ყარაბაღის კონფლიქტი - კიდევ ერთი მოუშუშებელი ჭრილობა სამხრეთ კავკასიის პოლიტიკურ რუკაზე.
საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის სასაზღვრო გადაკვეთის ადგილას, სოფელ თექალში, რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის და სადაც უკვე მესამე წელია იკრიბებიან სამივე ქვეყნის სამოქალაქო ორგანიზაციები, უბრალოდ, საზღვრისპირა ტერიტორიებზე მცხოვრებნი, გასულ კვირაში გამართულ შეხვედრაზე ნდობის აღდგენის პერსპექტივებზე იმსჯელეს, ბევრი ისაუბრეს, ახალი იდეებიც წამოაყენეს და ადრე გაჟღერებულიც გაიმეორეს.
შეხვედრა, სადაც თავი მოიყარეს თბილისიდან, მარნეულიდან, ბაქოდან, იჯევანიდან განჯიდან თუ ერევნიდან მოწვეულმა სტუმრებმა, ამჯერადაც იმიტირებული სასამართლოს ფორმატში ჩატარდა: მოხსენებები, კითხვები, აუდიტორიის კომენტარები და კენჭისყრა. თუმცა წინასწარ შედგენილი პროცედურა თექალის შეხვედრებზე, როგორც წესი, ირღვევა ხოლმე, მომხსენებელთა გამოსვლების თუ შემოთავაზებული იდეების შესაბამისად.
შეიქმნას სამხრეთ კავკასიის ეროვნებათა საქმის კომიტეტი, ასევე სამხრეთ კავკასიის ნაციონალურ უმცირესობათა სპეციალური წარმომადგენლის ინსტიტუტი, ანალოგიურად ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა საკითხების უმაღლესი კომისარიატისა, რათა შეიქმნას კონფლიქტების შესახებ ხელისუფალთა ადრეული შეტყობინების მექანიზმი, თავად ამ კონფლიქტების აღკვეთის მიზნით...ხამის მასიმოვი
მაგალითად, ახალგაზრდა ბაქოელი ანალიტიკოსის ახმედ ალილის გამოსვლას ბევრი კომენტარი და შეკითხვა მოჰყვა, არადა მომხსენებელს ისეთი განსაკუთრებული არაფერი უთქვამს, რაზეც აქამდე არ ემსჯელათ სხვადასხვა მოედანზე აზერბაიჯანელ თუ სომეხ ექსპერტებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. კერძოდ, მომხსენებლის აზრით, იმ დროს, როცა ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც ყარაბაღის კონფლიქტის მოწესრიგებას ისახავს მიზნად, იბლოკება ოფიციალური ერევნისა და ბაქოს მხრიდან, როცა არ ენდობიან ერთმანეთს, წინა პლანზე სამოქალაქო სექტორი უნდა გამოვიდეს, უფრო მეტად გააქტიურდეს, უნდა გააქტიურდნენ კონფლიქტისპირა მცხოვრებნი:
„მე ვფიქრობ, რომ ადგილობრივ მოსახლეობას აწუხებს, თუნდაც, მეცხოველეობის საკითხი, პირუტყვის თავისუფლად გადაადგილების პრობლემა. სურთ ახლობლების საფლავების მონახულება. იმის თქმა მინდა, რომ დიპლომატიური კრიზისის ფონზე ამ პრობლემების გადაწყვეტა ადგილობრივთა ჩართულობისა და სამოქალაქო საზოგადოების ძალისხმევის გარეშე ვერ მოხდება“.
თბილისელი კონფლიქტოლოგის გიორგი თარხან-მოურავის შეკითხვაზე, არიან თუ არა კონფლიქტისპირა რეგიონში მცხოვრებნი მზად იმისთვის, რომ ერთად განიხილონ პრობლემები, ახმედ ალილიმ უპასუხა, რომ, მისი ინფორმაციით, ასეთი სურვილი არსებობს, თუმცა საჭიროა სამოქალაქო ორგანიზაციების მუშაობა ამ მიმართულებით.
კიდევ ერთმა მომხსენებელმა კი ყაზახიდან (აზერბაიჯანი), ხამის მასიმოვმა, გადაჭრით განაცხადა, რომ ადამიანები, რომლებიც დღეს დაპირისპირების სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდნენ, ერთმანეთის მიმართ ნოსტალგიას განიცდიან და ამის საილუსტრაციოდ კონკრეტული მაგალითებიც მოიყვანა:
"ჩაიხანაში როცა ზიხარ, ბევრი იხსენებს როგორ ცხოვრობდნენ ერთად ომამდე. საუბრებში ნოსტალგია იგრძნობა. ჩემი მეგობარი ზარდუშტ მამედოვი მიყვება ხოლმე, როცა მისი და დაიღუპა, ეს კი მოხდა 1991 წელს, სისხლისმღვრელი დაპირისპირების დროს, სომეხი მეგობრები ავტობუსით ჩამოვიდნენ დაკრძალვაზე და მიუსამძიმრეს. ეს იმ დროს, როცა ბევრი ვერ გარისკავდა საზღვრის გადაკვეთას“.
ხამის მასიმოვის აზრით, იმის გამო, რომ დაპირისპირებულ სახელმწიფოთა ლიდერებს არ სურთ კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგება, მიზანშეწონილია შეიქმნას მომრიგებელი სტრუქტურა, კავკასიის ნაციონალურ უმცირესობათა სპეციალური წარმომადგენლის ინსტიტუტი, დაახლოებით ისეთი, როგორიც ეუთოშია:
„შეიქმნას სამხრეთ კავკასიის ეროვნებათა საქმის კომიტეტი, ასევე სამხრეთ კავკასიის ნაციონალურ უმცირესობათა სპეციალური წარმომადგენლის ინსტიტუტი, ანალოგიურად ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა საკითხების უმაღლესი კომისარიატისა, რათა შეიქმნას კონფლიქტების შესახებ ხელისუფალთა ადრეული შეტყობინების მექანიზმი, თავად ამ კონფლიქტების აღკვეთის მიზნით“.
თუმცა ამ იდეას, რომელიც ხამის მასიმოვს ადრეც გამოუთქვამს, შეხვედრაზე მყოფი ექსპერტები სკეპტიკურად შეხვდნენ. მათი განცხადებით, იმ დროს, როცა არ არსებობს კონფლიქტის მორიგების პოლიტიკური ნება, ასეთი ინსტიტუტის შექმნა ნაადრევი და უტოპიურიც კია.
თექალის შეხვედრაზე განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ყარაბაღის სახელით რუსი ექსპერტის ანტონ ევსტრატოვის გამოსვლამ, რომელმაც მკაცრად გააკრიტიკა კონფლიქტის სამშვიდობო პროცესში ჩართული სახელმწიფოები თუ საერთაშორისო ინსტიტუტები იმ მხრივ, რომ მათ რეალურად არ სურთ პრობლემის მოგვარება. რუსი ექსპერტის თქმით, ყარაბაღის კონფლიქტის მოუგვარებლობით დაინტერესებულია რეგიონის ერთ-ერთი ძირითადი მოთამაშეც, რუსეთი:
„რუსეთი წარმოადგენს ერთ-ერთს იმ მოთამაშეთაგან, რომელთაც აწყობთ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის მოუგვარებლობა, ამით ის ზეწოლას ახდენს მხარეებზე. გარდა ამისა, კონფლიქტი საშუალებას აძლევს რუსეთს დაიკმაყოფილოს ბიზნესინტერესები იარაღის გაყიდვით“.
ასეთ პირობებში და იმ დროს, როცა მხარეთა შორის ნდობა ლამის ნულის ტოლია, დასძინა ევსტრატოვმა, გამოსავალი იქნებოდა ისეთი უსაფრთხოების სისტემის შექმნა, რომელიც კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაციას შეძლებდა. ამის გარეშე სამოქალაქო ორგანიზაციების აქტიურობა არაფრისმომტანი იქნება.
ამაზე გიორგი თარხან-მოურავმა იკითხა, თუ ვინ, რომელი სტრუქტურა და როგორ უზრუნველყოფს კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაციას:
„ვინ მოგვცემს გარანტიას, რომ ასეთი სტრუქტურა და, საერთოდ, უსაფრთხოების სისტემა შეიქმნება, როცა სახეზე გვაქვს, მაგალითად, უკრაინის სუვერენიტეტის შელახვის ყოვლად აღმაშფოთებელი ფაქტი და, მეორეც, როგორ წარმოგიდგენიათ, ვინ დათანხმდება ყარაბაღის და მის გარშემო ტერიტორიების დემილიტარიზაციას?“
ჩემი თექალელი მეგობარი სამველ ბეგლარიანი ჩემს თვალწინ იცვლება, მეც ვიცვლები, ძალიან ვიცვლები, ჩემი ქართველი და სომეხი მეგობრების გავლენის შედეგად...ზარდუშტ ალიზადე
ამაზე ანტონ ევსტრატოვს კონკრეტული პასუხი არ გაუცია, თუმცა გაიმეორა, რომ, საბოლოოდ, ეს საკითხი დამოკიდებულია კონფლიქტის უშუალო მონაწილეთა პოლიტიკურ ნებაზე.
შეხვედრაზე რეზონანსი გამოიწვია ერევნელი სტუდენტის ასია ნერსესიანის გამოსვლამ, რომელმაც თექალის პროცესის, როგორც სამოქალაქო დიალოგის პლატფორმის, მიმართ, ერთგვარი სკეპტიციზმი გამოთქვა. ამგვარი განწყობის მიზეზი, პირველ რიგში, ის არის, რომ თექალის პროცესი მხოლოდ შეხვედრებით შემოიფარგლება და აქ გამოთქმული იდეების ხორცშესხმა არ ხდება არც აზერბაიჯანში, არც სომხეთში.
ახალგაზრდა ოპონენტის სკეპტიციზმს ბაქოელმა ექსპერტმა ზარდუშტ ალიზადემ, თექალის პროცესის უცვლელმა მონაწილემ და აქტიურმა პოპულარიზატორმა, შემდეგი პასუხი გასცა:
„ასია, აქ მიღებული ცოდნა, მოსაზრებები თქვენ შეგიძლიათ გაუზიაროთ თქვენს მეგობრებს ერევანში, რათა ისინიც დაფიქრდნენ მშვიდობის მნიშვნელობაზე, პოპულარიზაცია გაუწიონ სამშვიდობო პროცესს. მაგალითად, ჩემი თექალელი მეგობარი სამველ ბეგლარიანი ჩემს თვალწინ იცვლება, მეც ვიცვლები, ძალიან ვიცვლები, ჩემი ქართველი და სომეხი მეგობრების გავლენის შედეგად“.
საბოლოოდ შეხვედრა იმით დასრულდა, რომ მონაწილეებმა თითქმის ერთხმად აღნიშნეს ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში არასამთავრობო ორგანიზაციების მნიშვნელობა და მხარი დაუჭირეს სამშვიდობო პროცესში მათი მონაწილეობის აუცილებლობას.