Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაფართოება სამახსოვრო ფოტოზე


რუსეთის აგრესიული ქმედება უკრაინის წინააღმდეგ და ყირიმის ანექსია ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ორდღიანი შეხვედრის დღის წესრიგის უმთავრესი საკითხია. მინისტერიალის ფარგლებში, 2 აპრილს საქართველო-ნატოს კომისიის სხდომაც გაიმართება და იმასაც გაუსვამენ ხაზს, რომ ალიანსის ღია კარის პოლიტიკა კვლავაც უცვლელია ალიანსში გაწევრიანების მსურველი ქვეყნებისათვის.

1 პრილს გახდება ცნობილი, ნატო-უკრაინის კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ, თუ რა სტრატეგიას აირჩევს ალიანსი უკრაინის მიმართ - კონკრეტულ სამხედრო-ტექნიკურ დახმარებას გაუწევს კიევს არმიის აღჭურვისა და შეიარაღების მხრივ თუ მხოლოდ კონსულტაციებითა და რუსეთის აგრესიული ქმედებების დაგმობით შემოიფარგლება.

ბრიუსელში უკრაინელი ჟურნალისტები ამბობენ, რომ ქვეყნის საგარეო საქმეთა გარდამავალი მინისტრი ანდრეი დეშიცა ბრიუსელში ჩამოიტანს ე.წ. უკრაინულ სიას, რომელიც სხვადასხვა შეიარაღებისა და ტექნიკის ვრცელ ჩამონათვალს უნდა შეიცავდეს.

თუმცა მინისტერიალის დაწყებამდე ნატოს შტაბბინაში შეკრებილმა ჟურნალისტებმა ნატოს იმ ოფიციალური წარმომადგენლებისგან, რომლებიც ასეთი ღონისძების დაწყების წინ მედიას უოქმოდ, ანუ წყაროს მიუთითებლად, ესაუბრებიან, ვერ მიიღეს კონკრეტული პასუხი იმაზე, თუ რა არის მოსალოდნელი და რა - არა. „ნუ გავუსწრებთ წინ მოვლენებს, ყველაფერი ნატო-უკრაინის კომისიის შეხვედრის შემდეგ მიღებულ ერთობლივ განცხადებაში ითქმება“, - განაცხადა ალიანსის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ოანა ლუნჯესკუმ და ისიც შეგვახსენა, რომ ნატო-უკრაინის კომისიის დასრულების შემდეგ ნატოს გენერალური მდივანი პრესკონფერენციას გამართავს.

მინისტერიალის ფარგლებში, ანდერს ფოგ რასმუსენს, დღის წესრიგით, რამდენჯემრე მოუწევს ჟურნალისტებთან შეხვედრა - მათ შორის, 2 აპრილსაც, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე საქართველო-ნატოს კომისიის სხდომა იგეგმება. ერთსაათიან შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.

მაია ფანჯიკიძე, რომელიც 1 აპრილს დილით ჩამოდის ბრიუსელში, მინისტერიალის ფარგლებში, ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ნატოს რამდენიმე წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებთან. ნატოში საქართველოს მისიის ინფორმაციით, იგეგმება აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯონ კერისთან შეხვედრაც.

ნატოს შტაბბინაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობას მიიღებს ნატოს წევრი და იმ პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში, რომლებსაც საკუთარი წვლილი შეაქვთ ავღანეთის უსაფრთხოების საერთაშორისო მხარდამჭერ ოპერაციაში. პატარა საქართველო მრავალეროვნულ კოალიციაში ქვედანაყოფის ოდენობითაც გამოირჩევა და მისიის შინაარსითაც. ავღანეთის ერთ-ერთ ყველაზე რთულ - ჰელმანდის -პროვინციაში 1000-მდე ქართველი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება და საქართველოს ხელისუფლება აპირებს, რომ 2014 წლის შემდეგაც დატოვოს ქვედანაყოფი ავღანეთში.

თუმცა მანამდე ავღანეთის ხელისუფლებამ აშშ-თან ხელი უნდა მოაწეროს უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხებას. „თუ არ იქნება ხელმოწერილი ეს შეთანხმება, ავღანეთში არ დარჩებიან ამერიკელი სამხედროები. თუ არ დარჩებიან ამერიკელი სამხედროები, ავღანეთში არც ნატოს სამხედრო მისია იარსებებსო“, - განაცხადა აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა ნატოში, ელჩმა დუგლას ლუტმა.

თუმცა ნატოს ოფიციალური პირები იმედოვნებენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში 5 აპრილს გაიმარჯვებს კანდიდატი, რომელსაც ესმის საერთაშორისო სამხედრო დახმარების მნიშვნელობა ავღანეთის უსაფრთხოებისათვის.

ალიანსის შტაბბინაში ასევე იმედოვნებენ, რომ ნატოს ყველა წევრი სახელმწიფო შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას და, საერთაშორისო საფრთხეების გათვალისწინებით, სამხედრო დანახარჯებს მთლიანი შიდა პროდუქტის 2 %-მდე გაზრდის. სხვათა შორის, ნატოს მომავალი გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, რომელიც ალიანსს 2014 წლის ოქტომბრიდან ჩაუდგება სათავეში, იმითაცაა ცნობილი, რომ ნორვეგიის პრემიერ-მინისტრად მუშაობის დროს ქვეყნის სამხედრო დანახარჯები მკვეთრად გაზარდა.

ნატოს მინისტერიალზე ისაუბრებენ ალიანსის ღია კარის პოლიტიკაზე და ხაზს გაუსვამენ იმას, რომ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია განაგრძობს გაფართოებას და ახალ წევრებს მიიღებს თავის რიგებში მაშინ, როდესაც აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე ალიანსის ყველა წევრი სახელმწიფო შეთანხდება. ასე მოხდა ეს ზუსტად 15 წლის წინ, ნატოს ბოლო გაფართოების პროცესის დაწყების დროს. სწორედ ამ ისტორიული თარიღის აღნიშვნით - სახელდობრ, სამახსოვრო ფოტოს გადაღებით - გაიხსნება 1 აპრილს ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების მორიგი შეხვედრა ალიანსის შტაბბინაში. როგორც ამაზე ერთმა ჩემმა ბრიტანელმა კოლეგამ იხუმრა, ნატო გაფართოვდება, ოღონდ მხოლოდ სამახსოვრო ფოტოზე.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG