მიუხედავად იმისა, რომ რძის პროდუქტებზე - განსაკუთრებით კი, მეგრულ ყველზე -მოთხოვნა იზრდება, ზუგდიდის სოფლების დიდ ნაწილში ფერმას ან მსხვილ მესაქონლეს იშვიათად შეხვდებით. მუნიციპალიტეტში მოსახლეობას ძირითადად 2-დან 6 ძროხამდე ჰყავს. უფრო მეტის ყოლის სურვილი თითქმის ყველას აქვს, მაგრამპირუტყვის შენახვისთვის საჭირო რესურსის - განსაკუთრებით, ფინანსურირესურსის - უქონლობა აფერხებთ. ასახელებენ ასევე საძოვრების ნაკლებობას, რადგან გლეხმა თავის კუთვნილ მიწის ნაკვეთებზე ძირითადად თხილი მოიყვანა.
„საძოვარი მინდორი საკუთრებაში ჯერ არავის აქვს დაკანონებული და...ჩემს ირგვლივ ახლა მე მოსახლეობა არ მეგულება, ძროხა რომ არ ჰყავდეთ, მაგრამ ჰყავთ თითო-ოროლა. თუ გინდა იყო მესაქონლე, პირველ რიგში, უნდა გქონდეს საძოვარი ტერიტორია ან მასთან ახლოს უნდა ცხოვრობდე. თანაც, ახლა ძროხებს მხოლოდ ჩვენი ხარჯით ვინახავთ და ჭირს ძალიან“, - ამბობს ზუგდიდის სოფელ ხამისკურში მცხოვრები თეა ეხვაია. მის მიერ ჩამოთვლილ მიზეზებს კიდევ ერთი პრობლემა ემატება ზუგდიდის იმ სოფლებში, რომელიც აფხაზეთს ესაზღვრება.
სოფელ განმუხურში მცხოვრები ნათელა ბულია გვიყვება, რომ ხშირად პირუტყვი მათგან რამდენიმე მეტრში მდებარე პირობით საზვარზე გადადის და შემდეგ უკვე ე.წ. მესაზღვრეებისგან ჯარიმის სანაცვლოდ იბრუნებენ, ზოგჯერ საერთოდ ვერც პოულობენ. ამ მიზეზით ქალბატონ ნათელას მხოლოდ ორი ძროხა და ერთი ღორი ჰყავს:
„100 ლარს თუ მისცემ აფხაზეთში მცხოვრებს, ის გადმოგიყვანს, თუ არადა, დაკარგულია: ან მგელი შეჭამს, ან მგლის პატრონი - აფხაზი. ახლა მე 12 ძროხა რომ მყავდეს და იქეთ რომ გადავიდნენ, სადაა ამდენი ფული. მყავს სახლში, ჩემს ეზოში“.
ანალოგიური მდგომარეობაა ოკუპირებული ნაბაკევის მოსაზღვრე სოფელ ხურჩაში. ადგილობრივმა მცხოვრებმა მურთაზ შონიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ის ახლა ნაბაკევში დაკარგულ ცხენს ეძებს. ასევე ჰყვება მეზობლის მაგალითსაც, როცა საქონელი პატრონს ერთი თვის შემდეგ თავად დაუბრუნდა:
„ორი ძროხა გადავიდა. ერთი კვირა არ არის, რაც უკან დაბრუნდნენ. არადა, ერთი თვეა, აქ არ არიან. იყო შემთხვევა, როცა დაიკარგა მაკე ძროხა, აქეთ კი ხბოსთან ერთად დაბრუნდა, ისიც ასე ერთი თვის შემდეგ“.
აფხაზეთში ზუგდიდის სოფლებიდან დაკარგული საქონლის ან მის სანაცვლოდ ჯარიმების გადახდის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობასა და ზუგდიდის გამგეობაში. აქ რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ მსგავსი პრობლემის არსებობის შესახებ მოსახლეობას მათთვის ცნობები არ მიუწოდებია.
მუნიციპალიტეტში რომ, მესაქონლეობის განვითარების თვალსაზრისით, გარკვეული პრობლემებია, გვიდასტურებენ ზუგდიდის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურში. მეცხოველეობის განყოფილების უფროსის ლალი კემულარიას განცხადებით, მუნიციპალიტეტში სულ 37 მსხვილი ფერმერია, თუმცა ეს ციფრი, მისივე სიტყვებით, პირობითია, რადგან საუბარია ფერმერებზე, რომლებსაც მაქსიმუმ 10-15 პირუტყვი ჰყავთ:
„მეცხოველეობა არა მარტო ზუგდიდში, მთლიანად რეგიონში ჩავარდნილი დარგია. რატომ? იმიტომ რომ როგორც კი მოხდა ამ მსხვილი ფერმების კერძო საკუთრებაში გადასვლა და როგორც კი მოხდა ამ ფერმების დაშლა, რაც იყო საბჭოთა პერიოდში, მოხდა ამ საქონლის კერძო სექტორში განაწილება“.
ლალი კემულარიას თქმით, კერძო სექტორში გადასვლის შემდეგ გლეხმა პირუტყვს სათანადო ყურადღება ვერ მიაქცია, რადგან ფერმაში საქონლის შენახვას საკუთარი წესები აქვს. თუკი ადრე საქონელს თავის დროზე უტარდებოდა ვეტერინარული მომსახურება და მის გამრავლებას უწყობდნენ ხელს, კერძო სექტორში განაწილების შემდეგ გლეხმა, შესაბამისი ფინანსების უქონლობის გამო, ამის უზრუნველყოფა ვერ შეძლო. ლალი კემულარია ასევე ამბობს, რომ მეცხოველეობის განვითარება ისევ მხოლოდ სახელმწიფოსა და საბანკო სექტორის მხრიდან ხელშეწყობის შემთხვევაშია შესაძლებელი.