Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

აგარაში კუთვნილ მიწის ნაკვეთებს ითხოვენ


კერძო საკუთრების უკანონოდ ხელყოფა თუ სახელმწიფო საჭიროებისათვის ჩამორთმეული მიწის ფართობი – სოფელ აგარაში მცხოვრები ორი ოჯახი შპს ,,საქართველოს ურბან ენერჯის“ უჩივის. მცხოვრებლები ამბობენ, რომ მათ მფლობელობაში არსებულ სამოსახლო ფართზე კომპანიას ფარავანჰესიდან მაღალი ძაბვის სადენები მესაკუთრეების ნებართვის გარეშე გაჰყავს.

საკუთრებაში არსებულ მიწის ფართობზე მაღალი ძაბვის სადენების დამონტაჟების გამო მევლუდ ნოზაძე შპს ,,საქართველოს ურბან ენერჯის“ უჩივის. მიწის მფლობელი მიიჩნევს, რომ კომპანიის მიერ განხორციელებული საქმიანობა უკანონოა, რადგან აღნიშნული ტერიტორია საჯარო რეესტრში მის სამოსახლო ფართად არის დარეგისტრირებული, მშენებლობის დაწყებისას კი მისგან ნებართვა არავის უთხოვია. როგორც თავად ამბობს, საკითხის გარკვევის თხოვნით ამ დრომდე რამდენიმე უწყებას მიაკითხა, მაგრამ უშედეგოდ. მისი განცხადება უპასუხოდ დარჩა შპს ,,საქართველოს ურბან ენერჯის“ მიერაც.

შპს ,,საქართველოს ურბან ენერჯიმ“ მესაკუთრის ნებართვის გარეშე დაიწყო მშენებლობა ელისაშვილების კუთვნილ ტერიტორიაზეც. 10 კვ.მ მიწის ფართობზე მაღალი ძაბვის სადენები კომპანიამ ისე გაიყვანა, რომ მიწის მესაკუთრეებისთვის არც კი უცნობებია. კომპანიასა და კერძო პირებს შორის არც კომპენსაციაზე ყოფილა საუბარი. მიხეილ ელისაშვილის თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე იგი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას აპირებს, ამიტომ აქ ელექტროენერგიის სადენების გატარება დაუშვებელია.

შპს ,,საქართველოს ურბან ენერჯის“ სოფელ აგარის ტერიტორიაზე მაღალი ძაბვის სადენები ,,ფარავნის ჰიდროელექტროგენერაციისა და ელექტროგადაცემის“ პროექტის ფარგლებში მიმდინარე წლის ივნისის თვიდან გაჰყავს. მას შემდეგ, რაც მევლუდ ნოზაძემ პრობლემის მოსაგვარებლად პასუხი ვერ ცერთი უწყებიდან ვერ მიიღო, დასახმარებლად იურიდიულ სამსახურს მიმართა. იურისტ სოსო ხითარიშვილის განმარტებით, საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, აღნიშნული მიწის ნაკვეთი სამოსახლო ფართად ითვლება. კომპანიას მიწის მესაკუთრისათვის მისი ჩამორთმევა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუკი ეს, კონსტიტუციით დადგენილი წესის მიხედვით, საზოგადოების საჭიროებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს.

მაღალი ძაბვის სადენების დაცვის ზონაში საცხოვრებელი სახლის მშენებლობის აკრძალვაზე ლაპარაკობს ენერგეტიკოსი როინ თაქთაქიძე. მისი თქმით, ელისაშვილებსა და ნოზაძეებს აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობის უფლება არ აქვთ, თუმცა, თანხმობის შემთხვევაში, აღნიშნულ ზონაში ცხოვრებაც დაუშვებელია. ელექტროსადენების დაცვის ზონაში ხანგრძლივი არსებობა მცხოვრებთა სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. გარდა ამისა, ენერგეტიკოსი აღნიშნავს, რომ მიწის ნაკვეთზე სადენების გატარებისას კომპანია ნებისმიერ შემთხვევაში ვალდებული იყო ფართის მესაკუთრეებისათვის შესაბამისი ოდენობის კომპენსაცია გადაეხადა.

თავის ტერიტორიაზე უნებართვოდ დაწყებული სამუშაოების შესაჩერებლად მევლუდ ნოზაძე უკვე 7 თვეა იბრძვის. ამ ხნის განმავლობაში მან განცხადებით სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციას, ახალციხის ადგილობრივ თვითმმართველობას, ელექტროკომპანია ,,თელასს“, ,, საქართველოს ურბან ენერჯისა“ და ენერგეტიკის სამინისტროს მიმართა, თუმცა პრობლემა კვლავ მოუგვარებელია.
XS
SM
MD
LG