Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თექალი - დიალოგის საზღვრისპირა კუნძული


მარნეულის რაიონის საზღვრისპირა სოფელი თექალი, რომელიც თბილისიდან სამხრეთით - მანქანით დაახლოებით 2 საათის სავალზე - მდებარეობს, საქართველოს საზოგადოებას ბევრს არაფერს ეუბნება, თუმცა მას კარგად იცნობენ კავკასიის ქვეყნების ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც დაპირისპირებულ მხარეთა დაახლოებისა და სომხურ-აზერბაიჯანული დიალოგის მონაწილენი არიან. 21 ივლისს არასამთავრობო ორგანიზაციები უკვე მესამედ შეხვდნენ ერთმანეთს.

ამჯერად ეგრეთ წოდებული სამოქალაქო მოსმენის თემა იყო „თექალის პროცესი. საზღვრისპირა რესურსები“.

სამოქალაქო მოსმენაში, რომელიც ღი ცის ქვეშ, ერთ-ერთი ადგილობრივი მკვიდრის ეზოში გაიმართა, მონაწილეობა მიიღეს სამოქალაქო აქტივისტებმა, პოლიტოლოგებმა, კულტურის წარმომადგენლებმა, ბაქოდან და ერევნიდან, უბრალოდ, მოქალაქეებმა სამივე ქვეყნის საზღვრისპირა რაიონებიდან.

რატომ აირჩიეს ორგანიზატორებმა დიალოგის ადგილად მაინცდამაინც თექალი, დასახლებული პუნქტი, რომელიც პრაქტიკულად სამი ქვეყნის საზვრის გადაკვეთის წერტილში მდებარეობს?

ბოლოდროინდელმა სროლებმა შემიქმნა შთაბეჭდილება, რომ ქალბატონ კლინტონს აგრძნობინეს, ვინ არის რეგიონის ბატონ-პატრონი, მიანიშნეს, რომ ცხვირი არ ჩაყოს აქ, უთხრეს სამხრეთ კავკასია ჩვენიაო ...
ზარდუშთ ალიზადე

გეორგ ვანიანმა, სამშვიდობო ინიციატივების კავკასიური ცენტრის დირექტორმა, ამაზე არგუმენტირებული პასუხი გასცა. მისი თქმით, მშვიდობისთვის მებრძოლმა სამოქალაქო ორგანიზაციებმა თავი უნდა ანებონ დიალოგის რეჟიმს კავკასიის დედაქალაქებში და გადაინაცვლონ საზღვრისპირა რაიონებში. ამით სამოქალაქო სექტორი ხელს შეუწყობს დაპირისპირების ზონაში დაძაბულობის განმუხტვას.

”გადაიტანეთ თქვენი პროექტები თექალიში, გააფართოეთ თქვენი მოქმედების არეალი სომხეთის მიმართულებით, სოფელ პერფავანისკენ, ან აზერბაიჯანისკენ, საზღვრისპირა სოფელ შაქილის მიმართულებით. მოდით, განვახორციელოთ საზღვრისპირა ტერიტორიების სამოქალაქო დაპყრობა. გადავიტანოთ ჩვენი პროექტები იქ, სადაც ისმის სროლა, იქ, სადაც ადამიანები მიწას ამუშავებენ, მაგრამ ვერ იღებენ მოსავალს „სეზონური“ სნაიპერების გამო”, - თქვა გეორგ ვანიანმა, ”თექალის პროცესის” აქტიურმა პროპაგანდისტმა.

არადა, როგორც შეხვედრის მონაწილემ ბაქოელმა პოლიტოლოგმა ზარდუშთ ალიზადემ აღნიშნა, სომხეთ-აზერბაიჯანის დაძაბულობის ზონაში ხშირად იღუპებიან ადამიანები. მისივე სიტყვებით, ხელისუფალთ არ აინტერესებთ კონფლიქტის მშვიდობიან ფორმატში გადატანა და ორივე მხარისთვის მისაღები გადაწყვეტილების მიღება. ალიზადეს თქმით, ესკალაციას ხელს უწყობს მესამე მხარეც, კერძოდ, რუსეთი, და ამის ნათელი მაგალითია ფრონტისპირა ხაზზე ბოლოდროინდელი შეტაკება, რომელიც რეგიონში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის ვიზიტის შემდეგ მოხდა.

”ბოლოდროინდელმა სროლებმა შემიქმნა შთაბეჭდილება, რომ ქალბატონ კლინტონს აგრძნობინეს, ვინ არის რეგიონის ბატონ-პატრონი, მიანიშნეს, რომ ცხვირი არ ჩაყოს აქ, უთხრეს სამხრეთ კავკასია ჩვენიაო. ბრძანებებს მოსკოვიდან იძლევიან და ამ ბრძანებებს სომხეთიც და აზერბაიჯანიც ერთნაირი ხალისით ასრულებს”, - თქვა ზარდუშთ ალიზადემ.

კიდევ ერთმა გამომსვლელმა კი, არმენ ვარდანიანმა, რეჟისორმა ერევნიდან, განაცხადა, რომ „თექალის პროცესმა“ ხელი უნდა შეუწყოს მტრის ხატის დანგრევას კავკასიის ქვეყნებში.

”დავანგრიოთ მტრის ხატი იმ იარაღით, რომლითაც მას ქმნიან. დავანგრიოთ კულტურით, ჩვენ ვახორციელებთ პროექტს ”კულტურული კავკასია,” პროექტის პირველმა ეტაპმა გაიარა სომხეთში, თურქეთსა და საქართველოში, მაგრამ მას აკლია აზერბაიჯანის კულტურის ელემენტები. ამიტომაც ჩამოვედით თექალიში, რათა ვეძიოთ და ვიპოვოთ ეს კულტურა, რათა ის მოექცეს კავკასიის ერთიან კულტურულ სივრცეში”, - თქვა არმენ ვარდანიანმა.

ერგნეთის ბაზრობა ხელს უწყობდა ურთიერთობას, მხარეებმა მეტ-ნაკლებად იცოდნენ ერთმანეთის განწყობები, ქართველებს თავისუფლად შეეძლოთ ცხინვალში შესვლა ...
მიხეილ მირზიაშვილი

სამოქალაქო მოსმენაზე რამდენიმე წლის წინ დახურული სადახლოს ბაზრობაც გაიხსენეს, რომელიც, გამომსვლელთა თქმით, ხელს უწყობდა საზღვრისპირა ვაჭრობას და ეკონომიკურ ურთიერთობას. ეკონომიკური ინტერესები ის სფეროა, რომელიც ყველაზე მეტად აახლოებს ადამიანებს,

”თუ გახსოვთ, ადრე საქართველო-სომხეთის საზღვარზე იყო სადახლოს ბაზრობა, სადაც სომხები, აზერბაიჯანელები და ქართველები ერთად ვაჭრობდნენ. უკვე ”თექალის პროცესის” კონტექსტში საზღვრისპირა ეკონომიკური ურთიერთობის აღდგენა კარგი წინაპირობა იქნება მშვიდობის დასამყარებლად”, - შეახსენა ზაურ დარგალიმ, სამოქალაქო აქტივისტმა მარნეულიდან.

სხვათა შორის, ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენა, როგორც ფინური ორგანიზაცია ”კრიზისების მართვის ინიციატივის” რეგიონალური პროექტის მენეჯერმა მიხეილ მირზიაშვილმა განაცხადა, ხელს შეუწყობდა ქართულ-ოსური დიალოგის განვითარებას და კონფლიქტის ზონაში დაძაბულობის შენელებას.

აი, რა განაცხადა მირზიაშვილმა სამოქალაქო მოსმენის შემდეგ, როცა მას ერგნეთის ბაზრობის აღდგენის პერსპექტივებზე და მის როლზე ვკითხეთ:

„ერგნეთის ბაზრობა ხელს უწყობდა ურთიერთობას, მხარეებმა მეტ-ნაკლებად იცოდნენ ერთმანეთის განწყობები, ქართველებს თავისუფლად შეეძლოთ ცხინვალში შესვლა, ოსებს კი თბილისში წასვლა ეკონიმიკური თუ სხვა ინტერესების გამო. ასეთ საზოგადოებებს შორის რთულია დაპირისპირების პროვოცირება, თუმცა, ამის მიუხედავად, ჩვენ ვერ შევძელით მისი თავიდან აცილება.“

დაბოლოს, თექალიში გამართული მორიგი შეხვედრის ორგანიზატორები იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციები „თექალი“ (საქართველო), „სათემო განვითარების და რეგიონალური თანამშრომლობის ცენტრი“ (აზერბაიჯანი), „სამშვიდობო ინიციატივების კავკასიური ცენტრი“ (სომხეთი). პროექტის მხარდამჭერია ფონდი „ამერიკის წვლილი დემოკრატიაში“ (National Endowment for Democracy - NED).
  • 16x9 Image

    დავით მჭედლიძე

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ქვემო ქართლში 1998 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის, ეკოლოგიის, თვითმმართველობისა და სოციალურ საკითხებს; ადამიანის უფლებებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებს.

XS
SM
MD
LG