Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

როგორ „შემოიჭერენ ქამრებს“ კახეთში


ყვარელი
ყვარელი

ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, კახელები ადგილობრივ ხელისუფლებას ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას სთხოვენ, გამგებლები კი ამბობენ, რომ მათ ე.წ. „ქამრები“ უკვე შემოჭერილი აქვთ და კიდევ უფრო მეტად ვეღარ შემოიჭერენ.

მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა, „ქამრები უნდა შემოვიჭიროთო“, კახეთის რეგიონში მოსახლეობა ხელისუფლებას ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებასა და ბიუჯეტის რაციონალურ ხარჯვაზე მიუთითებს. რიგითი ადამიანების თქმით, თვითმმართელობებმა უარი უნდა თქვან პრემიებისა და სახელფასო დანამატების აღებაზე. მოსახლეობა ამბობს, ლარის გაუფასურებამ ქვეყანაში მედიკამენტებსა და პროდუქტზე ფასები საგრძნობლად გაზარდაო, ეს კი მათ მდგომარეობას განსაკუთრებით ამძიმებს.

„ქამრები როგორ უნდა შემოიჭირონ, იცით? პრემიები უნდა მოიკლონ და დანამატები შეიმცირონ. ამდენი ხალხი უმუშევარი ვართ. ჩვენ თუ 150 ლარს ვკმარობთ... თუმცა ახლა დავიანგარიშე და მხოლოდ ჩემს წამლებში 137 ლარი მჭირდება. აი, ასე გაქრა ჩემი პენსიაც“.

„ხარჯები უნდა შეამცირონ, პრემიები და ხელფასებიც, თუ უნდათ, რომ ხალხს დაეხმარონ“.

„მხოლოდ ხელფასით დაკმაყოფილდნენ. მე მთელი დღე 1 ლარზე ვმუშაობ, რომ საღამოსპური ვიყიდო და მშიერი არ მოვკვდე სახლში“.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელი გვეუბნება, რომ მათ ქამარი ისედაც შემოჭერილი აქვთ და კიდევ უფრო მეტად შემოჭერის აუცილებლობას ვერ ხედავს.დავით ჯანიკაშვილი ამბობს, რომ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, რომელიც თითქმისსამ მილიონ ლარს შეადგენს, თავიდანვე მცირე ადმინისტრაციულ დანახარჯებზე იქნა გათვლილი და მისი გადახედვა დღეს შეუძლებელია:

„ქამარი ისედაც მოჭერილი გვაქვს, რადგან ჩვენი ბიუჯეტი ქამრის მოშვების საშუალებას არასდროსარ გვაძლევს. გასართობ საშუალებებზე ჩვენ დაფინანსება არ გვაქვს გამოყოფილი, რომ რამენაირად შევამციროთ“.

პრემიებზე უარის თქმას არა, მაგრამ ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას აპირებს გურჯაანის გამგებელი. გია გერგიძე ამბობს, რომ თვითმმართველობაში დასაქმებულ საჯარო და თანამდებობის პირებს კანონი პრემიის აღების საშუალებას აძლევს და ის ამ კუთხით ცვლილებებს არ გეგმავს:

„ჩვენი შეხედულებებით უნდა შევამციროთ ხარჯები. პრემიების გაცემას კანონი არ ზღუდავს. ჩვენ წლის განმავლობაში შევხედავთ რისი საშვალება გვაქვს და შესაბამისად გაიცემა კიდეც პრემია“.

ადგილობრივ ბიუჯეტში ცვლილებებს არც ლაგოდეხის თვითმმართელობა გეგმავს. გამგებელ კახა ჯამბურიას თქმით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ 2015 წლის ბიუჯეტი მცირე ადმინისტრაციული ხარჯებით დაგეგმა, ხოლო რაც შეეხება პრემიას, ჯამბურია არ გამორიცხავს, რომ „ამ მუხლში ცვლილებები განხორციელდეს“:

„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს მცირე ბიუჯეტი გააჩნია და მაქსიმალურად ვცდილობთ თანხები მივმართოთ ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად“.

„ქამრების შემოჭერის“ პრაქტიკას დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში დიდი ხნის ისტორია არა აქვს. პირველად ეს ტერმინი რამდენიმე წლის წინ ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გამიიყენა, წელს კი პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა, რომელმაც ხელისუფლებას ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებადა ბიუჯეტის რაციონალური ხარჯვა მოსთხოვა, ამის მიზეზად კი ლარის კურსის ვარდნა და ეკონომიკური ფაქტორები სახელდება.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG