Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მუყაოს სოფელი


მუყაოს სოფლის მაცხოვრებლები
მუყაოს სოფლის მაცხოვრებლები
ხელვაჩაურში, ბათუმთან ახლოს, ათასამდე ადამიანი ქოხებსა და ჯიხურებში არის შესახლებული. ეს დასახლება არჩევნების შემდეგ გაჩნდა, 2012 წელს. მუყაოსგან შეკოწიწებულ ქოხებში მოხუცები, ბავშვები და ავადმყოფებიც ცხოვრობენ. აქ არიან როგორც ეკომიგრანტები, ასევე უსახლკაროები და სოციალურად დაუცველი პირები. ისინი მათი საქმეების შესწავლასა და ბინებით დაკმაყოფილებას ითხოვენ.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ბორჯღალის“ აღმასრულებელი დირექტორი ციალა ქათამიძე ამბობს, რომ, მცირემიწიანობისა და სოციალური პრობლემების გამო, არჩევნების შემდეგ აჭარაში ერთმანეთის მიყოლებით გაჩნდა 12 თვითნებური დასახლება. სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე ხალხმა მუყაოს ყუთებისგან შეკოწიწებული ქოხები ჩადგა და უკვე მეორე ზამთარია იქ ცხოვრობენ.

„ეს არის ზოგადად სტიქიით დაზარალებული ოჯახები, ასევე სოციალური პრობლემების მქონე პირები, მრავალშვილიანი მარტოხელა დედები... ასევე ძალიან ბევრს აქვს ჯანმრთელობის პრობლემა. ჯანდაცვის ზოგიერთი სერვისი მაღალმთიან სოფლებში არ არის ხელმისაწვდომი და ამბობენ, რომ მათ სჭირდებათ ცხოვრობდნენ ბათუმში, რათა გადარჩნენ“, - ამბობს ციალა ქათამიძე.

მე მაქვს გეოლოგიური დასკვნა. გეოლოგები ამოვიდნენ, შემამოწმეს და თქვეს, რომ იქ არ იცხოვრება. შუაგულ ტყეში ვარ, გზა და კვალი მანდ არ არის. მივმართე ხულოს რაიონში მთავრობას, მაგრამ არავინ ყურადღება არ მომაქცია. არც ბათუმში მომაქციეს ყურადღება...
ბაგრატ სურმანიძე
ნატალია ბერიძე მეუღლესა და პატარა ბავშვთან ერთად ერთ-ერთ ქოხში ცხოვრობს. ისინი ქედის რაიონის სოფელ დანდალოდან არიან. ნატალიას მეუღლეს ხერხემალი დაზიანებული აქვს და ჩამოსახლებაც ამიტომ მოუწიათ.

„სულ მკურნალობა და გადასხმები სჭირდება. ამის გამო ვართ აქ. მუშაობა არ შეუძლია და პურის ფულიც კი არ შემოგვდის. აქ რომ ვიყოთ, გზაში ფული არ დაგვეხარჯება, მანქანით მივიყვანთ-მოვიყვანთ. მე მირჩევნია, აქ მქონდეს ამისთანა ერთი ოთახი, რომ თუ ავად გახდა, სასწრაფო დახმარების ბრიგადას გამოვუძახო და ციგებით არ ვატარო თოვლში“.

ხელვაჩაურში ჩასახლებულთაგან ბევრი აცხადებს, რომ, მართალია, სოფელში სახლი აქვს, მაგრამ იქ არ იცხოვრება. მიზეზი სხვადასხვაა. არის შემთხვევები, როდესაც ერთ სახლში 10-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, ამიტომ კიდევ ერთი ოჯახი იქ, უბრალოდ, ვერ ეტევა. გარდა ამისა, არიან სტიქიით დაზარალებულებიც, მაგალითად, ბაგრატ სურმანიძეს გადმოსახლება მეწყერმა აიძულა. ის ახლა ერთ ოთახში ოჯახთან ერთად არის შესახლებული, ოთახის ფართობი 9 კვადრატული მეტრია.

„მე მაქვს გეოლოგიური დასკვნა. გეოლოგები ამოვიდნენ, შემამოწმეს და თქვეს, რომ იქ არ იცხოვრება. შუაგულ ტყეში ვარ, გზა და კვალი მანდ არ არის. მივმართე ხულოს რაიონში მთავრობას, მაგრამ არავინ ყურადღება არ მომაქცია. არც ბათუმში მომაქციეს ყურადღება. მერე აქ ჩამოვედით. ვნახეთ თავისუფალი ადგილი. ჩამოვიტანეთ და ჩავდგით ქოხები. არავის უთქვამს, რატომ დგამთო. შუქი არ გვაქვს, წყალი არ გვაქვს...“

„არ შეუძლია ჩემს შვილს მუშაობა. მიწა თუ მაქვს სოფელში, რაში გამოვიყენებ, კაცი არავინაა მიმხედავი. ორი ქვრივი ქალი ვართ და ერთი ბავშვი“, - ამბობს მოხუცი ქალბატონი.

მუყაოს სოფელი
please wait

No media source currently available

0:00 0:06:53 0:00
გადმოწერა

„არის ორსართულიანი სახლი, მამისეული. იმ სახლში ჩემი ორი ძმის ოჯახი ცხოვრობს. ქმარმა ბინა გამიყიდა და სად წავსულიყავი?! მივედი სახლში, ამოვთხარე მიწა და ერთი ოთახი გავაკეთე. ზუსტად ორი მეტრი სიგანე და ორი მეტრი სიმაღლე აქვს. რომ გავიგე, აქ შემოვიდა ხალხი, მეც წამოვედი, რადგან სუნთქვაც აღარ შემეძლო, ისეთ ნესტში ვცხოვრობდი“, - გვიყვება ლეილა ვარშანიძე.

მუყაოსგან გაკეთებულ ოთხ კედელში ბევრი რამდენიმე შვილს ზრდის. ამ ორი წლის განმავლობაში აქ ბავშვებიც დაიბადნენ. დედები ჩივიან, რომ ამ პირობებში პატარები ხშირად უცივდებათ. აქ ქოხის ერთი ოთახი დასაძინებელიცაა, სამზარეულოც და აბაზანაც.

აჭარის მთავრობის აპარატის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზის დეპარტამენტის უფროსი კობა ჩხეიძე ამბობს, რომ უკანონოდ ჩასახლებულების საკითხს დიდი ხანია იკვლევენ. მათი მდგომარეობისა და რაოდენობის დასადგენად მიმართეს აჭარის რეგიონებს, რათა თავად ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს მოეწოდებინათ იმ ხალხის სიები, ვისაც დახმარება სჭირდება. განცხადება დაახლოებით 1500-მა ადამიანმა შეიტანა.

იქ რეალურად ბავშვების და ქალების, ზოგადად ადამიანის ცხოვრება, უბრალოდ, წარმოუდგენელია, რადგან არ არის საცხოვრებელი პირობები...
ციალა ქათამიძე
„თვითონ კომისიის წევრებიც კი სახტად დარჩნენ იმ რეალობით, რაც შეისწავლეს. მე შემიძლია გაჩვენოთ ფოტომასალა და შესწავლის აქტები, სადაც თავად ოჯახის წევრები ადასტურებენ, რომ მათ ქონება აქვთ. მაგალითისთვის, ხულოში 570 შესწავლილი ოჯახიდან მხოლოდ 70-ზე დადო კომისიამ დასკვნა, რომ მათ დახმარება ესაჭიროებათ“ , - ამბობს კობა ჩხეიძე.

მისივე თქმით, საბოლოოდ, აჭარის მთავრობამ უკანონოდ შესახლებულებთან დაკავშირებით ასეთი მიდგომა ჩამოაყალიბა: მათ, ვისაც საცხოვრებელი სხვაგანაც აქვს, ტერიტორია უნდა დატოვოს, თუმცა კობა ჩხეიძე ამბობს, რომ გასასახლებლად ძალის გამოყენებას არ აპირებენ. რაც შეეხება იმ მცირე ნაწილს, რომელსაც წასასვლელი არსად აქვს, ან რომლის საქმეც ჯერჯერობით შესწავლილი არ არის, დროებით შეუძლია ადგილზე დარჩეს, სანამ მთავრობა უფრო ქმედით დახმარებას შესთავაზებს. დახმარების ერთ-ერთ ვარიანტად კობა ჩხეიძე ბათუმის იაფი სახლის პროგრამას გულისხმობს, რომელსაც ბათუმის მერია ახორციელებს.

„ადამიანს, თუკი ის აკმაყოფილებს გარკვეულ კატეგორიას, მიეცემა ბინა, რომელსაც, სავარაუდოდ, თხუთმეტი წლის განმავლობაში გამოისყიდის თვითღირებულების ფასად“.

გარდა ამისა, კობა ჩხეიძე აცხადებს, რომ უკანონოდ შეჭრილებს ეხმარებიან სხვა პროგრამებითაც, იქნება ეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები თუ სხვა. კობა ჩხეიძის თქმით, თუ ადამიანს შვილი ჰყავს ავად, ის შესაბამის სამედიცინო დახმარებას უნდა ითხოვდეს და არა ბინას ბათუმში.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ბორჯღალის“ აღმასრულებელი დირექტორი ციალა ქათამიძე ამბობს, რომ ამ ტერიტორიაზე ადამიანის ცხოვრება, უბრალოდ, არ შეიძლება, რადგან იქ ელემენტარული პირობები არ არის.

„იქ რეალურად ბავშვების და ქალების, ზოგადად ადამიანის ცხოვრება, უბრალოდ, წარმოუდგენელია, რადგან არ არის საცხოვრებელი პირობები“.

მისივე თქმით, იმის გამო, რომ ამ ტერიტორიაზე სხვადასხვა პრობლემის გამო არიან შესახლებულები, ეს საკითხი ინდივიდუალური მიდგომის გარეშე არ გადაიჭრება, ანუ ხელისუფლებამ უნდა შეისწავლოს, თუ რა სახის დახმარება სჭირდება ამა თუ იმ პირს და ამის მიხედვით იმოქმედოს.
  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG