Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოექცა თუ არა ნავთობსადენი ოკუპირებულ ტერიტორიაზე?


სოფელი ხურვალეთი
სოფელი ხურვალეთი
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ეგრეთ წოდებული საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი ცოტა ხნის წინ ცენტრალური ავტომაგისტრალიდან დაახლოებით 300 მეტრშიც გაჩნდა. სოფლების ორჭოსანისა და ხურვალეთის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსეთის მესაზღვრეებმა ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე შესრულებული ბანერი ოკუპირებული ორჭოსანისკენ მიმავალ გზაზე დაამონტაჟეს. ადგილობრივმა მოსახლეობამ მიწის ნაკვეთები და საძოვრები დაკარგა.

ბანერთან ახლოს გადის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი. ამ დღეებში ზოგიერთმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მილსადენის ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვდა და მას უკვე რუსეთის მესაზღვრეები აკონტროლებენ, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელი კახა ქემოკლიძე ამ ინფორმაციას ჯერ ვერ ადასტურებს.

ცენტრალურ მაგისტრალთან საოკუპაციო ბანერის განთავსებას ვერ ეგუებიან კასპელი ახალგაზრდები. არასამთავრობო ორგანიზაცია „გიორგი მაზნიაშვილის ქართული სოფლის“ წარმომადგენლები ბანერთან მივიდნენ და საღებავი შეასხეს. მათ ასე გამოხატეს პროტესტი რუსეთის ოკუპაციის მიმართ. ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი ლევან მამულაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ ნავთობსადენის აღმნიშვნელი სპეციალური ნიშნები ბანერამდე რამდენიმე მეტრში, ქართული მხარის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე, შენიშნა.

გორის, კასპის და ქარელის მუნიციპალიტეტების სოფლებში რუსეთის მესაზღვრეები, ტრადიციულად, ჯერ ბანერებს ამონტაჟებენ და შემდეგ მავთულხლართების გავლებას იწყებენ ხოლმე. ავტომაგისტრალის სიახლოვეს არსებულ ბანერთან მავთულხლართები ჯერ არ გაუბამთ. მესაზღვრეები მავთულხლართებს და ღობეებს კიდევ უფრო წინ სწევენ ხოლმე, ამიტომ როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ისე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს უჭირთ იმის თქმა, საბოლოოდ მოექცევა თუ არა საერთაშორისო მნიშვნელობის ნავთობსადენი ოკუპირებულ ტერიტორიაზე.
XS
SM
MD
LG