Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„რუსთავი 2“-ის საქმე: ვის აძლევს ხელს და რატომ პროცესის პოლიტიზება


საქალაქო სასამართლოს შენობა
საქალაქო სასამართლოს შენობა

თბილისის საქალაქო სასამართლოში „რუსთავი 2“-ის მფლობელობასთან დაკავშირებული საქმის განხილვა 29 ოქტომბერს მოპასუხე მხარის საპაექრო სიტყვით გაგრძელდება. მოსარჩელე მხარის საპაექრო სიტყვა სასამართლომ უკვე მოისმინა 28 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე, რომელზეც თავი იჩინა

უთანხმოებამ ტელეკომპანიის ფასთან დაკავშირებით. მოპასუხე მხარის ადვოკატებმა უნდობლობა გამოხატეს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლის დასკვნის მიმართ. ჯერჯერობით კვლავ უცნობია, როდის გამოიტანს სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას ტელეკომპანიის ყოფილი მფლობელის, ქიბარ ხალვაშის, სარჩელზე. პარალელურად, ანალიტიკოსები პროცესის მწვავე პოლიტიზებასა და ამ ჭრილში „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ ინტერესებზე ლაპარაკობენ.

„ექსპერტი სრულიად უსუსური ჩანს და მისი დასკვნა, როგორც ჩვენ ვივარაუდეთ, არის სრულიად არაკომპეტენტური“ – ასეთი შთაბეჭდილება დაუტოვა „რუსთავი 2“-ის ადვოკატ თამარ მურადაშვილს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ფინანსურმა ექსპერტმა შოთა ივანაშვილმა, რომელმაც ოთხშაბათის სხდომაზე „რუსთავი 2“-ის საორიენტაციო საბაზრო ფასი დაასახელა. ექსპერტის დასკვნით, 2004-2006 წლებში, როდესაც ქიბარ ხალვაშის მფლობელობაში იყო, ტელეკომპანიის ფასი თითქმის 7 მილიონ დოლარს შეადგენდა.

დასკვნაში ის ამბობს, რომ საორიენტაციო ფასი არის კონკრეტული ციფრი და ასახელებს ამ ციფრს. თუმცა ჩვენს კითხვაზე, რა არის საორიენტაციო ფასი, ის პასუხს ვერ გვცემს...
თამარ მურადაშვილი

„რუსთავი 2“-ის ადვოკატები - და, მათ შორის, თამარ მურადაშვილი - ექსპერტის დასკვნას მიკერძოებულად და უსაფუძვლოდ მიიჩნევენ:

„დასკვნაში ის ამბობს, რომ საორიენტაციო ფასი არის კონკრეტული ციფრი და ასახელებს ამ ციფრს. თუმცა ჩვენს კითხვაზე, რა არის საორიენტაციო ფასი, ის პასუხს ვერ გვცემს“.

„რუსთავი 2“-ის ადვოკატების ბრალდებათა საპასუხოდ, თავად ექსპერტი ივანაშვილი ჟურნალისტებთან მოკლე კომენტარით შემოიფარგლება და ამბობს, რომ დასკვნა დამკვეთის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით მომზადდა. დასკვნის შინაარსი სავსებით აკმაყოფილებთ ქიბარ ხალვაშის ადვოკატებს და როგორც, მაგალითად, ადვოკატი პაატა სალია ამბობს, მარტივი გასაგებია, რომ „საორიენტაციო“ ფასი „დაახლოებით“ ფასს ნიშნავს:

„საბაზრო ფასის ზუსტი განსაზღვრა არის ყოველთვის რთული – ზუსტად ვერ იტყვით, მოძრავი თუ უძრავი ქონება რა შეიძლება ღირდეს, ლარებისა და თეთრების სიზუსტით. სწორედ ამიტომ დაიწერა დასკვნაში (საორიენტაციო ფასი) ასე და, ვფიქრობ, ექსპერტმა გასცა ამაზე პასუხი და ეს დამაკმაყოფილებელი პასუხი უნდა იყოს ყველასთვის“.

„რუსთავი 2“-ის ფასთან დაკავშირებული უთანხმოება იმით დასრულდა, რომ მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ მოპასუხე მხარეს უარი უთხრა ექსპერტის დასკვნის ამოღების შუამდგომლობაზე. აქვე გავიხსენოთ, რომ ქიბარ ხალვაშის მტკიცებით, მას 2004 წელს ტელეკომპანია იძულებით 7 300 000 დოლარად აყიდინეს და შემდეგ, 2006 წელს, ასევე იძულებით, 300 ათას ლარად დაათმობინეს, თუმცა მას არც ეს თანხა აუღია სრულად.

28 ოქტომბერს გამართულ სასამართლო პროცესზე მოსამართლე ურთმელიძემ მოპასუხე მხარის კიდევ რამდენიმე შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და არც კი განიხილა კიდევ ერთხელ წამოყენებული მოთხოვნა მისი, როგორც მოსამართლის, აცილებასთან დაკავშირებით.

ჩვენ მიერ გატარებული სწორი, დემოკრატიული რეფორმების შედეგად, დღეს 10 დღეში შეიძლება გაიხსნას ნებისმიერი ტელეარხი. ასე რომ, ნუ შფოთავს ნურც „რუსთავი 2“, ნურც „ნაციონალური მოძრაობა“ და ნურავინ, საერთოდ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ...
ირაკლი ღარიბაშვილი

პარალელურად,“ რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობა და ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტები კვლავაც განაგრძობენ ხმამაღალ ლაპარაკს დამოუკიდებელი ტელეარხის შევიწროებასა და დახურვასთან დაკავშირებით. ისინი დარწმუნებული არიან, რომ „ქართულ ოცნებას“ სურს 2016 წლის არჩევნების წინ დახუროს კრიტიკულად განწყობილი, მაღალრეიტინგული ტელეარხი. გარკვეული ეჭვები გაუჩნდათ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც და ამის შესახებ არაერთხელ აღინიშნა ბოლო დღეების განმავლობაში. მათ შორის არის „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოც“, რომელიც „რუსთავი 2“-ის საქმის განხილვას პირველი დღიდან მეთვალყურეობს. ამ ეტაპზე არაფერს ამტკიცებს, მაგრამ სწორედ ამგვარი ეჭვების გარკვეულ ნაწილზე ლაპარაკობს რადიო თავისუფლებასთან ორგანიზაციის წარმომადგენელი გია გვილავა:

„ეჭვებს, რაც ჩვენ გვაქვს და რაც საზოგადოებას აქვს, განსაკუთრებით აძლიერებს ისიც, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და მანამდეც, ძალიან დიდი ხნით ადრე, მთავრობის რიტორიკა იყო იმგვარი, რომ ისინი, როცა შეეძლოთ, აკრიტიკებდნენ „რუსთავი 2“-ს და ძალიან მძიმე რიტორიკა იყო, საბოლოო ჯამში. ეს ეჭვებს ძალიან აძლიერებს... ზოგადად, სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას, ჩვენთვის გასაკვირი იყო ზოგიერთი გადაწყვეტილება, რადგანაც ჩვენ ვერ დავინახეთ დასაბუთება კონკრეტული შემთხვევებით. ძალიან ბევრი შუამდგომლობა იყო დაყენებული, განსაკუთრებით, „რუსთავი 2“-ის მხარის მიერ, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში დასაბუთება არ ყოფილა სრულყოფილი, თუ რატომ არ იქნა დაკმაყოფილებული ეს შუამდგომლობები“.

ხელისუფლება კი, თავის მხრივ, ცდილობს გაემიჯნოს მსგავს ეჭვებსა და მათ წარმომშობ ფაქტორებსაც, მათ შორის, მაგალითად, დეპუტატ გოგი თოფაძის 27 ოქტომბრის განცხადებას. დეპუტატმა თოფაძემ სამშაბათს თქვა, „რუსთავი 2“ ხვალ აღარ იარსებებსო. ეჭვებისა და კითხვის ნიშნების უსაფუძვლობის დამტკიცებას 28 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც შეეცადა და თქვა, რომ შეუძლებელია „ქართულ ოცნებას“ ჰქონდეს „რუსთავი 2“-ის დახურვის მიზანი, რადგანაც, რეალობის გათვალისწინებით, ეს მიზანი აზრს მოკლებულია:

„ჩვენ მიერ გატარებული სწორი, დემოკრატიული რეფორმების შედეგად, დღეს 10 დღეში შეიძლება გაიხსნას ნებისმიერი ტელეარხი. ასე რომ, ნუ შფოთავს ნურც „რუსთავი 2“, ნურც „ნაციონალური მოძრაობა“ და ნურავინ, საერთოდ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, რომ რაიმე შეფერხებას, რაიმე ბარიერებს შევუქმნით რომელიმე ტელეარხს, ან, მით უმეტეს, რომ მედიაგარემოს ჩვენ რაიმე ფორმით დავაზიანებთ“.

ვახტანგ ძაბირაძე
ვახტანგ ძაბირაძე

პროცესის პოლიტიზება ორივე მხარეს აწყობს, – ამბობს ჩვენთან საუბრისას – კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე, რომლის აზრითაც, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“, ასევე „ქართული ოცნება“ ცდილობს ძალების მოსინჯვასა და მომზადებას 2016 წლის არჩევნებისთვის. თუმცა ამ ფონზე ანალიტიკოსი არც ხალხის აქტიურობას მოელის და არც რაიმე სახის მღელვარებას:

ვახტანგ ძაბირაძე: ხალხი ამ შემთხვევაში არის ძალიან ნეიტრალური და დამკვირვებლის როლში უფრო გამოდის, ვიდრე არის აჟიტირებული. „ნაციონალურ მოძრაობას“ მოსახლეობაში მხარდაჭერა არა აქვს...

რადიო თავისუფლება: თუკი NDI-ის გამოკვლევების მიხედვით ვიმსჯელებთ, არც „ქართულ ოცნებას“ აქვს ხალხში მხარდაჭერა...

ვახტანგ ძაბირაძე: დიახ... და ამიტომ არის ხალხი ნეიტრალური – ამას ვგულისხმობ. ამიტომ ხალხი უფრო დამკვირვებელია იმ პროცესისა, რაც მიდის“.

ვახტანგ ძაბირაძის აზრით, თუკი მფლობელი შეიცვლება, შესაბამისად, შეიცვლება ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკაც და „ნაციონალური მოძრაობა“ დაკარგავს ძლიერ „პროპაგანდისტულ იარაღს“. ეს დიდ ზიანს მიაყენებს ამ ძალას და ის უკან არ დაიხევს. ხოლო რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ამ ეტაპზე მმართველი პოლიტიკური ძალის ამოცანას „რუსთავი 2“-ის შეზღუდვაზე მეტად წარმოადგენს „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მოძალადისა და მწამებლის იმიჯის განმტკიცება. შესაბამისად, ვახტანგ ძაბირაძე არ ისურვებდა და არც მოელის, რომ მყისიერად დაიწყება სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება, თუკი დავა ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ გადაწყდება.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG