Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კენჭისყრის დღე და ორი ინციდენტი სამეგრელოში


N32 საარჩევნო უბანი ანაკლიაში
N32 საარჩევნო უბანი ანაკლიაში
არჩევნების დღეს ინციდენტების გარეშე არ ჩაუვლია სამეგრელოში. ამ დროისთვის ერთ-ერთ მძიმე დარღვევად ანაკლიასა და მარტვილში მომხდარი შემთხვევები სახელდება. ანაკლიაში საარჩევნო პროცესი ჩაიშალა, მარტვილში კი მოგვიანებით განახლდა.

მარტვილის სოფელ დოშაყეთის N16 საარჩევნო უბანში ინციდენტი ღამის 02:00 საათისთვის დაფიქსირდა, როცა ნიღბიანმა პირებმა გაიტაცეს საარჩევნო ბიულეტენები.

კენჭისყრის პროცესი მას შემდეგ განახლდა, რაც სამართალდამცველებმა გატანილი 200 ბიულეტენი 200 მეტრის მოშორებით იპოვეს. ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 179-ე მუხლით, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

უზნეობაა და ამორალურია სწორედ გუნავას პოლიციის უფროსობის დროს დაკარგული გოგიტა აბულაძის ოჯახის მხრიდან ჩდენილი ამ საქციელის მიკერება რომელიმე პოლიტიკური სუბიექტისთვის...
მერაბ ქვარაია

გამოძიება ასევე მიმდინარეობს ანაკლიაში მომხდარ ინციდენტზე – საარჩევნო კომისიისთვის მუშაობაში ხელის შეშლის გამო.

ანაკლიაში N32 საარჩევნო უბანი გაუქმდა მას შემდეგ, რაც 2012 წელს გაუჩინარებული გოგიტა აბულაძის დედა ცინარა აბულაძე რამდენიმე ახლობელთან ერთად უბანში შეიჭრა და საარჩევნო პროცესი ჩაშალა. მან დაამტვრია როგორც საარჩევნო ყუთი, დახია ბიულეტენები, სია და დააზიანა საარჩევნო ინვენტარი. მისი თქმით, შვილის, გოგიტა აბულაძის საქმე გამოძიებულია, თუმცა ამის მიუხედავად არ ეუბნებიან, რა მოხდა რეალურად. პროტესტის მსგავს ფორმასაც ამის გამო მიმართა:

„ჭორებს, რომ მეუბნებიან ასეთი რაღაცეები მე არ მინდა. მითხრან სიმართლე რა გამოიძიეს“.

საარჩევნო უბნის თავმჯდომარე თემურ ექენიას განცხადებით, არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ მისი თანასოფლელები კენჭისყრის ჩაშლას გეგმავდნენ:

„შემოვიდნენ ნორმალურად, ჩეულებრივად და უცბად დაატრიალეს ეს ამბავი. ჯოხით შემოვიდნენ დედა, ბებია. ჩვენ იმის უფლება არ გვქონდა, რომ ამორჩეველი არ შემოგვეშვა“.

გოგიტა აბულაძე 2012 წლის 18 იანვარს გაუჩინარდა. ის სახლიდან 18 იანვარს სამსახურში, სასტუმრო „ანაკლიაში" წავიდა და შემდეგ არავის უნახავს.

ანაკლიაში საარჩევნო პროცესის ჩაშლას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდში მყოფმა ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ მიზანმიმართული ქმედება უწოდა:

„ყველა საფუძველი გვაქვს იმისთვის, რომ ვიფიქროთ, ადამიანების გარკვეულ ჯგუფს, ვისაც პირადი ტრაგედია აქვს, მიუთითეს იმაზე, თუ რა უბნებზე უნდა ყოფილიყო თავდასხმა. ერთ-ერთ უბანზე, სადაც ჩვენ წინაარჩევნებზე გვქონდა კარგი შედეგი, არჩევნები იქნა ჩაშლილი“.


N32 საარჩევნო უბანი ანაკლიაში
N32 საარჩევნო უბანი ანაკლიაში
თავის მხრივ, ანაკლიის N32 უბანზე მომხდარს გაემიჯნა „ქართული ოცნება“. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მერაბ ქვარაიამ განაცხადა, რომ შეიმჩნევა მაღალი აქტივობა „ქართული ოცნების“ მომხრეების, რაც ოპონენტების შეშფოთებას იწვევს:

„უზნეობაა და ამორალურია სწორედ გუნავას პოლიციის უფროსობის დროს დაკარგული გოგიტა აბულაძის ოჯახის მხრიდან ჩდენილი ამ საქციელის მიკერება რომელიმე პოლიტიკური სუბიექტისთვის“.

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ნანა ოყუჯავას ინფორმაციით, სხვა უბნებზე განსაკუთრებული დარღვევები არ დაფიქსირებულა. კომისიის თავმჯდომარე რადიო თავისუფლებას უხნის, თუ რა ტიპის განცხადებებია ამ დროის მონაცემებით საოლქო კომისიაში შესული:

„ერთ-ერთმა რეგისტრატორმა გადასატანი ყუთის სიას წინასწარ მოაწერა ხელი, ეს პრობლემა აღმოფხვრილ იქნა. 89-ე საარჩევნო უბანში ბიულეტინი ჩავარდა საკონტროლო ბარათზე ადრე. დაბადების მოწმობით მისცეს ხმა. N16 საარჩევნო უბანზე საკონტროლო ფურცელზე დრო არ იყო მითითებული – ასე გვწერენ“.

რაც შეეხება აქტივობას, საოლქო საარჩევნო კომისის თავმჯდომარის სიტყვებით, ის ნაკლებია ვიდრე 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე იყო.
XS
SM
MD
LG