ავღანეთსა და სხვა საერთაშორისო მისიებში გამორჩეული მონაწილეობა და გაღებული მსხვერპლი, როგორც საქართველოს ნატოში გაწევრიანების წინაპირობა; ქალი თავდაცვის მინისტრის მიერ დანახული ქართული ჯარის საბრძოლო და ლოგისტიკური მდგომარეობა; საფრთხე, რასაც საქართველოსთვის ძალის გამოყენებით ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია შეიცავს და სამი მიზანი, რითაც საქართველოს ისტორიაში დარჩენა სურს. ამ და სხვა საკითხებზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ვრცელი სატელეფონო ინტერვიუ მისცა რადიო თავისუფლების გადაცემა „დაბრკოლების ზოლის“ ავტორს.
კობა ლიკლიკაძე: თბილისში, ნატოს სტრატეგიული სამხედრო პარტნიორობის კონფერენციაზე თქვენ ალიანსის ვარშავის სამიტს „იმედისა და მოლოდინის სამიტი“ უწოდეთ და გამოთქვით რწმენა, რომ „ეს სამიტი იქნება წინგადადგმული ნაბიჯი“. რას ემყარება თქვენი მოლოდინი და რა შეიძლება იყოს, ეს „წინგადადგმული ნაბიჯი“?
თინა ხიდაშელი: ვფიქრობ, თავად ის ფაქტი, რომ ეს კონფერენცია თბილისში დღეს ამ სათაურით – „ვარშავის სამიტი და სამიტის შემდეგ“ – მიმდინარეობს, ეს გვაძლევს შესაძლებლობას ვიმსჯელოთ, დეტალებში გავიაროთ ეს გზა, რომელიც ვარშავამდე, ერთი მხრივ, საქართველოს და, მეორე მხრივ, ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს გასავლელი აქვთ. მე საკმაოდ ოპტიმისტურად ვუყურებ მომავალს (საერთოდ, ეს შეიძლება ჩემი ხასიათიდან გამომდინარეც ავხსნათ) და, საერთოდ, მინდა მჯეროდეს, რომ პარტნიორების მხრიდან მიღებული იქნება საუკეთესო გადაწყვეტილებები. მაგრამ, ამასობაში, მთავარი, რასაც ჩემი იმედი ემყარება, – ეს არის შედეგები, რომლითაც, ერთობლივად, თავდაცვის სამინისტრო, ერთი მხრივ, და, მეორე მხრივ, საქართველოს ხელისუფლება წარსდგებიან ვარშავის სამიტამდე, ამა წლის დეკემბრამდე [ნატოს] მინისტერიალზე და ყველა იმ ღონისძიებაზე, რაც 2016 წლის ივლისამდე გაიმართება ნატოს ფორმატში. საქართველოს ხელისუფლებას შესასრულებელი აქვს საშინაო დავალებები. ეს არის, ერთი მხრივ, „უელსის პაკეტით“ გათვალისწინებული ღონისძიებები და, მეორე მხრივ, ის ზოგადი ჩარჩო, რომელიც ნატოს ასპირანტ ქვეყანას ნატოს წევრობისათვის მოეთხოვება. და მე ვფიქრობ, რომ ამ ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ ძალიან ბევრი გააკეთა იმისათვის, რომ ვიყოთ ოპტიმისტურად განწყობილნი, რომ ყველა ეს მიზანი და ყველა ეს ამოცანა, ყველა ეს კონკრეტული ღონისძიება იქნება პასუხგაცემული და იქნება სრულყოფილად შესრულებული. ამის შემდეგ უკვე გადაწყვეტილება იმ 28 [ალიანსის წევრ] ქვეყანაზეა დამოკიდებული, ვინც ეს საკითხი ერთად, კონსენსუსით უნდა გადაწყვიტოს.
კობა ლიკლიკაძე: ბრძანეთ, რომ თავდაცვის სამინისტროს შედეგებიც გაძლევთ თქვენ ასეთი ოპტიმიზმის საფუძველს. მაგრამ ფაქტია ის, რომ ყველასთვის, ჩემთვის, რადიომსმენელისთვის და თვით საქართველოს პრეზიდენტისთვის მოულოდნელადაც კი, საქართველოში შეიცვალა თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე. ეს რატომ მოხდა, თუ ყველაფერი კარგად მიდის და არ იყო ხარვეზები? იქნებ ამ შეკითხვას, რომელიც ჯერ პასუხგაუცემელია, ჩვენს ეთერში უპასუხოთ?
თინა ხიდაშელი: არა მგონია, რომ ეს შეკითხვა პასუხგაუცემელი იყოს. შეიძლება ეს პასუხი ვიღაცას არ აკმაყოფილებდეს, მაგრამ შეკითხვა პასუხგაცემულია. მეც ბევრჯერ ვისაუბრე ამაზე. არ არის აუცილებელი რომ მინისტრის შეცვლის პირობა იყოს რაიმეზე ხარვეზი. ეს არ არის სწორი დამოკიდებულება, როდესაც გუნდი იგივეა, როდესაც პოლიტიკური ძალა არ იცვლება. მინისტრები შეიძლება შეიცვალონ რამდენიმე მიზეზის გამო: ერთი, როდესაც, კი, გასაგებია, უკმაყოფილო ხარ მინისტრის საქმიანობით; მეორე, როდესაც იმ მინისტრს სხვაგან, სადღაც კონკრეტულ ადგილზე უფრო უკეთ დაინახავ და მესამე, – რაც ჩემ შემთხვევაში ყველაზე უფრო სწორი იქნებოდა, რომ გვეთქვა, – როდესაც გინდა ხელისუფლებას უფრო მკვეთრად, უფრო ნათლად, უფრო ცალსახად აჩვენო განწყობა, პრიორიტეტი, დამოკიდებულება და, თუ ვინმეს თეორიულად მაინც რაიმე კითხვა აქვს დარჩენილი და ეჭვი ეპარება – აი, ეს ყველაფერი გავაქარწყლო ერთი მოქმედებით.
თოფაძის ფაქტორი ფორმით პროდასავლურ კოალიციაში
კობა ლიკლიკაძე: და ამას თქვენ, პრინციპში, ახერხებთ. ის თავბრუდამხვევი პიარი, ლამის ყოველდღიური ურთიერთობა საზოგადოებასთან მკაფიოდ აჩვენებს, რომ თქვენთვის, პირადად, ყველაფერი ცხადია ევროატლანტიკურ არჩევანთან დაკავშირებით. მაგრამ არა მგონია, ეს ასე ცხადია იყოს საპარლამენტო კოალიციაში შემავალი ზოგიერთი სუბიექტისათვის, მაგალითად, ბატონი გოგი თოფაძისათვის, რომელიც გამოკვეთილი ანტინატოელია.
არასოდეს ნატოს მხარდაჭერა საქართველოში არ აცდენია 78%-იან ნიშნულს, რაც იმას ნიშნავს, რომ 22%, მინიმუმ, ყოველთვის იყო, რომელიც ან ამბობდა, ან თავს იკავებდა პასუხის გაცემისაგან საკუთარი დამოკიდებულების შესახებ...თინა ხიდაშელი
თინა ხიდაშელი: იცით რა არის? კოალიცია არის კოალიცია. და თქვენ დიდი ხანია ევროპაში ცხოვრობთ და ჩემზე უკეთ იცით, თუ რას ნიშნავს კოალიციური მმართველობა. კოალიციური მმართველობა არ ნიშნავს, რომ კოალიციური პარტნიორები სტრატეგიულად ყველაფერში, ყველა წერტილში თანხმდებიან. მაგრამ ეს ნიშნავს, რომ დროის კონკრეტულ მონაკვეთში შებოჭილნი არიან კოალიციური ვალდებულებით, ხელშეკრულებით ან დეკლარაციით, რომელშიც განცხადებულია მიზნები და ამ მიზნისკენ ყველანი ერთად მიდიან. მე არ ვიცი გოგი თოფაძის საბოლოო მიზანი და ცხოვრების ამოცანა რა არის და სად სურს დაინახოს საკუთარი პარტია, საკუთარი ქვეყანა ან საკუთარი ბიზნესი, მაგრამ ის ნამდვილად ვიცი, რომ კოალიციის დამფუძნებელ დეკლარაციაზე არის გოგი თოფაძის ხელმოწერაც და იმ დეკლარაციაში წერია, რომ ეს კოალიცია ხელისუფლებაში მოდის საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე უფრო მეტი პერსპექტივის მინიჭებისთვის და ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ეს არის ორი მთავარი ამოცანა იმ 11-პუნქტიან დეკლარაციაში, რომელსაც კოალიციის ყველა პარტნიორმა მოაწერა ხელი. რაც იმას ნიშნავს, რომ თუ რაიმე განსხავებული აზრები აქვთ ამ თემებზე, – ეს განსხვავება გადადებულია, მინიმუმ, ოთხი წლით ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნისა.
კობა ლიკლიკაძე: ზუსტად იმიტომ, რომ ევროპაში ვიმყოფები, ქალბატონო თინა, და ვადევნებ თვალს, თუ როგორ იცვლება საზოგადოებრივი აზრი, მინდა გკითხოთ, აი, ამ ამბივალენტური განცხადებების შედეგიც ხომ არ არის ის, რომ საქართველოში 15%-ით დაიკლო ევროატლანტიკური სტრატეგიული კურსის მომხრეთა რაოდენობამ?
თინა ხიდაშელი: მე ვადასტურებ, რომ მომხრეთა რაოდენობამ დაიკლო. ჩვენ თუ შეთანხმებული ვართ მთავარ ფუნდამენტურ საკითხზე, რომ კვლევები „ნაციონალური მოძრაობის“ დროს არ იყო გულწრფელი, მე არ ვამბობ მკვლევრების მხრიდან, არამედ პასუხები არ იყო გულწრფელი, რადგან ადამიანების რაღაც ნაწილს ეშინოდა პასუხის გაცემის და არ იყო დარწმუნებული, რომ მისი გულწრფელი პასუხი უკან არ შემოუბრუნდებოდა, – თუ ამაზე ქართული საზოგადოება, მინიმუმ, ამ კვლევებთან მიმართებაში შეთანხმებულია, მაშინ, ჩემი აზრით, ყველაფერი ლაგდება. იმიტომ, რომ არასოდეს ნატოს მხარდაჭერა საქართველოში არ ასცდენია 78%-იან ნიშნულს, რაც იმას ნიშნავს, რომ 22%, მინიმუმ, ყოველთვის იყო, რომელიც ან ამბობდა, ან თავს იკავებდა პასუხის გაცემისაგან საკუთარი დამოკიდებულების შესახებ.
საქართველო – 885!
კობა ლიკლიკაძე: ეს ციფრიც, თავისთავად, ძალიან მაღალია. სახელდობრ, ჩერნოგორიის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, ეს ქვეყანა ნატოს წევრობის კანდიდატია, თუმცა, იქ სადღაც 35-40%-ს შორის მერყეობს ნატოში გაწევრიანების მხარდამჭერთა რაოდენობა. ქალბატონო თინა, თქვენი გუნდის წევრები რამდენად არიან ერთსულოვანი სტრატეგიული ამოცანების მიმართ? ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების ყოფნას როგორ უყურებენ? მაგალითად, ანა დოლიძეზეა სოციალურ ქსელში გავრცელებული, თითქოს მას ეთქვას, რომ ავღანეთში ქართველი ჯარისკაცები ფულის გასაკეთებლად მიდიან.
ვფიქრობ, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში ამ ძალების გააქტიურებამ და იმავე პანკისის ხეობაში განვითარებულმა მოვლენებმა ძალიან კარგად გვაჩვენა, რომ საქართველო ძალიან ახლოს არის ამ საფრთხეებთან. ამიტომ ვართ ჩვენ ავღანეთში, პირველ რიგში და უმთავრესად...თინა ხიდაშელი
თინა ხიდაშელი: მე ვფიქრობ, რომ ანამ ამაზე პასუხი გასცა. ის ჯარისკაცებს არ გულისხმობდა. ეს იყო დებატები დიმიტრი შაშკინთან (საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრთან), სადაც ის ბატონ შაშკინს ელაპარაკებოდა და ამ თემაზე იმის შემდეგ არ ყოფილა არანაირი კომენტარი სწორედ იმიტომ, რომ მან (ანამ) მარტივად გასცა პასუხი ამ საკითხს. რაც შეეხება გუნდის წევრებს, ჩემი გუნდის წვერების დამოკიდებულება, ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებით, სრულიად ცალსახაა. მრავალ წელიწადგამოვლილი და მრავალ ტესტგამოვლილია როგორც ჩემი თანაპარტიელების, ანუ პარტიული გუნდის, ასევე იმ გუნდის, რომლითაც მე თავდაცვის სამინისტროში მოვედი. ჩვენ ამ ბრძოლაში მრავალი წელი, შემიძლია ვთქვა, ათეული წელი გვაერთიანებს და ამიტომ, ამ თვალსაზრისით, არა მგონია, რომ რაიმე პრობლემა არსებობდეს.
კობა ლიკლიკაძე: ისე, თქვენი ხელისუფლება ერთ რამეში ძალიან წააგავს წინა ხელისუფლებას. ეს არის ქართველი ჯარისკაცების რაოდენობა საერთაშორისო კონფლიქტებში. თუ მიხეილ სააკაშვილი იმით იწონებდა თავს, რომ ერაყის კოალიციაში 2000 ჯარისკაცით საქართველო მეხუთე ადგილზე იყო, ახლა თქვენ იწონებთ თავს იმით, რომ საქართველო ავღანეთში მეორე ადგილზეა. აგერ, ხელთ მაქვს ამონარიდი ნატოს Resolute Support Mission-ის („გადამჭრელი მხარდაჭერის მისიის“) მონაცემისა, სადაც საქართველო მართლაც მეორე ადგილზეა 885 კაცით და ჩამორჩება მხოლოდ აშშ-ს. რას იძლევა ასეთი რაოდენობით ავღანეთში ყოფნა? უფრო ზუსტად ასე დავსვამდი საკითხს: ჩერნოგორიას, რომელიც მალე გახდება ნატოს წევრი, ავღანეთში 17 ჯარისკაცი ჰყავს. ანუ ეს ციფრი, რაღაცნაირად, არის პირობა იმისა, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი?
თინა ხიდაშელი: მე თავს არ ვიწონებ ამით, მე ფაქტის კონსტატაციას ვახდენ. ამიტომ არც ერთ გამოსვლაში, რომელიც მე ამ თემაზე მქონია, (შეგიძლიათ ეს ნახოთ), მე არ მითქვამს, რომ ჩვენ ამით თავს ვიწონებთ. დღეს ასე მოხდა, ანუ იმის შემდეგ, რაც (ავღანეთიდან) დაიწყო გასვლა კოალიციური ძალების პარტნიორი ქვეყნების მხრიდან, – ასე გამოვიდა, რომ საქართველო არის მეორე ადგილზე კონტრიბუციის თვალსაზრისით. ჩვენ არ გავურბივართ პასუხისმგებლობას და აღებულ ვალდებულებებს. მე დღევანდელ კონფერენციაზეც („ვარშავის სამიტი და სამიტის შემდეგ“) გამოსვლის დროსაც ვთქვი, რომ საქართველო ბოლომდე იდგეს ჩვენი კოალიციური პარტნიორების გვერდით სხვადასხვა ფორმით ყველგან, ყველა ცხელ წერტილში, სადაც კი მსოფლიოში მშვიდობასა და უსაფრთხოებას ეს დასჭირდება. არის თუ არა ეს ჩვენი ნატოში წევრობის პირობა? რთული სათქმელია. დღევანდლამდე გამოცდილება არ ადასტურებს, რომ ეს რაიმეს პირობაა. სავარაუდოდ, ჩვენი მხრიდან, ჩვენ უფრო მეტი გვაქვს დასამტკიცებელი მსოფლიოსთვის და ცივილიზებული სამყაროსათვის, ვიდრე, მაგალითად, ფრანგებს ან, გნებავთ, ჰოლანდიელებს. ამიტომაც იყო თავის დროზე, როგორც ჩანს, ეს გადაწყვეტილებები მიღებული და მე არა მაქვს რაიმე საფუძველი და მიზეზი, რომ ამ გადაწყვეტილების გადასინჯვაზე ვიფიქრო.
კობა ლიკლიკაძე: ქალბატონო თინა, თქვენ ბოლო დრომდე ძალიან აქტიური მომხმარებელი იყავით სოციალური ქსელის. ახლა მინდა სწორედ სოციალური ქსელის ერთი სეგმენტის, ფეისბუკის უმცირესობას მივცე სიტყვა. ერთ-ერთ მომხმარებელს, რომელიც შეწუხებულია, როგორც ყველა, კაპრალ რამაზ დავითაიას გარდაცვალებით, დაღუპვით, ასეთი გულისტკივილიანი სიტყვები დაუწერია: 30 ჯარისკაცი! (ავღანეთში ქართული არმიის დანაკარგი 30 ჯარისკაცია) კი, მაგრამ რისთვის? იმისთვის, რომ სამიტიდან სამიტამდე არაფრისმთქმელი დაპირებები გვესმოდეს, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი?
თინა ხიდაშელი: კი, საბედნიეროდ, ეს უმცირესობის აზრია. რადგან მე ვარ ღრმად დარწმუნებული, რომ მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას სწორად და ზუსტად აქვს გაცნობიერებული, „რატომ“. რა თქმა უნდა, მსხვერპლზე არასოდეს არ შეიძლება გვქონდეს დადებითი ემოციები და აღტკინება: უიმე, რა კარგია, რომ ეს ხდება! ეს ასე არ არის, მაგრამ საომარ ოპერაციაში მიდიხარ და ღია ომია იქ, რა თქმა უნდა, არსებობს წინასწარი მოლოდინი იმისა, რომ ოპერაცია მსხვერპლით დასრულდეს. მთავარი ამოცანა ის არ არის, სამიტიდან სამიტამდე თუ რას გვეტყვიან. ჩემი აზრით, შეგნებული ქართველებისათვის, იმ ქართველებისათვის, რომლებიც კარგად აცნობიერებენ, თუ რა სამეზობლოში ცხოვრებენ, მათთვის ძალიან იოლი მისახვედრია, რომ ჩვენ არც ერაყში და არც ავღანეთში სხვის ომში არ ვიბრძვით, სხვისთვის არ ვიხოცებით და სხვისთვის არ ვიღებთ ამ მსხვერპლს. ეს, პირველ ყოვლისა, ჩვენსავე უსაფრთხოებას ხმარდება. ძალიან ცდება ის, ვინც ფიქრობს, რომ ტერორიზმი და „ისლამური სახელმწიფო“ (რომელიც მთელი სამყაროს მიერ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად არის დანახული), დღევანდელ საზღვრებში გაჩერდება. ვფიქრობ, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში ამ ძალების გააქტიურებამ და იმავე პანკისის ხეობაში განვითარებულმა მოვლენებმა ძალიან კარგად გვაჩვენა, რომ საქართველო ძალიან ახლოს არის ამ საფრთხეებთან. ამიტომ ვართ ჩვენ ავღანეთში, პირველ რიგში და უმთავრესად. და არა იმიტომ, თუ რა კეთილ სიტყვებს გვეტყვიან ჩვენ რომელიმე სამიტზე, თუ რომელიმე ქვეყნის დედაქალაქში. თუმცა, რა თქმა უნდა, არანაკლები მნიშვნელობის არის ის ამოცანაც, რომ ქვეყანას შევუქმნათ უსაფრთხოების ის ქოლგა, შევუქმნათ ის გარემო, რის შესაძლებლობასაც ნატოს წევრობა იძლევა.
პრინციპული საკუთარ გუნდთან და მედიასთან
კობა ლიკლიკაძე: „უსაფრთხოების ქოლგაზე“ გამახსენდა კიდევ ერთი შეკითხვა სოციალური ქსელიდან. ფეისბუკიდან გიორგი ლოლაძე გეკითხებათ: ფრანგულ მხარესთან მოლაპარაკებები თუ გრძელდება საჰაერო თავდაცვის საშუალებებზე, რადგან „თუ ალასანიას დავუჯერებთ, მხოლოდ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერაა დარჩენილი, დანარჩენი კი მზად არის“.
დღესაც მქონდა შეხვედრა ამ [ფრანგული] კომპანიების წარმომადგენელთან, მუდმივმოქმედ რეჟიმში ვმუშაობთ იმისათვის, რომ ის პირველადი ვადა, რაც იყო დათქმული, ივნისის ბოლო, ამ ვადას არ გავცდეთ...თინა ხიდაშელი
თინა ხიდაშელი: ეს არ არის სიმართლე. შესაძლოა, ალასანიას ან მაშინდელი გუნდის სტანდარტების შესაბამისად, იმ ხელშეკრულებაზე მხოლოდ ხელმოწერა იყოს დარჩენილი. ჩემი, როგორც იურისტის სტანდარტების შესაბამისად, ეს ასე არ არის. და როდესაც ასეთი ტიპის ფინანსურ ვალდებულებას იღებს ქვეყანა, იქ ხელშეკრულება უნდა იყოს პრინციპულად უფრო გამართული და სხვანაირი. დღესაც მქონდა შეხვედრა ამ [ფრანგული] კომპანიების წარმომადგენელთან, მუდმივმოქმედ რეჟიმში ვმუშაობთ იმისათვის, რომ ის პირველადი ვადა, რაც იყო დათქმული, ივნისის ბოლო, ამ ვადას არ გავცდეთ.
კობა ლიკლიკაძე: რაკი ირაკლი ალასანია ახსენეთ, იგი, ჯერჯერობით, ერთადერთი ყოფილი თავდაცვის მინისტრია, რომელსაც თქვენ შეხვდით იმ გეგმის ფარგლებში, რომელიც ყოფილ თავდაცვის მინისტრებთან შეხვედრას გულისხმობს. ეს ხომ არ იყო თქვენი მხრიდან სარისკო გადაწყვეტილება იმის გამო, რომ ალასანია სულ უფრო და უფრო მკაცრად აკრიტიკებს ხელისუფლებას, ხოლო როცა თანამდებობიდან გადააყენა, ირაკლი ღარიბაშვილმა მას „ერთი უჭკუო“ მინისტრი უწოდა. ამის გამო, გუნდის შიგნით არ გისაყვედურეს?
თინა ხიდაშელი: დავიწყოთ იმით, რომ ეს არ არის სიმართლე, მე მარტო ირაკლი ალასანიას არ შევხვდი. პირველი იყო, ვისთან შეხვედრაზეც კაფეში „რუსთავი 2“ დამადგა. უბრალოდ, ვიღაცამ უზრუნველყო, რომ ეს შეხვედრა „რუსთავი 2“-ის კამერას დაეფიქსირებინა. აი, ეს არის ერთადერთი განსხვავება, ჩემი ამ ყოფილ მინისტრსა და სხვა ყოფილ მინისტრებთან შეხვედრას შორის. რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს, თუ ეს გახსოვთ, მაშინ ჩემი მყისიერი რეაქციაც გემახსოვრებათ. მგონია, რომ არასწორია, როცა, თუნდაც, შენს გუშინდელ თანაგუნდელზე ასე საუბრობ. ისევე, როგორც არასწორი იყო ირაკლი ალასანიას მხრიდან ზოგიერთი ის განცხადება, რომელიც მან ყოფილ თანაგუნდელებზე გააკეთა.
კობა ლიკლიკაძე: ახლა თქვენ საუბარს რომ ვუსმენდი, მომეჩვენა, რომ რატომღაც „რუსთავი 2“-ზე განაწყენებული ხართ. ეს ხომ არ იყო იმის ბრალი, რომ თქვენ ავღანეთში წაიყვანეთ ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტი ინგა გრიგოლია, რომელიც, ბევრის აზრით, ყვითელ, სკანდალურ შოუს აკეთებს?
თინა ხიდაშელი: ჯერ ერთი, მე „რუსთავი 2“-ზე იმიტომ არ ვარ გაბრაზებული, რომ ალასანიასთან შეხვედრა გადაიღეს. მაგრამ მე ამ ტელევიზიაზე ნაწყენი ვარ და ამას არ დავმალავ, იმიტომ რომ, საჩივარი მაქვს შეტანილი მათ წინააღმდეგ „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში“ იმ ცნობილ სიუჟეტთან დაკავშირებით, რომელიც ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ქართული კონტინგენტის თაობაზე გააკეთეს. სიუჟეტი გააკეთა „იმედმაც“ , მაგრამ „იმედს“ პრობლემა არ ჰქონია, რომ მეორე დღესვე გაეკეთებინა სიუჟეტი, სადაც ბოდიში მოიხადეს და მართალ ისტორიას მოყვნენ. თუმცა, ჩემთვის დღემდე სრულიად გაუგებარია, თუ რატომ გაჯიქდა ასე „რუსთავი 2“ და რატომ ამბობს უარს ბოდიშის მოხდაზე. ამიტომ, კი, მართალი ხართ, მე „რუსთავი 2“-ის ეთერში არ ვყოფილვარ ამის შემდეგ და მათ იციან ჩემი პოზიცია, რომ არ მივალ მანამ, სანამ ისინი ბოდიშს არ მოიხდიან. რაც შეეხება ინგა გრიგოლიას წაყვანას ავღანეთში, შემიძლია პირდაპირ გითხრათ, რომ, როდესაც ეს არჩევანი უნდა გამეკეთებინა, აქ რამდენიმე ფაქტორი მუშაობდა: პირველი ის, რომ როდესაც ასეთ ადგილას მიგყავს ჟურნალისტი და კამერა, უნდა იყო დარწმუნებული, რომ ის რაიმეს ისეთს არ გადაიღებს და მერე ტელევიზორში არ აჩვენებს, რაც სახელმწიფო საიდუმლოებას ან ავღანეთში მყოფ ჩვენს ბიჭებს შეუქმნის პრობლემას; და უნდა იყო დარწმუნებული, რომ ჟურნალისტი ამ მხრივ არ გიღალატებს და შეცდომას არ დაუშვებს. მე ამაში ინგასთან მიმართებაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ.
კობა ლიკლიკაძე: ქ-ნო თინა, მაგრამ „იმედის“ ეთერში იყო, თუ არ ვცდები, სიუჟეტი, სადაც სამხედრო პოლიციის უფროსად სერგო ძაგნიძის დანიშვნასთან დაკავშირებით საკმაოდ მძიმე ბრალდებები წაუყენეს თავად ბატონ ძაგნიძეს და შემდეგ ითქვა, რომ ეს იყო თავდაცვის სამინისტროს არასწორი გადაწყვეტილება. გაგაკრიტიკეს ამისათვის.
თინა ხიდაშელი: მე ცენზორი კი არა ვარ, „იმედსა“ და ინგა გრიგოლიას რაზეც უნდათ იმაზე შეუძლიათ გააკეთონ გადაცემა. ღმერთმა დამიფაროს, ოდესმე ამაში ჩავერიო. ჩემი და გენერალური შტაბის უფროსის ერთობლივი გადაწყვეტილება იყო ბატონი სერგოს სამხედრო პოლიციის უფროსად დანიშვნა, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში მე ძალიან ცოტას ვიცნობ ისეთ პროფესიონალს, როგორიც ის არის. რაც შეეხება ამ ბრალდების ავტორს. მე ვცდილობ, რომ ჭირისუფლებთან არ შევიდე, როგორც წესი, დებატებში, ამიტომ თავს ვიკავებ, ძალიან ვიკავებ თავს, რომ ვახო სანაიას, მოდელირებული ქრონიკის დროინდელი „იმედის“ ჟურნალისტ სანაიას პასუხი არ გავცე. ახლა ერთადერთი ის შემიძლია ვთქვა, რომ თავის დროზე, როდესაც ბატონი სანაია მოპარულ ტელევიზიაში მუშაობდა, მე მქონდა შესაძლებლობა, ბედნიერება მასთან ერთი ეთერის, რომლის შემდეგაც ის გადაცემა დახურეს. და ერთ-ერთი მიზეზი ამისა იყო სწორედ ის დებატები, რომელიც ჩემსა და მას შორის სწორედ ამ მკვლელობის (ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობის) საქმეზე გაიმართა. ამიტომ, თუ ვინმეს აინტერსებს ჩემი და ვახტანგ სანაიას პოზიციები ამ თემაზე, შეუძლია ეს გადაცემა ნახოს და ყველა კითხვაზე პასუხს მიიღებს.
დეოკუპაცია სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკით?
კობა ლიკლიკაძე: ერთი თვის წინ ანტალიაში ვიყავი ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე და ჯერ კულისებში, მერე კი ღიადაც ითქვა „არსებითი პაკეტით“ გათვალისწინებული ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის შექმნის თაობაზე, რომ საქართველოსაგან ჯერ კიდევ ელოდებიან კონკრეტულ წინადადებებს. გაირკვა დრო, თანხა და სხვა ტექნიკური საკითხები?
შეგვიძლია, დღესვე დავიწყოთ ჯარის გადაადგილება ახალგორის მიმართულებით, მაგრამ ნებისმიერმა ადამიანმა, ვინც ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, შესაბამისად, მერე პასუხი უნდა აგოს შედეგებზე...თინა ხიდაშელი
თინა ხიდაშელი: ერთი კვირის წინ ნატოს გენერალურ მდივანთან ჩემი შეხვედრის დროს ჩვენ ამ საკითხზე ვისაუბრეთ. როგორც ჩანს, პატარა „მისკომუნიკაცია“ (გაუგებრობა) იყო, რადგან ბრიუსელში უკვე დიდი ხანია გაგზავნილი გვაქვს ჩვენი წილი ვალდებულება. ანუ, როგორც ცენტრის ლოკაციის, ისე ფინანსური ვალდებულების შესახებ და მივიღეთ დაპირება, რომ აღარ დააყოვნებს მათი მხრიდან თანხმობა.
კობა ლიკლიკაძე: როგორი ურთიერთობა გაქვთ საქართველოს პრეზიდენტთან? როგორი მთავარსარდალია გიორგი მარგველაშვილი?
თინა ხიდაშელი: ჩვენ ნორმალური ურთიერთობა გვაქვს, ისე, როგორც ბოლო 25 წლის განმავლობაში. ამ მხრივ, პრობლემები არ არსებობს. როგორი მთავარსარდალია? ხუმრობით გეტყვით: ღმერთმა ნუ ქნას, რომ გამოგვაცდევინოს.
კობა ლიკლიკაძე: ანუ გასცეს ბრძანება – სიტყვაზე – გადადით და გაათავისუფლეთ ახალგორი?
თინა ხიდაშელი: არ გასცეს ბრძანება, ან არ მოუწიოს, ან ისეთი რამე არ მოხდეს ჩვენს ქვეყანაში, რაც ჯარის მასობრივ გადაადგილებას გახდის საჭიროს.
კობა ლიკლიკაძე: მაგრამ როდემდე უნდა უყუროს საქართველოს ხელისუფლებამ საოკუპაციო ჯარს, რომელიც სოფელ ახმაჯში (ახალგორის რაიონი) შეუიარაღებელი თვალით ჩანს. როდემდე უნდა უყუროს ამას თავმოყვარე ხელისუფლებამ? რატომ არ შეიძლება, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გამოიყენოს კანონიერი ძალა იმისთვის, რომ მოხდეს დეოკუპაცია?
თინა ხიდაშელი: ამას ჩვენ არავინ და არაფერი არ გვიკრძალავს. შეგვიძლია, დღესვე დავიწყოთ ჯარის გადაადგილება ახალგორის მიმართულებით, მაგრამ ნებისმიერმა ადამიანმა, ვინც ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, შესაბამისად, მერე პასუხი უნდა აგოს შედეგებზე. შედეგები უკრაინაში სახეზეა. ყველანაირი შედეგები. ყველანაირი, ხაზს ვუსვამ. მათ შორის, რეაქციებისა და რეაგირების ნაწილი. ამიტომ, მე არა მგონია, რომ საქართველოს აქვს რაიმე სხვა ალტერნატივა პოლიტიკური თვალსაზრისით, გარდა იმ სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკისა, რომელსაც ჩვენ სისტემატურად, ინტენსიურად და ძალიან კვალიფიციურად ვახორციელებთ.
კობა ლიკლიკაძე: დაბოლოს, როგორც პირველი ქალი თავდაცვის მინისტრი, უკვე შეხვედით საქართველოს ისტორიაში. მაგრამ რა არის ის სამი მთავარი მიზანი, რომლის მიღწევითაც გსურთ, რომ დარჩეთ ერის მეხსიერებაში, როგორც წარმატებული მინისტრი?
თინა ხიდაშელი: ალბათ, ყველაზე ნაკლებად იმით, რომ პირველი ქალი თავდაცვის მინისტრი ვიყავი. იმიტომ, რომ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, რომ შედეგებით დარჩე ისტორიაში. არ ვიცი, ამას მოვახერხებ თუ არა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩემი ყველაზე დიდი ოცნება არის, რომ საქართველო ვნახოთ იმ ქოლგის ქვეშ, რომელზეც მთელი ინტერვიუს განმავლობაში ვსაუბრობდით. მეორეა, ჯარის ისეთ მდგომარეობამდე მიყვანა, როდესაც ყოველი ჯარისკაცი და, შესაბამისად, ყოველი ოჯახი, რომელიც ამ ჯარისკაცების უკან იდგება, დაინახავს, რომ ეს ჯარიკაცები არიან უფრო მეტად აღჭურვილნი და აქვთ უფრო მეტი შესაძლებლობა საკუთარი პოტენციალის გამოსავლენად. და მესამე, ეს არის საქართველოს მიყვანა იმ კონდიციამდე, როდესაც ჩვენი ჯარი იქნება ელიტარული, განსაკუთრებული ადგილით სახელმწიფოში.