18 ივნისს თბილისში გაიმართა მე-18 საუკუნის დიდი პოეტისა და მომღერლის, საიათნოვას დაბადების 300 წლისთავისადმი მიძღვნილი გალა-კონცერტი. კონცერტს, რომელსაც რუსთაველის თეატრმა უმასპინძლა, დაესწრნენ საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტები გიორგი მარგველაშვილი და სერჟ სარგსიანი. ეროვნებით სომეხი, საიათნოვა, (არუთინ საიათიანი) ერეკლე მეფის კარზე მოღვაწეობდა. იგი განთქმული იყო ქართულ, სომხურ და თურქულ ენებზე შექმნილი ლექსებითა და სიმღერებით. საიათნოვა დაიღუპა 1795 წელს, აღა-მაჰმად ხანის შემოსევის დროს. დაკრძალულია თბილისში, სურბ გევორქის ეკლესიაში.