Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

რას ფიქრობენ ზუგდიდში სოფლის განვითარებისთვის შექმნილ პროგრამებზე


ზუგდიდი
ზუგდიდი

სახელმწიფო, სოფლის განვითარებისა და გლეხის ხელშეწყობის მიზნით, რამდენიმე წელია სხვადასხვა პროგრამას ახორციელებს. მაგალითად, მესამე წელია მოქმედებს „მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის“ პროგრამა, რომლის ფარგლებშიც გლეხს მიწის მოხვნაში ეხმარებიან და საჭირო მინერალებით ამარაგებენ. ამ პროექტის მიზანი სოფლის გაძლიერება და მეტი მიწის ათვისებაა. მუშაობს კიდევ ერთი, სოფლის მხარდაჭერის, პროგრამა. მისი განხორციელება საქართველოს მთავრობამ 2009 წლიდან დაიწყო. პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები უნდა მოხმარდეს სოფლის როგორც ეკონომიკურ, ისე სოციალურ განვითარებას. ეს პროგრამა ძირითადად ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს მოიცავს.

რა შედეგი მოიტანა სოფელში წლების განმავლობაში უკვე განხორციელებულმა და მიმდინარე პროექტებმა? - ამ კითხვით რადიო თავისუფლებამ ზუგდიდის სოფლებში მცხოვრებთ მიმართა. სოფელ თარგამულის მკვიდრი ჯუმბერ ნაყოფია ამბობს, რომ სახელმწიფო პროგრამები გლეხს უმარტივებს სოფლის სამუშაოების განხორციელებას, თუმცა ეს არ იძლევა უფრო მეტი მიწის დამუშავებისა და მეტი მოსავლის მიღების საშუალებას:

„საწვავი ღირს ძალიან ძვირი და ეს არის მთავარი შემაფერხებელი. ჩვენ ვერ ვყიდულობთ საკმარის საწვავს. გასაუმჯობესებელია, არ ყოფნის ეს პროგრამა გლეხს. ადრე მოხვნასთან ერთად ფარცხვა და დადისკვაც იყო და ახლა ესენი რომ არ არის, ძალიან ცუდია“.

საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროგრამით კმაყოფილია სოფელ დარჩელში მცხოვრები ლალი შედანია. მისი თქმით, ამ პროგრამის ფარგლებში ის ახერხებს კუთვნილი მიწის სრულად ათვისებას:

„ხვნა-თესვის სამუშაოები მაინც ძვირი უჯდებოდა გლეხს და ცოტა წაშველიება მაინც კი არის სოფლის მცხოვრებლებისთვის. ადამიანი ყველაფრით უკმაყოფილო არ უნდა იყო“.

რაც შეეხება სოფლის მხარდაჭერის პროგრამას, რესპონდენტები მის დადებით შედეგს ჯერჯერობით ვერ ხედავენ. გრიგოლიშის ერთ-ერთ უბანში მცხოვრებმა ნუნუ კვარაცხელიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ 10 წელზე მეტია მის სოფელში ინფრასტრუქტურული სამუშაოები არ ჩატარებულა:

„ჩვენთვის გზა არ არის, ჩვენთვის ხიდი არ არის... ესაა ჩვენთვის მთავარი პრობლემა, თორემ სოფლის მეურნეობის პროგრამით ჩვენ უკმაყოფილო არ ვართ. სასწრაფო რომ დაგვჭირდება, მამაოს მივყავართ, თუ არადა, ვრჩებით ბედის ამარა“.

ზუგდიდის გამგეობაში აცხადებენ, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელებისას პრიორიტეტული თავად მოქალაქეების მიერ დასახელებული საკითხებია. განსაკუთრებული ყურადღება სწორედ ინფრასტრუქტურულ პრობლემებს ეთმობა. გამგეობის საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროს მაია ღურწკაიას განცხადებით, მოსახლეობას მიმდინარე წელსაც აქვს საშუალება სოფლის კრებებზე მოითხოვოს ამა თუ იმ პრობლემის მოგვარება. ეს პრობლემები, მისი მტკიცებით, ეტაპობრივად გვარდება.

რაც შეეხება „მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის“ პროგრამას, ზუგდიდის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის უფროსი ლერი დოჩია აცხადებს, რომ ამ პროგრამას კარგი შედეგი უკვე აქვს:

„წელს გაიზარდა დასამუშავებელი მიწის ფართობის რაოდენობა. 2014 წელს დამუშავებული მიწის ფართობი იყო 8 561 ჰექტარზე მეტი. 2015 წლის მონაცემებით, 8900 ჰექტარამდე ავა, მაგრამ, წინა წლებთან შედარებით, მიწის ნაკვეთის, რომელიც გასულ წელს ჰქონდა ბენეფიციარს დარეგისტრირებული სახნავად, 10% წელს მრავალწლიან კულტურად არის ქცეული. შესაბამისად, სახნავი ფართობი მცირდება და ემატება მრავალწლიან ფართობს“.

ლერი დოჩიას განცხადებით, გაითვალისწინეს გასულ წლებში დაფიქსირებული ხარვეზები და წელს გაცილებით ადრე დაიწყო სამუშაოები. მისი თქმით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში ხვნის ბარათები უკვე დარიგდა და დაწყებულია მიწის დამუშავება. სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის უფროსის განმარტებით, გაზრდილია ტრაქტორების რაოდენობაც და თუ ამინდმაც გლეხს ხელი შეუწყო, 2015 წელს სოფლის მეურნეობის გაზრდილი შემოსავლი უნდა დაფიქსირდეს.

XS
SM
MD
LG