„Jam Bands” – ასე მოიხსენიება იმპროვიზაციული მუსიკის ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც გასული საუკუნის მეორე ნახევარში იშვა. ამ სფეროში მოღვაწე ძველი ჯგუფები მეტწილად Allman Brothers-ისა და Grateful Dead-ის დანატოვარით იკვებებოდნენ, სოულისა და როკის სინთეზს ახდენდნენ, ბლუზურ ინტონაციებს ფანკური საცეკვაო რიტმიკით აჯერებდნენ. 90-იანი წლების დასაწყისიდან კი, ე. წ. „ჯემ-მოძრაობა“ ჯაზური ფორმებისკენ გადაიხარა, რადგან ჯაზურ სივრცეს იმპროვიზაციული მანევრირებისა და შეუთავსებელი ჟანრების ერთმანეთთან დაკავშირების უფრო მეტი შესაძლებლობები გააჩნდა. გარდა ამისა, არტისტების ინსტრუმენტული მეტყველება გაცილებით მრავალფეროვანი გახადა, ვიდრე ამას როკენროლი ახერხებდა. სწორედ ამ პერიოდში ჩამოყალიბდა ამერიკული ბენდი Medeski Martin & Wood, რომლის ლიდერიც, პიანისტი და კომპოზიტორი ჯონ მედესკი, სულ ახლახან 50 წლის შეიქნა. დღევანდელი სიუჟეტიც იუბილარსა და ჯგუფის ისტორიას დაეთმობა.
ჯონ მედესკი საფორტეპიანო ხელოვნებას 5 წლიდან ეუფლებოდა. ბახის, ბეთჰოვენისა და დებიუსის თხზულებების პარალელურად, ბად პაუელის, სესილ ტეილორისა და ოსკარ პიტერსონის ჩანაწერებით იფართოებდა ჯაზურ თვალსაწიერს. 80-იან წლებში სხვადასხვა ჟანრსა თუ ამპლუაში მოღვაწეობდა: უკრავდა სიმფონიურ ორკესტრებში და კლუბურ სცენებზე, წერდა მუსიკას მიუზიკლებისათვის და აფრიკული ფოლკლორითაც ინტერესდებოდა. მას შემდეგ, რაც Fender Rhodes-ის პიანინო შეიძინა, ელექტრონულ ჟღერადობაზე გადაერთო, საკუთარი ინდივიდუალური ხელწერისა და ბგერის ძიებას შეუდგა.
თანამოაზრეების ძებნის პროცესში კი ჯონ მედესკიმ პირველად ბასისტი კრის ვუდი გაიცნო, რომელიც მანამდე ლეგენდარულ დრამერ ბობ მოზესთან თანამშრომლობდა. დუეტი ნიუ-იორკში დაფუძნდა, სადაც კლუბ „ვილიჯ გეიტში“ გამოდიოდა. მალე მათ დრამერი ბილი მარტინიც შეუერთდა, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჯგუფის შემდგომ განვითარებაში. არტისტი, სხვა ავანგარდისტებისგან განსხვავებით, ჟანრობრივ მრავალფეროვნებას არ უშინდებოდა - დიდ ინტერესს იჩენდა ჰიპ-ჰოპის, დრამენბეისისა და ახალგაზრდებში პოპულარული სხვა თანამედროვე მიმდინარეობების მიმართ. როგორც კრის ვუდი იხსენებდა, დრამერმა ნოვაციური საცეკვაო განწყობა შემოიტანა, რამაც დუეტის ფარგლებში შექმნილ თხზულებებს სრულიად ახალი ხასიათი, ენერგია და საჭირო რიტმული ფორმები შესძინა.
ასე დაიწყო ტრიოს რთული და ხანგრძლივი სვლა წარმატებისკენ. 1992 წლის სადებიუტო აკუსტიკური ალბომი „Notes From The Underground“ შეუმჩნეველი დარჩა. ანალოგიური ბედი გაიზიარა შემდეგმა პროექტმაც - „It’s A Jungle Here“, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ნამუშევრად მიმაჩნია ჯგუფის შემოქმედებაში. მუსიკოსებმა ბობ მარლის, თელონიუს მონკისა და ჯონ კოლტრეინის თხზულებები ელექტრონულ ყაიდაზე მოაქციეს და ფანკური აქცენტებით გაამდიდრეს.
მსოფლიო მუსიკალურმა სამყარომ მედესკის, მარტინისა და ვუდის ტრიო 1996 წელს გამოცემული ალბომის წყალობით აღიარა. „Shack Man“ ჰავაის კუნძულებზე, სამოყვარულო სტუდიაში იქმნებოდა. ეს გახლდათ ჯგუფის წევრების საავტორო თხზულებების კრებული, საცეკვაო რიტმებითა და იმპროვიზაციებით სავსე ენერგიული ფანკ-ჯაზი. კრიტიკოსების თქმით, Shack Man“ ის იშვიათი შემთხვევა გახლდათ, როცა ჯაზური ალბომი, ინტელექტუალი მსმენელის გარდა, გართობის მაძიებელმა ახალგაზრდა თაობამაც მოიწონა. წარმატებას მოჰყვა პირველი კონტრაქტიც, რომელიც ტრიომ ხმის ჩამწერ სტუდია „Blue Note Records“-თან გააფორმა.