Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კანონში ძალადობის აღკვეთის შესახებ ცვლილებები ამოქმედდა


„ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის და დახმარების შესახებ“ კანონში ცვლილებები 14 ნოემბრიდან ძალაში შედის. ცვლილების მიხედვით, პირველ რიგში, დაკონკრეტებულია რას გულისხმობს ოჯახში ძალადობა. ძველი რედაქციით, კანონში იყო მხოლოდ ზოგადი განმარტება, ახლა კი ვკითხულობთ, რომ „ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებების და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით, ან იძულებით“. კანონში შეტანილი ცვლილებების განსახილველად გორში, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. შეხვედრის დასაწყისშივე ითქვა, რომ სამართალდამცავების მხრიდან ოჯახებში გამოვლენილი ძალადობის შემთხვევების დროს დამცავი და შემაკავებელი ორდერების გაცემის სტატისტიკა ნულის ტოლია.

ცვლილებებში პოლიციელთა უფლება-მოვალეობებიც განსაზღვრულია. კანონის მიხედვით, სამართალდამცავებმა მოძალადე უნდა გაარიდონ მსხვერპლის საცხოვრებელ ადგილს და უზრუნველყონ მსხვერპლის უსაფრთხოება. მესამე სექტორის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მნიშვნელოვანი ცვლილება ის არის, რომ ხდება საცხოვრებელი ადგილიდან მოძალადის გარიდება იმ შემთხვევაშიც, თუ საცხოვრებელი მას ეკუთვნის და მსხვერპლი უარს აცხადებს კრიზისულ ცენტრში და თავშესაფარში გადასვლაზე. ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის ფსიქოლოგი ხატია ჩიხლაძე მიიჩნევს, რომ მიღებული ცვლილებებით მსხვერპლის დაცვა უფრო ეფექტური ხდება.

ახალგაზრდა იურისტების აზრით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ საქმეზე სისხლის სამართლის აღძვრა არ აფერხებს შემაკავებელი ორდერების გაცემას. საიას გორის ოფისის ხელმძღვანელის ქეთი ბებიაშვილის აზრით, პოლიციელები უკვე ვალდებულები იქნებიან ასეთი ორდერები გასცენ.

კანონით განისაზღვრა იმ პირთა სიაც, ვისაც აქვს ძალადობის შემთხვევების გამოვლენისა და სამართალდამცავების ინფორმირების ვალდებულება. ოჯახში ძალადობის შემთხვევის გამოვლენას და მასზე შესაბამის რეაგირებას ახორციელებენ სამართალდამცველი და სასამართლო ორგანოები. ოჯახში ძალადობის ფაქტის პირველადი იდენტიფიკაციისა და მასზე რეაგირების მიზნით, შესაბამისი ორგანოებისთვის მიმართვის ვალდებულება აკისრიათ სამედიცინო დაწესებულების - არასრულწლოვანის შემთხვევაში, საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებებისა - და სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლებს. „ძალადობისგან დაცვის ეროვნული ცენტრის“ წარმომადგენელი ჟანა ადუაშვილი მიიჩნევს, რომ კანონის გამკაცრება დროულია და მასში შეტანილი ცვლილებები პრევენციის მეტ შესაძლებლობას იძლევა.

კანონში ცვლილებები მოძალადის მიმართ სპეციალურ სარეაბილიტაციო ღონისძიებებსაც ითვალისწინებს, რაც მიმართულია მოძალადის ფსიქოლოგიურ-სოციალური დახმარებისა და ჯანმრთელობის რეაბილიტაციისკენ და მიზნად ისახავს ძალადობის განმეორების თავიდან აცილებას; იგულისხმება აგრეთვე მოძალადის მიერ ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა.

XS
SM
MD
LG