Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბორჯომის ხეობაში ხის მოჭრის უფლებას ითხოვენ


ბორჯომი
ბორჯომი
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლების ტაძრისის, წაღვერისა და ჭობისხევის მოსახლეობა ტყეში ხის მოჭრის უფლებას ითხოვს. ისინი ჯერ ბორჯომის ცენტრში შეიკრიბნენ, შემდეგ კი მუნიციპალიტეტის გამგეობაში გადაინაცვლეს და ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა მოითხოვეს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათ ზამთარში საცხოვრებელი სახლების გასათბობად საშეშე მერქანიც კი არა აქვთ. სპეციალურად აქციის მონაწილეებთან შესახვედრად თბილისიდან ბორჯომში ჩავიდა სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელი. რა დაპირებები მიიღეს ჭობისხეველებმა ხელისუფლებისგან და რომელმა ოპოზიციურმა პარტიამ გამოუცხადა ბორჯომის მოსახლეობას მხარდაჭერა?

ტყეში ხის მოჭრის უფლების მოთხოვნით, ტაძრისის, წაღვერისა და ჭობის ხევის მოსახლეობამ 27 მაისს ბორჯომის ცენტრში საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეები ამბობენ, კანონი გამკაცრდა და ტყეში შესვლისა და საშეშე მერქნის მოპოვების უფლება არ გვაქვსო. გამკაცრებული კანონის გამო მოსახლეობა ზამთარში შეშის გარეშე დარჩა. ადგილობრივები იმასაც ამბობენ, რომ სოფელს სხვა შემოსავალი არ გააჩნია და ამიტომ იძულებულნი არიან ხე-ტყე უკანონოდ მოიპოვონ. საპროტესტოდ გამოსულ მოსახლეობას მხარდაჭერა ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლებმაც გამოუცხადეს.

ბორჯომის ცენტრიდან აქციის მონაწილეებმა მუნიციპალიტეტის გამგეობაში გადაინაცვლეს და გამგებელთან შეხვედრა მოითხოვეს. დიმიტრი ბერიძის გამოჩენამ მოსახლეობაში ხმაური და დაპირისპირება გამოიწვია. მუნიციპალიტეტის გამგებელი განმარტავს, რომ წლების განმავლობაში ბორჯომის მოსახლეობა ხე-ტყეს უკანონოდ ჭრიდა, დაახლოებით 2 თვის წინ კი კონტროლი გამკაცრდა.

დღესვე ხე-ტყის უკანონო ჭრის აკრძალვით უკმაყოფილო ადგილობრივ მოსახლეობას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი შეხვდა. ბიძინა გიორგობიანმა მოსახლეობას იმ საპილოტე პროგრამის დეტალები გააცნო, რომელიც ადგილობრივებს საშუალებას მისცემს ხე-ტყის მოპოვება კანონის ფარგლებში გამარტივებული რეგულაციებით განახორციელონ. სატყეო სააგენტო ამ დროისათვის ტყის რესურსს იკვლევს და მოსახლეობას საშეშე მერქნით მისი მარაგის გათვალისწინებით დაეხმარება.

ხის ჭრაზე კონტროლის გამკაცრების გამო დაპირისპირება ჭობისხევის მოსახლეობასა და სატყეო სამმართველოს თანამშრომლებს შორის 21 მაისსაც მოხდა, როცა ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო სამსახურმა უკანონო სახერხი საამქრო და უნებართვოდ მოჭრილი მორებით დატვირთული სატვირთო ავტომანქანა აღმოაჩინა და სახერხის დემონტაჟი დაიწო. მაშინ ადგილობრივებმა სატყეო სამსახურის კუთვნილი ავტომანქანა დააზიანეს და იქიდან გენერატორი და სამუშაო იარაღები ძირს გადმოყარეს. ამის გამო სამართალდამცავებმა რამდენიმე ადგილობრივი დააკავეს, თუმცა იმ ღამესვე გაათავისუფლეს. ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 125-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. საქმეს შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველო იძიებს.
XS
SM
MD
LG