Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადამიანის უფლებები 2014 წელს


ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება, სასამართლო სისტემის რეფორმა, ე.წ. ფარული მიყურადების შესახებ კანონის მიღება, ვითარება პენიტენციარულ სისტემაში და რელიგიურ უმცირესობებთან დაკავშირებული პრობლემები - რამდენიმე წინადადებით ასე შეიძლება აღიწეროს ადამიანის უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებული საკითხები.

უფლებადამცველების განცხადებით, 2014 წელი იყო მნიშვნელოვანი ცვლილებების წელი ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით. ხელისუფლების მთავარ მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება. კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის“ შესახებ პარლამენტმა 2 მაისს მიიღო. კანონის თანახმად, იკრძალება ადამიანის დისკრიმინაცია მისი რასის, კანის ფერის, სქესის, მოქალაქეობის, აღმსარებლობის, ოჯახური მდგომარეობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, პოლიტიკური შეხედულებებისა და სხვა ნიშნით. კანონის მიღებისას პარლამენტმა არ გაითვალისწინა სამოქალაქო სექტორის ბევრი შენიშვნა. „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონის პროექტი იუსტიციის სამინისტროში დაიწერა, მას არასამთავრობო ორგანიზაციების დიდმა ნაწილმა დაუჭირა მხარი, თუმცა სამოქალაქო სექტორი მიიჩნევდა, რომ ის მნიშვნელოვნად გაუარესდა მთავრობის ხელში. კერძოდ, კანონპროექტი აღარ ითვალისწინებს დისკრიმინაციის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულებისა და კერძო პირის სასამართლოს გზით დაჯარიმების მექანიზმების შექმნას, რაც ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენლის თამთა მიქელაძის თქმით, შეუძლებელს გახდის დისკრიმინაციის წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლას:

„ჩვენი ძირითადი მოთხოვნა არის სახალხო დამცველისათვის სასამართლოს გზით დაჯარიმების გადაცემა, რაც გულისხმობს იმას, რომ თუ კერძო სექტორი ან საჯარო დაწესებულებები უარს იტყვიან სახალხო დამცველის მიერ მიწოდებული რეკომენდაციების შესრულებაზე, კანონი უნდა ითვალისწინებდეს ამ პირების სასამართლოს გზით დაჯარიმებას. თუ ამგვარი სანქცია არ იქნება კანონით განსაზღვრული, მაშინ დღეს არსებული რეალობა, პრინციპში, არ შეიცვლება, იმიტომ რომ რეკომენდაციების გაცემის მანდატი სახალხო დამცველს ისედაც აქვს“.

სახალხო დამცველის ფუნქციების გაძლიერებას მოითხოვდა ომბუდსმენიც, უჩა ნანუშვილი. მისი განცხადებით, ომბუდსმენის ოფისის ინსტიტუციური გაძლიერებისათვის საჭირო იყო სახალხო დამცველს გამოჰყოფოდა დამატებითი ფინანსური და ადამიანური რესურსები; ამავე დროს, აუცილებელი იყო შესაბამისი ბერკეტების უზრუნველყოფაც, რათა მას შესაძლებლობა ჰქონოდა კანონის დამრღვევთა მიმართ ქმედითი ღონისძიებების გატარების.

„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონის მიმართ პრეტენზიები ჰქონდა საპატრიარქოსაც. 2014 წლის 28 აპრილს საპატრიარქომ გაავრცელა პარლამენტისადმი მიმართვა, რომელიც დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა წაიკითხა. საპატრიარქო ანტიდისკრიმინაციული კანონიდან ორი ცნების -"სექსუალური ორიენტაციისა" და "გენდერული იდენტობის" - ამოღებას მოითხოვდა:

"ქვეყნის განვითარებისათვის მნიშვნელოვან ამ კანონპროექტში კი კონსტიტუციაში არარსებული ცნებების - "სექსუალური ორიენტაციისა" და "გენდერული იდენტობის" - შემოტანა ხალხში დიდ ვნებათაღელვას იწვევს, რადგან ჩვენი მოქალაქეების პიროვნული უფლებები ისედაც თანაბრად დაცულია საქართველოში დღეს არსებული კანონმდებლობით. ღვთის მცნებებიდან გამომდინარე, მორწმუნე საზოგადოება არატრადიციულ სექსუალურ ურთიერთობებს სამართლიანად მიიჩნევს მომაკვდინებელ ცოდვად, ხოლო წარმოდგენილი ფორმით ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტს თვლის ამ ცოდვის პროპაგანდად და დაკანონებად. ევროკავშირი წარმოადგენს განსხვავებული ერებისა და რელიგიების გამაერთიანებელ მრავალფეროვან სივრცეს, რომელიც აცხადებს, რომ აღიარებს სხვადასხვა ხალხების კულტურასა და ტრადიციებს და საქართველოსთან მიმართებაშიც მზად არის გაითვალისწინოს და პატივი სცეს ჩვენს ფასეულობებს. აღნიშნული კანონპროექტის მოთხოვნები ამ პრინციპებს ეწინააღმდეგება".

მას შემდეგ, რაც საპატრიარქოს მოთხოვნას, დაწყებულიყო ხელახალი კონსულტაციები, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელთა წინააღმდეგობა მოჰყვა და მთავრობამაც არ გაიზიარა ეს პოზიცია, 17 მაისს, ჰომოფობიასთნ ბრძოლის საერთაშორისო დღეს, თბილისში, საპატრიარქოსა და საზოგადოების გარკვეული ჯგუფის ინიციატივით, ანტიდისკრიმინაციული კანონის წინააღმდეგ მსვლელობა მოეწყო. ეს დღე პატრიარქმა „ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ“ გამოაცხადა. ამ დღეს, დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით, ლგბტ თემის უფლებების დამცველებმა 2013 წლის მოვლენები გაითვალისწინეს და აქციის გამართვისგან თავი შეიკავეს. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა განცხადებით, შესაძლოა ანტიდისკრიმინაციული კანონი ამ შემთხვევაშიც უძლური აღმოჩენილიყო.

მეჩეთი
მეჩეთი

კანონის მოქმედებასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები გაჩნდა, როცა 10 სექტემბერს ქობულეთში ლერმონტოვის ქუჩის მცხოვრებლებმა მუსლიმური სასწავლებლის მშენებლობა გააპროტესტეს და შენობის კარზე ღორის მოკვეთილი თავი დაამაგრეს, რამაც ადგილობრივი მუსლიმებისა და მესამე სექტორის აღშფოთება გამოიწვია.მომხდართან დაკავშირებით აღიძრა საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის, ანუ მუქარის, ნიშნებით. 11 სექტემბერს ქობულეთში მომხდარ ინციდენტს განცხადებით გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც დაგმო რელიგიური შეუწყნარებლობისა და რელიგიური ნიშნით დაპირისპირების მცდელობა:

„მოვუწოდებ სამართალდამცავ სტრუქტურებს, სასწრაფოდ გამოიძიონ მომხდარი და სათანადოდ აგებინონ პასუხი ყველას, ვინც მონაწილეობდა ამ პროვოკაციაში. მინდა ყველამ იცოდეს, რომ საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს რელიგიურ დაპირისპირებას და დესტაბილიზაციას ქვეყანაში. საქართველოს მუსლიმი მოსახლეობა კი მინდა დავარწმუნო, რომ ჩვენ ყველაფერს ვიღონებთ მათი ინტერესების დასაცავად. ყველა დამნაშვე იქნება დასჯილი კანონის მთელი სიმკაცრით“.

13 სექტემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 100-100 ლარით დააჯარიმა სამი ბრალდებული, თუმცა, სამოქალაქო სექტორის ზოგი წარმომადგენლის შეფასებით, ეს არასაკმარისი სასჯელი იყო აღნიშნული ქმედებისთვის.

გასულ წელს, როგორც სახალხო დამცველმა აღნიშნა, ქვეყნისთვის მთავარ გამოწვევად იქცა ფემიციდი და ოჯახში ძალადობა. ერთი წლის განმავლობაში 20-ზე მეტი ქალი მოკლეს. გაეროს მოსახლეობის ფონდის მონაცემებით, საქართველოში ყოველი მე-11 ქალი ძალადობის მსხვერპლია. „ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის“ წარმომადგენელ ელისო ამირეჯიბის განცხადებით, საქართველოში ძალადობის მსხვერპლთა დასაცავად კანონით განსაზღვრული მექანიზმები არ მუშაობს:

„მაგალითად, ფაქტზე გამოძახებისას საპატრულო პოლიცია არ იყენებს შემაკავებელი ორდერის გამოწერის უფლებას, რის გამოც ძალიან ხშირად დარტყმის ქვეშ აყენებს მსხვერპლის უსაფრთხოებას. ეს შესაძლოა იმითაცაა განპირობებული, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში ოჯახში ძალადობა არ ითვლება სერიოზულ პრობლემად. თუმცა მინდა ყველას შევახსენო, რომ არსებობს კანონი ოჯახში ძალადობის შესახებ, რომლის შესრულების ვალდებულებაც ხელისუფლებას აკისრია“.

თეა წულუკიანი
თეა წულუკიანი

ფემიციდის წინააღმდეგ თავისი სტრატეგიის გამოქვეყნებას დაჰპირდა საზოგადოებას მთავრობა, ქალთა მკველობებს გამოეხმაურა იუსტიცის მინისტრი თეა წულუკიანიც, მან უკმაყოფილება გამოთქვა გამოძიების პროცესის მიმართ, საქართველს პრეზიდენტის განცხადებით კი, შესაძლოა 2015 წელი გამოცხადდეს ქალთა წლად. ოჯახში ძალადობის თაობაზე მოქმედი კანონმდებლობით, ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა ისჯება საზოგადოებრივად სასარგებლო შრომით 40-დან 150 დღემდე. ოჯახში ძალადობის შესახებ კანონში ცლილებები პარლამენტმა დაამტკიცა და, ცვლილების თანახმად, ძალადობა დაისჯება ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

ამის პარალელურად, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი დეპუტატის თამარ კორძაიას იდეით, შესაძლოა სისხლის სამართლის კოდექსს მუხლი „ფემიციდი“ დაემატოს:

„სისხლის სამართლის კოდექსში ფემიციდი ცალკე დანაშაული უნდა გახდეს და ამაზე უნდა დავიწყოთ უფრო კომპეტენტური და ღრმა მსჯელობა პარლამენტში. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი აქ არის საკუთრების უფლება და მივადექი სწორედ იმ საკითხს, როდესაც, ჩვენი კანონმდებლობის თანახმად, არსებობს თანასწორი შესაძლებლობები, მაგრამ არ არსებობს თანასწორი შედეგები. ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით, ქალი არის ისეთივე თანაბარი მემკვიდრე, როგორიც კაცი, მაგრამ ძირითად შემთხვევებში ქონებას უტოვებენ ვაჟებს. შესაბამისად, ქალი ყოველგვარი ქონებრივი და ეკონომიკური გარანტიების გარეშე სრულიად დაუცველი რჩება. საბავშვო ბაღებიდან უნდა დაიწყოს გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით, ოჯახში ძალადობის მავნე შედეგებთან დაკავშირებით ბავშვების აღზრდა და განათლება“.

25 ნოემბერს მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყო 16-დღიანი კამპანია, რომელიც ქალების მიმართ ძალადობის აღმოფხვრისკენ იყო მიმართული.

გასულ წელს, ადამიანის უფლებების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი იყო „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები, დაკავშირებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების დროს ფარული მიყურადება-თვალთვალის წესთან. ცვლილების მიხედვით, ფარულ მიყურადებაზე წვდომის ე.წ. გასაღები შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში დარჩა. კანონის ამ სახით მიღების კატეგორიული წინააღმდეგი იყო სამოქალაქო სექტორი, ოპოზიცია და მმართველი კოალიციის რამდენიმე წარმომადგენელიც, ვინაიდან, მათი განცხადებით, გასულ წლებში შინაგან საქმეთა სამინისტრო ბოროტად იყენებდა ამ შესაძლებლობას. კანონს ორგზის დაადო ვეტო საქართველოს პრეზიდენტმა, თუმცა ბოლოს მას ხელი მაინც მოაწერა.

საქართველოს პარლამენტის სხდომა
საქართველოს პარლამენტის სხდომა

27 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა ჩააგდო კანონპროექტი, რომელიც დეპუტატმა ვახტანგ ხმალაძემ მოამზადა და რომელიც ფარული მოსმენების გასაღების კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიისთვის გადაცემას გულისხმობდა. ამ კანონპროექტისგან განსხვავებით, დეპუტატების საკმარისი რაოდენობა მოაგროვა მეორე კანონპროექტთა პაკეტმა, რომელიც დეპუტატების ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის მიერ იყო მომზადებული და რომელიც ეგრეთ წოდებული ორი გასაღების პრინციპს ეფუძნება - კერძოდ, აქტით, რომელსაც გამოსცემს მოსამართლე, გადაუდებელ შემთხვევაში კი - პროკურორი, შინაგან საქმეთა სამინისტრო რთავს მოსმენის აპარატურას. პროცესში, როგორც მაკონტროლებელი რგოლი, ერთვება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორიც.

კანონის ამ სახით მიღებას კმაყოფილებით გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილი თავიდანვე ლობირებდა მოსმენის ე.წ. გასაღების შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში დატოვებას.

უკომპრომისო დარჩა სამოქალაქო სექტორი, რომელიც, „ეს შენ გეხება - ისევ გვისმენენ“ კამპანიის ფარგლებში, 28 ნოემბერს პარლამენტთან შეიკრიბა.საპროტესტო აქციები მათ მოგვიანებითაც გააგრძელეს და საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანასაც გეგმავენ, თუმცა მანამდე „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლომჯარია ერთ-ერთი იყო მათ შორის, ვინც 28 ნოემბერს დეპუტატებს სირცხვილის დერეფანი მოუწყო:

„ეს არის, პირიქით, უფრო რეგრესული კანონპროექტი. მთელ რიგ საკითხებში ვითარება უარესდება. პარლამენტმა არ შეასრულა ამომრჩევლის დაკვეთა, რომლის მოთხოვნაც იყო, რომ შემწყდარიყო უკანონო მოსმენები და აღნიშნული კანონპროექტის ფარგლებში, ვფიქრობთ, რომ უკანონო და შეუზღუდავი მოსმენები შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან იქნება შესაძლებელი“.

სამოქალაქო სექტორის მოსაზრებებს ხელისუფლება იშვიათად ითვალისწინებდა. მიუხედავად სასამართლო სისტემის რეფორმისა, არასამთავრობო ორგანიზაციებს ბევრი შენიშვნა დარჩათ ამ სფეროს მიმართ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია წელს ბათუმის, ქუთაისისა და თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოს 3253 სხდომას დაესწრო. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის თინათინ ავალიანის თქმით, 2012 წლის არჩევნების შემდეგ მკვეთრად შემცირდა სასამართლოში პორკურატურის მოთხოვნის ერთმნიშვნელოვანი დაკმაყოფილების ფაქტები. თუმცა, არასამთავრობო სექტორის შეფასებით, სასამართლოები არ განიხილავენ სამართალდამცავთა მხრიდან სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულებებს.

უჩა ნანუაშვილი
უჩა ნანუაშვილი

სამართალდამცავთა მხრიდან სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულებათა გამოძიების საკითხი მოხვდა სახალხო დამცველის ანგარიშშიც. უჩა ნანუაშვილის განცხადებით, სახალხო დამცველის ოფისს არაერთმა განმცხადებელმა მიმართა მოთხოვნით გამოძიებულ იქნეს სამართალდამცავთა მხრიდან ჩადენილი დანაშაულებები. მსგავსი ფაქტები ყველაზე ხშირია დასავლეთ საქართველოში. თუმცა, უჩა ნანუაშვილის განცხადებით, პროკურატურა სახალხო დამცველის მიმართვებზე არ რეაგირებს.

მსგავსი დამოკიდებულება აქვს, უჩა ნანუაშვილის შეფასებით, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს. ადმინისტრაციის თანამშრომლების მიერ უფლებამოსილების გადამეტების, ასევე პატიმრების სავარაუდო წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით 18 საჩივრიდან სისხლის სამართლის საქმე მხოლოდ ერთ ფაქტზე აღიძრა. საუბარი შეეხება 17 ნოემბერს მომხდარ ინციდენტს, როდესაც გლდანის მე-8 საპყრობილეში უფლებადამცველებმა საშხაპეში 2 პატიმარი აღმოაჩინეს სხეულზე ძალადობის კვალით. დანაშაულში ეჭვმიტანილები ამ დრომდე არ გამოვლენილან. სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში წლის განმავლობაში 23 პატიმარი გარდაიცვალა, საიდანაც 5, სავარაუდოდ, სუიციდის შედეგად.

სახალხო დამცველის მონაცემებით, პოზიტიურად უნდა შეფასდეს ციხის საავადმყოფოს რეაბილიტაცია და C ჰეპატიტით დაავადებული პატიმრებისთვის მკურნალობის შესაძლებლობა.

უჩა ნანუაშვილს რეკომენდაციები აქვს პროკურატურის მიმართაც, რამდენიმე საქმის არაეფექტური გამოძიების გამო. მათ შორისაა მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებისთვის უკანონოდ თავისუფლების აღკვეთის ფაქტების გამოძიება, ყოფილი შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილისადმი მოპყრობისა და დეპუტატ ნუგზარ წიკლაურზე განხორციელებული თავდასხმის გამოძიების გამო.

პროკურატურის საქმიანობასთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრის დავალებით სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისმა საბჭომ, რომელსაც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს, პროკურატურის რეფორმა უნდა მოამზადოს. რეფორმისთვის საჭირო საკანონმდებლო ბაზას სპეციალური სამუშაო ჯგუფი მოამზადებს. ეს ცნობილი გახდა უწყებათაშორის საბჭოს სხდომაზე, რომელიც 27 დეკემბერს გაიმართა. პროკურატურის რეფორმის თაობაზე კონცეფცია შემუშავებული აქვს ყოფილი მთავარი პორკურორის, არჩილ კბილაშვილის, არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ევროპულ არჩევანს“. კონცეფციის მიხედვით, უნდა შეიცვალოს მთავარი პროკურორის დანიშვნის წესი. დღეს არსებული წესის მიხედვით, იუსტიციის მინისტრის წარდგინებით, მას პრემიერი ნიშნავს.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG