Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოლო გენიოსი


მარკესის კითხვას ყველა ამ წინადადებით იწყებს: “გაივლის მრავალი წელი და დახვრეტის მოლოდინში კედელთან მდგომი პოლკოვნიკი აურელიანო ბუენდია იმ შორეულ დღეს გაიხსენებს, როდესაც მამამისმა ყინულის სანახავად წაიყვანა.”

თვითონ ამბობდა, რომ პირველი წინადადების მოგონებას ჩვიდმეტი წელი მოანდომა. და ამ დროს, რომანი უკვე მზად მქონდა თავშიო. წიგნი ექვს თვეში დაწერა. ხელთათმანებით ბეჭდავდა. ციოდა, თითები ეყინებოდა და ფული არ ჰქონდა.

როცა ბინის ქირას თხოვდნენ, ცოლი, მერსედესი, ეკითხებოდა:

- რომანს როდის დაამთავრებ?

- უთხარი, ერთ კვირაში მოვიდნენ.

დაუმთავრებელი რომანის წარმატების იმედით ისტუმრებდნენ ბინის მფლობელს.

ხელნაწერი ფოსტაში მიიტანეს, ორ ნაწილად გაყვეს და მხოლოდ ნახევარი გაგზავნეს გამომცემლობაში, რადგან მთელი შეკვრის შეფუთვის ფული არ ეყოთ.

პასუხი მალე მოუვიდათ: “დონ კიხოტის” მერე ესპანურ ენაზე ასეთი წიგნი არ დაწერილაო.

ჰო, მართლა არ დაწერილა, თითქოს ახალი ბიბლია გამოუვიდა.

გახსოვთ, როგორ წაერთმევათ მაკონდოში მეხსიერება?

ან როგორ არქმევენ სახელებს საგნებს, ნივთებს და ცხოველებს (“ამას ძროხა ჰქვია, ის დროდადრო უნდა მოწველო, ყავაში რძე ჩაასხა და მერე რძიანი ყავა მიირთვა”)?

და ზეწრებში გახვეული და ცაში გაუჩინარებული რემედიოსი?

დაბრმავებული ურსულა, რომლის სიბრმავესაც ვერავინ ამჩნევს (“შენ აქ არ უნდა ყოფილიყავი ამ დროს”)?

ხოსე-არკადიოები?

აურელიანოები?

ნაწყენი აჩრდილები?

მელანქოლიურები, ქარიზმატულები და მარტოსულები...

დასასრული გახსოვთ?

ღამე წამოვხტი და ჩავწერეო, მოგვიანებით იხსენებდა. ეს სწორედ ის ტექსტია, რომლის წაკითხვასაც მელკიადესი ცდილობსო. წიგნი წიგნშიო.

მეტი დრო რომ მქონოდა, რომანს უკეთ დავწერდიო, ამბობდა.

ამაზე უკეთ?

უჩვეულოა, ერთ მწერალს ამდენი შედევრი შეექმნას.

“პატრიარქის შემოდგომა”, თუნდაც.

გახსოვთ, როგორ მოუკვდება ორეული პრეზიდენტს? და მერე სამალავიდან რომ დაუწყებს თვალთვალს მისსავე დაკრძალვაზე მოსულ ადამიანებს...

და “გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა”?

მამლების ყივილი ეპისკოპოსის გამოჩენისას...

ბიბილოებისგან დამზადებული ნახარში...

დასაწყისი? “იმ დღეს, რა დღესაც უნდა მოეკლათ...”

და დედამისის მიერ ბოლო წუთში გადაკეტილი კარის საკეტი?

გახსოვთ, როგორ კლავენ სანტიაგო ნასარს?

ან ის მოთხრობა თუ გახსოვთ, ერენდირაზე? კახპად რომ აქცევს საზიზღარი ბებია?

“ერენდირა ბებიას აბანავებდა, როცა მისი უბედურების ქარი ამოვარდა”.

ეს ქალი როგორ კვდება, გახსოვთ? სასწაულია. არაფერი წამიკითხავს ამაზე საშიში.

მაგრამ ახლა ჩემი ყველაზე საყვარელი წიგნი “სიყვარულსა და სხვა დემონებზეა” - 1997 წელს დაწერილი, მეოცე საუკუნის ბოლო დიდი რომანი!

გახსოვთ, საფლავს რომ გახსნიან და გრძელი, ოქროსფერი თმა გადმოიღვრება დამპალი კუბოდან?

და ცოფიანი ძაღლი?

ღამე შეხვედრები?

ვინმეს დაუწერია ასე სიყვარულზე?

არ ნახეთ, როგორ მღერის ბოლო კადრებში, თავის დაბადების დღეზე?

ერთხელ ჰკითხეს - რას ნანობთ, როგორც მწერალიო.

უპასუხა:

- ვნანობ, რომ საკუთარ სიკვდილს ვერ აღვწერ.

გაბო, ნეტა იცოდე, როგორ მშურს მათი, ვინც ახლა პირველად წაიკითხავს შენს წიგნებს.
  • 16x9 Image

    ლაშა ბუღაძე

    ლაშა ბუღაძე არის რადიო თავისუფლების ბლოგერი 2010 წლიდან.

XS
SM
MD
LG