხელმძღვანელობს, თან საკუთარი მეურნეობაც აქვს - ოჯალეშის პირველი მოსავალი უკვე აიღო და ღვინის პირველი პარტიაც წარმატებით გაიყიდა. შარშან კი ჯიღაურის სანერგე მეურნეობიდან ას-ასი ძირი ძველი მეგრული ჯიშის ვაზი წაიღო და გააშენა. ჯერ მოლოდინშია. დრო და მოთმინება - სხვანაირად ვენახი ვერ გაშენდებაო, ამბობს. „ერთი სანერგიდან შესაძლოა მხოლოდ ათი ნერგი წაიღო, დარგო და გაახარო, ის ათი ერთ წელიწადში ასად იქცევა და ა.შ. ეს პროცესია“, - გვეუბნება ზაზა გაგუა.

იქნებ, როდესაც გაიგებენ, რომ აქ არის საშუალება ძველი აფხაზური ვაზის ჯიშის ნერგების შოვნისა, კონტაქტზე გამოვიდნენ, წაიღონ და ნელ-ნელა იქაც გააშენონ ვაზი...
ზაზა გაგუა

როგორც ზაზა მოგვითხრობს, სწორედ ერთი წლის წინ აფხაზებს, შუამავლების დახმარებით, სამეგრელოდან ოჯალეშის ნერგები უყიდიათ და წაუღიათ. ზაზას სოფელში თურმე 10 000 ნერგი მოაგროვეს და იყიდეს. იქნებ ეს ფაქტი, რომ აქ ძველ აფხაზურ ჯიშებს მოვაშენებთ, ურთიერთობის აღდგენისკენ გადადგმული თუნდაც ერთი ნაბიჯი გახდეს, ამბობს ზაზა გაგუა:

„იქნებ, როდესაც გაიგებენ, რომ აქ არის საშუალება ძველი აფხაზური ვაზის ჯიშის ნერგების შოვნისა, კონტაქტზე გამოვიდნენ, წაიღონ და ნელ-ნელა იქაც გააშენონ ვაზი. ეს არ არის ორი დღის ამბავი და კარგად გვესმის, რომ შედეგის მიღებას 10-15 წელი დასჭირდება, მაგრამ მგონია, რომ კონფლიქტებიც ასეთი გზით გვარდება და არა სხვა მეთოდებით“.

„მშვიდობის ვენახის“ გაშენების იდეა უკვე ორი წელია არსებობს, მაგრამ, როგორც ზაზა გაგუა გვეუბნება, ამ დრომდე ვერ გადაწყდა მიწის საკითხი - იმედი ჰქონდათ, რომ მიწას სახელმწიფოსგან იმ პირობით მიიღებდნენ, რომ იქ ვენახიც გაშენდებოდა და საგანმანათლებლო ცენტრსაც გახსნიდნენ. საუბარია მარტვილის რაიონის სოფელ თარგამეულზე, რომელიც ვაზის ნერგების მყნობის ტრადიციით არის ცნობილი. თუმცა მეთოდები უკვე ძალიან მოძველდა და იქაურ გლეხებს ახალი ტექნოლოგიების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება არ აწყენდათ. ზაზა ფიქრობს, რომ თუ ეს საქმე ბოლომდე მივიდა, მომავალში იქვე შეიძლება სკოლაც გაკეთდეს, სადაც მსურველებს ვაზის დამყნობას შეასწავლიან. თუ დღეს, ადგილობრივი გლეხების მიერ დამყნობილი ნერგის შემთხვევაში, ვაზის გახარების შანსი 30 %-ია, ახალი ტექნოლოგიების შესწავლა გლეხებს მისცემს იმის შესაძლებლობას, რომ პროცენტის მაჩვენებელი 90-მდე გაიზაროს.

ჯიღაურის საკოლექციო სანერგე
ჯიღაურის საკოლექციო სანერგე

დღეს რა ჯიშები მოჰყავთ აფხაზეთში და არის თუ არა მათ შორის ავასირხვა, ამლახუ ან სხვა უძველესი ვაზის ჯიშები, დაზუსტებული ინფორმაცია მეღვინეებს არ აქვთ. ვარაუდობენ, რომ შესაძლოა ეს ჯიშები აქა-იქ ცალკეულ გლეხებს ჰქონდეთ შემორჩენილი ვენახებში.

აფხაზური საიტებიდან ვიგებთ, რომ ადგილობრივ წარმოებული ღვინო უკვე რამდენიმე წელია რუსეთში იყიდება. თუ ამავე საიტებზე განთავსებულ ღვინის ეტიკეტებს გადავხედავთ, თვალში მოგხვდებათ ისეთი ღვინოების დასახელებები, როგორიცაა: „ლიხნი“, „ეშერა“, „დიოსკურია“, „ამრა“, „აჩანდარა“, „ფსოუ“. ამ ღვინოებს ვაზის ისეთი ჯიშებისგან ამზადებენ, როგორიცაა იზაბელა, ცოლოკოური თუ საფერავი.

ჯიღაურა - ვაზის იშვიათი ჯიშების საცავი

ძველი აფხაზური ვაზის ჯიშები ჯიღაურის სანერგე მეურნეობაშია დაცული. ყველა მწკრივს, წარმომავლობის მიხედვით, თავისი აბრა აქვს მიკრული, ვაზის ჯიშის სახელწოდებით. აი, აფხაზეთიც. აფხაზური ენის უცოდინრისთვის ოდნავ ენის გასატეხი სახელებია. რაღაცნაირდ გამოთქმით უნდა თქვა, მკვეთრად. ენის სასაზე მიბჯენით: აჟაპშ, ამლახუ, აგბიჟ, აციმლიჟ, ავასირხვა... ახლა გაზაფხულია და ვაზს სხლავენ. ცოტაც და 450 ძირზე მეტი ვაზი ერთდროულად გამწვანდება.

ახლა ეს ჯიშები აქ ხარობს და თუ ჩვენი სანერგის აფხაზეთის კუთხეს ჩაუვლით, მათ ნახავთ. მთავარია სურვილი და წარმატებით შეიძლება ამ ვაზის ძირების ჩაყრა მათი წარმოშობის ადგილებში და ისევ გამრავლება...
ლევან უჯმაჯურიძე

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორი პროფესორი ლევან უჯმაჯურიძე გვიამბობს, რომ ბოლო რამდენიმე ათწლეულში ქართული ვაზის ენდემური ჯიშების გადაშენებისა და დაკარგვის რეალური საფრთხე გაჩნდა. ეს მაშინ როდესაც, მეცნიერების ვარაუდით, ვაზის მოვლის ტრადიცია საქართველოში რვა ათას წელს ითვლის. საქართველოს ტერიტორიაზე ვაზის 525 ჯიში ხარობდა. როგორც ლევან უჯმაჯურიძე ამბობს, მათგან 80 კახური ჯიში იყო, 72 ადგილობრივი ჯიში ხარობდა ქართლში, აფხაზეთში 53 ჯიშს ითვლიდნენ, აჭარაში - 53-ს. სამეგრელოში - 60-ს. გურიაში - 59-ს, სამცხე-ჯავახეთში - 26 ჯიშს, რაჭაში - 50-ზე მეტს და ა.შ. მათი უმრავლესობა საკოლექციო ნაკვეთების საკუთრება იყო. წლების განმავლობაში საქართველოში არსებული ეს ნაკვეთები განადგურდა, ვაზი ამოძირკვეს და ნელ-ნელა კოლექციაც გაღარიბდა. რამდენიმე წლის წინ ნერგების ნაწილი მოლდავეთისა და ყირიმის იალტის საკოლექციო ნაკვეთებიდან საქართველოში დააბრუნეს. არაერთი ძველი ქართული ვაზის ჯიში იქ ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში იყო გაგზავნილი.

ჯიღაურის განახლებული სანერგე მეურნეობის ისტორია კი 2007 წლიდან იწყება. პროექტი მაშინ ფონდმა „ქართუმ“ დააფინანსა, მოგვიანებით კი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადასცა და დღეს ამ საკოლექციო 450-ზე მეტი ქართული ენდემური ჯიშის ვაზია დარგული.

ლევან უჯმაჯურიძე
ლევან უჯმაჯურიძე

„ჩვენი უპირველესი მიზანია, რომ ეს ენდემური ჯიშები თავის კუთხეებს დავუბრუნოთ. წელს, 2016-ში, სწორედ ეს გვაქვს დაგეგმილი, რომ საქართველოს 6 რეგიონში გაკეთდეს ადგილობრივი საკოლექციო ნაკვეთები, მათ შორის: გურიაში, იმერეთში, სამეგრელოში, რაჭაში, სამცხე-ჯავახეთში და ასე მივყვებით და სხვა რეგიონებსაც მოვიცავთ“.

ლევან უჯმაჯურიძე გვიხსნის, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ სტანდარტული ჯიშების გვერდით სამრეწველო ასორტიმენტში თავის ადგილს იკავებს ვაზის ისეთი ჯიშები, რომლის მხოლოდ რამდენიმე ძირი თუ ხარობდა არცთუ ისე შორეულ წარსულში. ასეთებია: ხიხვი, საკმიელა, ქისი, ჩიტისთვალა ბოდბური, კუნძა თუ სხვა. ინტერესი ამ ჯიშების მიმართ საკმაოდ დიდია და ნელ-ნელა მათი გამრავლების ტემპიც იზრდება. რაც შეეხება აფხაზურ ჯიშებს, ლევან უჯმაჯურიძე გვეუბნება, რომ ეს ჯიშებიც მაღალი გემური თვისებებით გამოირჩევა და მათი დასავლეთ საქართველოში, აფხაზეთთან ახლოს, სამეგრელოში გაშენებას წინ არაფერი უდგას:

„აუცილებლად უნდა ვახსენოთ და გავიხსენოთ ვაზის ისეთი ჯიშები, როგორიცაა: ავასირხვა, ამლახუ, აკომშტალი, ლაკოიაჟი, კაჭიჭი. ეს და სხვა აფხაზური ვაზის ჯიშები ჩვენს კოლექციაშია დაცული. ისინი ჩვენ იალტის საკოლექციო ნაკვეთიდან დავაბრუნეთ, რადგან აქ უკვე გადაშენებული იყო და ახალი სიცოცხლე მივეცით. ახლა ეს ჯიშები აქ ხარობს და თუ ჩვენი სანერგის აფხაზეთის კუთხეს ჩაუვლით, მათ ნახავთ. მთავარია სურვილი და წარმატებით შეიძლება ამ ვაზის ძირების ჩაყრა მათი წარმოშობის ადგილებში და ისევ გამრავლება“, - ამბობს ლევან უჯმაჯურიძე.

ვაზის და ღვინის კიდევ ერთი ქომაგის, ღვინის კლუბის წევრის, ლევან სებისკვერაძის სტატიაში კი, რომელიც სწორედ აფხაზურ ვაზის ჯიშს, ავასირხვას, ეძღვნება, ვკითხულობთ, რომ „კარგი ღვინო ყველა ადამიანს უყვარს, ღვინის სიყვარულს ვერც ბლოკპოსტები შეაჩერებს და ვერც მავთულხლართები. ქართველი და აფხაზი ხალხის დაახლოებაც, იმედია, სწორედ ღვინით, უპირველესად კი, ავასირხვათი უნდა დაიწყოს“.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG