Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საიათნოვა - ტრაგიკული ბედის პოეტი


18 ივნისს თბილისში, რუსთაველის თეატრში, საიათნოვას 300 წლისთავი აღნიშნეს. ღონისძიებას ესწრებოდა როგორც საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ასევე სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი. მომღერალი და მუსიკოსი საიათნოვა (ნამდვილი სახელი არუთინ საიათიანი) მე-18 საუკუნეში ერეკლე მეორის კარზე მოღვაწეობდა. იგი განთქმული იყო ქართულ, სომხურ და თურქულ ენებზე შექმნილი ლექსებითა და სიმღერებით. საიათნოვა დაიღუპა აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის დროს. დაკრძალულია თბილისის სურბ გევორქის ეკლესიაში.

საიათნოვას დაბადების თარიღზე აზრთა სხვადასხვაობაა. ვარაუდობენ, რომ ის 1712-1722 წლებში დაიბადა. ლექსებს სამ ენაზე წერდა: ქართულად, სომხურად და, ასევე, თურქულად, რადგან ეს ენა მაშინდელ თბილისში საკმაოდ გავრცელებული იყო.

მწერალი გივი შაჰნაზარი, რომელსაც საიათნოვას ლექსები აქვს ნათარგმნი, ამბობს, რომ ძალიან დიდი იშვიათობაა მწერალმა სამი ერის სიყვარული დაიმსახუროს:
გივი შაჰნაზარი
გივი შაჰნაზარი
„მხოლოდ დიდი პიროვნებები ახერხებენ მოიცვან დიდი სივრცეები. საიათნოვა ერთ-ერთი მათგანი მგონია, რადგან ის „მოიცავდა“ არა მხოლოდ თავის მშობლიურ საქართველოსა და სომხეთს, საიდანაც წარმოშობით იყო, არა მხოლოდ თურქეთსაც, არამედ ეს საზღვრები კიდევ უფრო შორს მიდიოდა...”

გივი შაჰნაზარის თქმით, საიათნოვა ტრაგიკული პიროვნება იყო. ერეკლე მეორეს ის ძალიან უყვარდა, რის გამოც სამეფო კარზე ინტრიგები აგორდა და საიათნოვა, ფაქტობრივად, იძულებული გახდა სომხეთში, ახპატის მონასტერში, ბერად აღკვეცილიყო. შაჰნაზარის თქმით, ეს გადაწყვეტილება რელიგიური მოტივებით ნაკარნახევი არ უნდა ყოფილიყო:

„ერეკლეზე ასეთი სტრიქონი აქვს ნათქვამი: „ანათებ ქვეყანას, მთვარე და მზე ხარ, ნეტავი არ დაღამდე, რა კარგი მზე ხარ“. მერე სამდურავიც აქვს, რომ ისეთი ბრძენი, როგორიც ერეკლეა, ჭორებს არ უნდა აჰყვეს. ეს ყოველთვის თან სდევს შემოქმედს და არამარტო შემოქმედს.

„კალმასობაში“ პირდაპირ წერია, რომ მან ჭიანურის ლარებზე თქვა: „მე კი ვარ სულიერი მამა ეკლესიაში, მაგრამ იმ ნეტარებას, რომლითაც მთელი ცხოვრება ვიცხოვრე, უფალი ღმერთი ვერ დამავიწყებსო“.


საიათნოვას ცხოვრების მკვლევარები ლაპარაკობენ ასევე ვინმე ანაზე, რომელშიც მწერალი ცალმხრივად იყო შეყვარებული. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ, მიუხედავად ტრაგიკული სიყვარულისა, საიათნოვას ჰყავდა მეუღლე და ოთხი შვილიც დარჩა.

საიათნოვა დაიღუპა თბილისში. ამბობენ, რომ ის აღა-მაჰმად-ხანის შემოსევისას აკუწეს. აღსანიშნავია, რომ მისი შემოქმედება გადარჩა ერთი პატარა დავთრით, რომელშიც მისი სომხური და თურქული ლექსები იყო ჩაწერილი, ის გვერდები კი, სადაც, სავარაუდოდ, ქართულად ეწერა, აკლდა.
სხვათა შორის, ჩვენს საზოგადოებაში შეიძლება იყოს თითო-ოროლა ფაქტი სიძულვილის ენასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენი თანამოქალაქეები მაინც მშვიდობიანად ცხოვრობენ...
მიხო ბეროშვილი

სამი ქვეყნის პოეტის მესამასე წლისთავი თბილისში 18 ივნისს კონცერტით აღნიშნეს. იმღერეს ქართველმა და სომეხმა მომღერლებმა. კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი ამბობს, რომ ეს ღონისძიება სომხეთის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტს მიეძღვნა.

„როგორც სომხურ, ასევე ქართულ მხარესაც შეუძლია თამამად თქვას, რომ ჩვენი დიდი პოეტის საუბილეო საღამო გაიმართა“, - აღნიშნა მან.

კავკასიური სახლი აპირებს გამოსცეს საიათნოვას სამენოვანი წიგნი. ამის თაობაზე კავკასიური სახლის წარმომადგენელი მიხო ბეროშვილი შენიშნავს, ერთი ასეთი წიგნი რამდენიმე წლის წინ უკვე გამოიცა და ხალხმა საკმაოდ კარგად მიიღოო.

„სხვათა შორის, ჩვენს საზოგადოებაში შეიძლება იყოს თითო-ოროლა ფაქტი სიძულვილის ენასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენი თანამოქალაქეები მაინც მშვიდობიანად ცხოვრობენ“.

მიხო ბეროშვილი ამბობს, რომ უკვე გამოცემული წიგნები, ფაქტობრივად, აღარ დარჩათ. მათი ნაწილი გაიყიდა, ნაწილი კი საჩუქრებად დაარიგეს - ასაჩუქრებდნენ ადგილობრივებს, თან ატანდნენ წიგნებს მეზობელ ქვეყნებში ვიზიტით მიმავალ დელეგაციებს.
  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG