Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოფენა, სახელად „აღმოაჩინე სამეგრელო“


გამოფენა „აღმოაჩინე სამეგრელო“
გამოფენა „აღმოაჩინე სამეგრელო“

„აღმოაჩინე სამეგრელო“ - ამ სახელწოდებით თბილისში, კაფე „დისქავერიში“, ფოტოგრაფ რომან თოლორდავას გამოფენა მიმდინარეობს. ამ კაფეში თემატური გამოფენები მთელ თვეს გრძელდება. ფოტოგრაფი რომან თოლორდავა ამბობს, რომ სამეგრელო, ტურისტული თვალსაზრისით, საქართველოს კუთხეებიდან ყველაზე შეუსწავლელია და გამოფენაც სწორედ ამ თვალთახედვით გაკეთდა. ფოტოებზე ასახულია ადგილები, რომელთა არსებობის შესახებ მხოლოდ მეჯოგეებმა, მონადირეებმა და მეთევზეებმა იციან.

რომან თოლორდავა თავის ფოტოებს ხშირად აქვეყნებს სოციალურ ქსელებში, რის შემდეგაც მას ურეკავენ და ეკითხებიან, თუ სად არის ეს ყველაფერი გადაღებული და ამ ადგილამდე როგორ შეიძლება მიაღწიონ.

გამოფენა „აღმოაჩინე სამეგრელო“
გამოფენა „აღმოაჩინე სამეგრელო“

„სამეგრელო აბსოლუტურად უცნობი იყო როგორც სამოგზაურო კუთხე. ამ თემასთან დაკავშირებით ირონიული დამოკიდებულება იყო, როგორ შეიძლება სამეგრელოში ტურიზმი განვითარდესო. ეს ყველაფერი ხდებოდა ათი წლის წინ. 1998 წელს საქართველოს სპელეოლოგიურ კავშირთან ერთად პირველი ტურისტული მარშრუტი გავაკეთეთ, რომელიც ეგრისის ქედის სამხრეთ ნაწილზე გადიოდა, ალპურ ტბებზე. ეს იყო ტობავარჩხილის ტბები, ექვსივე ტბა“.

რომან თოლორდავა ამბობს, რომ ეგრისის ქედის შესახებ ჯერ ფოტოები გაავრცელეს, შემდეგ ვიდეომასალა, შემდეგ ალპინისტები წაიყვანეს და, საბოლოოდ, მიაღწიეს იმას, რომ ახლა იქ ათასობით ადამიანი დადის, იმდენად ბევრი, რომ ეგრისის ქედზე არსებულ ენდემურ ჯიშებს უკვე საფრთხე ემუქრება. აქ საუბარია როგორც ფლორაზე, ასევე ფაუნაზე.

ალბათ, მასავით სამეგრელო არავის დაუნახავს, მასავით თბილად და სიყვარულით. ისეთი ადგილები გვიჩვენა, რომელიც მეც კი არ მინახავს. კარგად მოგეხსენებათ, საქართველო ფეხით მაქვს შემოვლილი...
ბადრი ვადაჭკორია

რომან თოლორდავას თქმით, ამ ყველაფრიდან გამომდინარე, უფრო მნიშვნელოვანი ხდება სამეგრელოს მთიანეთის ეროვნული პარკის ჩამოყალიბება. როგორც ფოტოგრაფი ამბობს, ახლახან ექსპერტებმა მიაკვლიეს მეგრული არყის გავრცელების ახალ არეალს, ასევე ტერიტორიებს, სადაც შესაძლოა კოლხური ყოჩივარდა (ციკლამენი) აღმოცენდეს:

„გასულ წელს ჩატარდა ძალიან დიდი ექსპედიცია, რომლის მთავარი მიზანი იყო მიეკვლია კოლხური ყოჩივარდას გავრცელების ახალი არეალისთვის. ეს ექსპედიცია წარმატებით დამთავრდა. ყვირას მასივი, ლებარდე და ხუნჯისხეობა გამოდგა ის ადგილები, სადაც შეიძლება თავისუფლად გაიაროს მსოფლიო ციკლამენის გზამ. იცით, რომ არსებობს ციკლამენის მოყვარულთა საზოგადოება და მისი წევრები დიდი ინტერესით დადიან და ათვალიერებენ იმ ადგილებს, სადაც იზრდება ეს უნიკალური ენდემური სახეობა“.

გარდა ყოჩივარდების მოყვარულებისა, არიან ზოგადად ბუნების მოყვარულებიც. რომან თოლორდავა განსაკუთრებით ხაზს უსვამს სამეგრელოს მღვიმეებსა და უფსკრულებს. მისი თქმით, განსაკუთრებული სანახაობაა მღვიმიდან გამომავალი მდინარე, როდესაც მიწისქვეშა ტბები დიდდება და წყალი ღრიალით მოდის. ეს სანახაობა ერთი თვის განმავლობაში გრძელდება. მხოლოდ მიგარიის მასივზე 47 უფსკრული არსებობს, უამრავი უფსკრულია ასხის მასივზე. ასევე, სამეგრელოს მღვიმეებში ცხოვრობს თევზი, რომელსაც ხედვის ორგანოები საერთოდ არ გააჩნია და საცეცებით გადაადგილდება.

გოგა ჩანადირი
გოგა ჩანადირი

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი ამბობს, რომ გამოფენაზე ის სამეგრელოა წარმოდგენილი, რომელსაც ადამიანები ყოველდღიურად ვერ ხედავენ. აქ არ არის დადიანების სასახლე ან ანაკლიის ზღვა, ეს გაცილებით მიუვალი ტერიტორიებია:

„რომამ შეძლო, რომ წლების მანძილზე ბევრი ეარა. როგორც ჩანს, აქვს კარგი, ძლიერი მუხლი და, რაც მთავარია, თვალი უჭრის იმისთვის, რომ სხვანაირად გაეცნო ჩვენთვის სამეგრელო. მე ბევრი ადგილი ნანახი მაქვს აქედან, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მის ფოტოებს რომ ვუყურებ, მაინც ვხედავ, რომ ბევრი ადამიანისთვის, ვისაც საერთოდ არ უნახავს სამეგრელო, აღმოჩენა იქნება“.

ფოტოგრაფი ბადრი ვადაჭკორიაც იმეორებს, რომ რომან თოლორდავა ძალიან შრომისმოყვარეა და მისი ფოტოები საერთაშორისო არენაზეც მოსწონთ:

„ალბათ, მასავით სამეგრელო არავის დაუნახავს, მასავით თბილად და სიყვარულით. ისეთი ადგილები გვიჩვენა, რომელიც მეც კი არ მინახავს. კარგად მოგეხსენებათ, საქართველო ფეხით მაქვს შემოვლილი“.

რომან თოლორდავა
რომან თოლორდავა

კაფე „დისქავერიში“, ფაქტობრივად, მხოლოდ ბუნების ამსახველი ფოტოებია გამოფენილი, ძირითადად მთები და მდინარეები; გაყინული ტბა, აქა-იქ ცისფერი ლაქებით; მწყემსების სადგომები, ყოვლად მოულოდნელი ფონით - უამრავი ღრუბელი, ღრუბლებს ზევით კი რატომღაც ისევ მიწა იწყება. თხების მთელი ფარა, ორი ძროხა და ორი ძაღლი იქ მშვიდად ცხოვრობს. ალბათ, ადამიანებიც არიან, მაგრამ ამ კადრში არ ჩანან. რომან თოლორდავა ამბობს, რომ პორტრეტები ცალკე უწყვია და სხვა გამოფენისთვის ინახავს:

„მე ძალიან ვერიდები შავ-თეთრ თემატიკას. ვერიდები სევდიან ადამიანებს. ყოველთვის ბედნიერი ადამიანების გადაღება მინდა. ზოგადად, მიმაჩნია, რომ ფოტოგრაფიის მეშვეობით ადამიანი უფრო ბედნიერი უნდა გახდეს და შავ-თეთრ ფერებში არ უნდა გადაიყვანოს თავისი ხვაშიადი თუ საფიქრალი. თუმცა მივიჩნევ, რომ შავ-თეთრი ფოტოგრაფია მთელ მსოფლიოში კლასიკაა და მეც ძალიან ბევრი ნამუშევარი მაქვს ამ კუთხით შესრულებული. უბრალოდ, ვერიდები ამ ყველაფრის გამომზეურებას და ჩემთვის ვინახავ“.

რომან თოლორდავა ფოტოებს მხოლოდ სამეგრელოში არ იღებს, საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში მუშაობს - კახეთში, ჯავახეთში, გურიაში... ამჯერად კი მუშაობს წიგნზე „დიადი სვანეთი“, რომელშიც ზემო სვანეთში გადაღებული ფოტოები შევა.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG