Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მორიგი საკადრო ცვლილებები მერიაში


თბილისის მთავრობის სხდომა მერიაში
თბილისის მთავრობის სხდომა მერიაში

თბილისის მერიაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. მერის, დავით ნარმანიას, განცხადებით, პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობები დატოვეს განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა გიორგი არეშიძემ და ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსმა ბიძინა გიორგობიანმა, ხოლო სამ ვაკანტურ თანამდებობაზე ახალი კადრები დაინიშნენ. ამ ცვლილებების გამო თბილისის მერიაში არსებული საკადრო პოლიტიკა კიდევ ერთხელ გახდა განხილვის საგანი.

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურის ყოფილმა უფროსმა გიორგი არეშიძემ მნიშვნელოვანი სამსახური გასწია და ახლა ის თანამდებობას ტოვებს. გიორგი არეშიძე ენერგეტიკის მინისტრისა და ვიცე-პრემიერ კახა კალაძის ცოლისძმაა. ეს და მისი უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის უქონლობის საკითხი არაერთხელ გამხდარა ოპონენტების კრიტიკის საფუძველი. ამასთან, გიორგი არეშიძეს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ორგანიზებისას სახელმწიფო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვაშიც ადანაშაულებდნენ.

იყო არაერთი წარმატებული პროექტი, რომელიც გიორგი არეშიძის სამსახურმა განახორციელა მისი ხელმძღვანელობით. რაც შეეხება ბიძინა გიორგობიანს, მან ღირსეულად გაართვა თავი დღეს არსებულ გამოწვევებს...
დავით ნარმანია

დავით ნარმანიამ გიორგი არეშიძეს და ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის ყოფილ უფროსს, ბიძინა გიორგობიანს, გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

„გიორგი არეშიძემ სამსახურის უფროსად მუშაობის პერიოდში მნიშვნელოვანი და ძალიან ნაყოფიერი მუშაობა გასწია. პირველ რიგში, აღსანიშნავია ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, რომელიც ზაფხულში ჩატარდა და თბილისმა ღირსეულად უმასპინძლა ამ მნიშვნელოვან ღონისძიებას. გარდა ამისა, იყო არაერთი წარმატებული პროექტი, რომელიც გიორგი არეშიძის სამსახურმა განახორციელა მისი ხელმძღვანელობით. რაც შეეხება ბიძინა გიორგობიანს, მან ღირსეულად გაართვა თავი დღეს არსებულ გამოწვევებს. აღსანიშნავია, რომ სწორედ ბიძინა გიორგობიანის ხელმძღვანელობით შეიმუშავა ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურმა მნიშვნელოვანი დოკუმენტი - თბილისის გარემოსდაცვითი სტრატეგია 2015-2020, რომელიც ქალაქის მდგრადი განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა. მინდა მადლობა გადავუხადო მათ და მომავალ საქმიანობაში წარმატება ვუსურვო“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

გიორგი არეშიძეს თანამდებობიდან წასვლის მიზეზები არ განუმარტავს, თუმცა მას გადაწყვეტილება მოუწონა ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ, რომელიც მანამდეც ურჩევდა ცოლისძმას ეს გადაწყვეტილება მიეღო:

„არ ვიცი. პირველად მესმის. დღეს დატოვა თანამდებობა?... სამსახურებრივად, ვფიქრობ, რომ მისი მუშაობა წარმატებული იყო. პროექტები, რომლებიც მან განახორციელა ახალგაზრდებთან ერთად, მისასალმებელია, თუმცა რადგან მიზანმიმართულად იყო გარკვეული აჟიოტაჟი ატეხილი კონკრეტული დაჯგუფებების მხრიდან, ვფიქრობ, ამ ეტაპზე სწორი გადაწყვეტილებაა. ის ძალიან ენერგიული ადამიანია და მიზნებს, რომლებიც ჰქონდა, აუცილებლად მიაღწევს“.

ამ წელიწად-ნახევრის განმავლობაში თბილისში ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ და ახლა მინდა იმ გეგმების განხორციელებას შევუდგე, რომელიც მე თბილისში დაბრუნებისას მქონდა...
ბიძინა გიორგობიანი

პირადი საქმეებისთვის მეტი დროის საჭიროებით ახსნა ბიძინა გიორგობიანმა თანამდებობიდან წასვლის აუცილებლობა:

„მაქვს ჩემი პირადი გეგმები, რასაც სჭირდება ძალიან ბევრი დრო და მინდა, რომ ჩემი სამომავლო გეგმები იყოს ჩემზე დამოკიდებული. ამ წელიწად-ნახევრის განმავლობაში თბილისში ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ და ახლა მინდა იმ გეგმების განხორციელებას შევუდგე, რომელიც მე თბილისში დაბრუნებისას მქონდა“.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", თბილისის მერიაში არსებული საკადრო მენეჯმენტის გაუმართაობის გამო, გასულ თვეში მერის გადადგომასაც კი მოითხოვდა. მათი განცხადებით, ხშირი საკადრო ცვლილების გამო ფერხდება სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები. საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი დეპუტატის სევდია უგრეხელიძის თქმით, საკადრო პოლიტიკა მერიაში გაუმართავია:

„დიპლომი ან უდიპლომობა აქ ყველაზე ნაკლები მიზეზია, იმიტომ რომ ბევრი დიპლომიანი უვიცი გვყავს ჩვენ თბილისის მთავრობაში. აქ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ოლიმპიადის ხარჯები, რომელიც სამ-ნახევარჯერ გაიზარდა, როგორ დაიხარჯა ერთ პირთან მოლაპარაკებით და ჰქონდა თუ არა ადგილი კორუფციას. რაც შეეხება ბიძინა გიორგობიანს. გაურკვეველია მისი გადადგომის მიზეზი. მე ვფიქრობ, მან, უბრალოდ, მორჩილების ის ხარისხი ვერ გამოავლინა“.

ზვიად დევდარიანი
ზვიად დევდარიანი

სამოქალაქო განვითარების სააგენტოს“ (CIDA) აღმასრულებელი დირექტორის ზვიად დევდარიანის თქმით, საკადრო ცვლილებები მერიაში უჩვეულო არ არის, მაგრამ ცუდია, როცა თანამდებობიდან პირთა გათავისუფლების საფუძველს არ განმარტავენ:

„როგორც წესი, ამ ტიპის ცვლილებების დროს ხელმძღვანელი მადლობას უხდის სამსახურის უფროსს გაწეული საქმიანობისთვის, თითქოს გავიდა რაღაც ეტაპი და არავითარი დარღვევა, არავითარი საქმიანობის არაეფექტურობა, არამედ თითქოს დრო გავიდა და ახლა ვიღაც ახალს უნდა მიეცეს შანსი“.

თბილისის მერიაში არსებულ სამ ვაკანტურ ადგილზე კი ახალი ხელმძღვანელები დაინიშნენ. მერიის არქიტექტურის სამსახურს დიმიტრი მოსულიშვილი უხელმძღვანელებს, ქონების მართვის სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე კარლო ლაფერაძე დაინიშნა, ხოლო ტექნოლოგიური განვითარების ფონდის ხელმძღვანელად - კახაბერ გვანცელაძე. სამომავლო გეგმებზე ჟურნალისტებთან მხოლოდ დიმიტრი მოსულიშვილმა ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი მთავარი მიზანი იქნება მოსახლეობის მოთხოვნებზე ოპერატიული გამოხმაურება და ქალაქგეგმარებითი საქმიანობა. პასუხად კითხვაზე, მოსწონს თუ არა პროექტი „პანორამა თბილისი“, განაცხდა, რომ მოსწონს. დიმიტრი მოსულიშვილის არქიტექტურის სამსახურის უფროსად დანიშვნის ერთ-ერთ საფუძვლად არქიტექტორი ლევან კალანდარიშვილი სწორედ ამ საკითხში მის პოზიციას მიიჩნევს.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG