Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუგანსკში შიში და პანიკა მეფობს


პრორუსულად განწყობილ სეპარატისტთა ამბოხებისა და რეგიონში ანტიტერორისტული ოპერაციის მსვლელობის ფონზე, აღმოსავლეთ უკრაინის ლუგანსკის მოსახლეობას დაუცველობის განცდა გაუჩნდა, ნამდვილ პანიკაში კი ეს გრძნობა გადაიზარდა ამ კვირაში, როდესაც, ყველაზე უფრო სასტიკი ბრძოლების შემდეგ, მოსახლეობა დაცვას არც სეპარატისტებისგან და არც უკრაინის ხელისუფლებისგან აღარ ელის.

გავრცელებული ხმები უკრაინის ავიაციის მოსალოდნელი იერიშის შესახებ სეპარატისტთა განლაგებებზე ქალაქ ლუგანსკის მოსახელობაში პანიკურ შიშს იწვევს.

ქალაქის მერიამ, რომელშიც პრორუსულად განწყობილი სეპარატისტები არიან დაბანაკებულნი, საკუთარ ვებსაიტზე იმ ობიექტების სიაც კი გამოაქვეყნა, რომელთა თავშესაფრებად გამოყენებაც არის შესაძლებელო საავიაციო დაბომბვის შემთხვევაში.

აი, როგორ აღწერს ლუგანსკში შექმნილ ვითარებას იქ მყოფი ჩვენი კოლეგა ვლად შევჩენკო:

„ლუგანსკში შექმნილ ვითარებას მე დავახასიათებდი, როგორც უკიდურესად დაძაბულს. ხალხის ნაწილი პანიკაშია ჩავარდნილი. გუშინ აქ საავიაციო იერიშს ელოდნენ. მთელ ლუგანსკში გაისმოდა სირენების ხმა. ხალხის ნაწილს ნება დართეს ადრე წასულიყვნენ სამსახურებიდან. ლუგანსკის ქალაქის საბჭომ და ლუგანსკის მერიის ადმინისტრაციამ თავშესაფრების სიები გამოაქვეყნა, რათა ხალხმა იცოდეს, თუ სად დაიმალოს საავიაციო იერიშის შემთხვევაში“.

2 ივნისს ლუგანსკის ადმინისტრაციის შენობაზე, რომელსაც სეპარატისტები შტაბად იყენებენ, საავიაციო იერიში განხორციელდა. პარალელურად იმავე დღეს ქალაქის მისადგომებთან პრორუსულად განწყობილ მეამბოხეებსა და უკრაინის სამთავრობო ძალებს შორის გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობდა. სეპარატისტებმა საავიაციო იერიშის გამო სამთავრობო ჯარები დაადანაშაულეს. საპირისპიროს ამტკიცებს უკრაინის თავდაცვის სამინისტრო, რომლის ინფორმაციითაც, სეპარატისტებს აუფეთქდათ მიწა-ჰაერის ტიპის რაკეტა, რომლის გაშვებასაც საჰაერო მიზნის ჩამოსაგდებად აპირებდნენ.

რეგიონლური ადმინისტრაციული შენობის შორიახლოს არსებობს მომცრო ბარიკადა, სადაც სეპარატისტები იმყოფებიან. ისინი თავისუფლად შედიან და გამოდიან შენობიდან...
ვლად შევჩენკო
2 ივნისსვე პრორუსულად განწყობილი სეპარატისტული დაჯგუფება „ვოსტოკის“ ასეულობით მებრძოლმა წამოიწყო შეტევა სასაზღვრო ჯარების საგუშაგოზე. 12-საათიანი ბრძოლის შემდეგ ალყაში მოქცეულ უკრაინელ მზვერავებს სამთავრობო ავიაცია მიეშველა. მალე კიევმა გაავრცელა ცნობა ოპერაციის წარმატებით დასრულებისა და 5 ექსტრემისტის მოკვლის თაობაზე, თუმცა 4 ივნისს ცნობილი გახდა, რომ უკრაინელმა მესაზღვრეებმა მიატოვეს საგუშაგო, რომელსაც ამჟამად სეპარატისტები აკონტროლებენ. კიევის კონტროლიდან გამოვიდა ლუგანსკში არსებული ეროვნული გვარდიის განლაგებაც. 28 აპრილიდან მოყოლებული, პრორუსულად განწყობილი თვითგამოცხადებული ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა აკონტროლებს ლუგანსკის ადმინისტრაციის შენობასაც, სადაც შექმნილ ვითარებას ასე აღწერს ჩვენი კოლეგა ვლად შევჩენკო:

„რეგიონლური ადმინისტრაციული შენობის შორიახლოს არსებობს მომცრო ბარიკადა, სადაც სეპარატისტები იმყოფებიან. ისინი თავისუფლად შედიან და გამოდიან შენობიდან. ცხადია, რომ უბრალო ადამიანებისათვის შენობაში შესვლა შეზღუდულია. ამასთან, სეპარატისტები ადგილობრივი ადმინისტრაციისა და უშიშროების სამსახურის რეგიონალურ განყოფილებაში იმყოფებიან“.

სეპარატისტებისა და უკრაინის სამთავრობო არმიის ნაწილებს შორის მიმდინარე ბრძოლების ფონზე, ლუგანსკში ცხოვრება კოშმარს ემსგავსება. პოლიცია დემორალიზებული და დაშინებულია. ქუჩებში დადიან შეიარაღებული ნიღბიანი ადამიანები, რომლებიც იტაცებენ მანქანებს და ატერორებენ საქმოსნებს. ქალაქში სერიოზული დეფიციტია ყოველდღიურ პროდუქტზე, ხოლო, ძარცვის შიშით, მაღაზიები იმაზე უფრო ადრე წყვეტენ მუშაობას, ვიდრე ამას ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ხელისუფლების მიერ გამოცხადებული კომენდანტის საათი ითვალისწინებს.

ქალაქი ლუგანსკი რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან 30 კილომეტრში მდებარეობს, რაც აიოლებს ლუგანსკის გზით უკრაინაში არალეგალური რუსული საბრძოლო იარაღისა და დაქირავებული რუსი მებრძოლების მოხვედრას. მოსკოვი აცხადებს, რომ იგი არ არის დაინტერესებული სეპარატისტების დახმარებით, მაგრამ არაფერს აკეთებს იმისათვის, რომ შეწყვიტოს საზღვარზე იარაღისა და მებრძოლების არალეგალური მოძრაობა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG