Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

წნისში საძოვრებს ითხოვენ


ახალციხის მუნიციპალიტეტში სოფელ წნისის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ადგილობრივები სოფლის ორ მთავარ საკითხზე საუბრობენ - სასმელი და სარწყავი წყალი და საძოვრები დღემდე რჩება მათ მოუგვარებელ პრობლემად. ისედაც მცირემიწიანი სოფლის პირუტყვისთვის განკუთვნილი საძოვრები თავდაცვის სამინისტროს მას შემდეგ გადაეცა, რაც ორფოლოს პოლიგონზე სამხედრო პირთა წვრთნები განახლდა. წნისში ამბობენ, რომ სოფელში გადაძოვების პრობლემამ წველადობის შემცირება გამოიწვია.

წველადობის შემცირების გარდა, გადაძოვებამ სხვა პრობლემებიც შექმნა. კულტურული მცენარეების გაქრობამ, თავის მხრივ, სარეველა და პირუტყვისთვის საკვებად უვარგისი ბალახი გაამრავლა, – განმარტავს ახალციხის სასოფლო საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელი. გურამ ჯინჭველაძე იმასაც აცხადებს, რომ შექმნილი ვითარების გამო მცენარის საფარი მცირდება, მიწა შიშველი რჩება და ნალექის დროს ნიადაგი ირეცხება.

შექმნილი პრობლემები კარგადაა ცნობილი ახალციხის მუნიციპალიტეტის სასოფლო საკონსულტაციო სამსახურისთვის. სამსახურის უფროსი ზაზა ხუციშვილი ამბობს, ტერიტორია ადგილობრივ თვითმმართველობას ეკუთვნის და თვითკონტროლიც ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა დააწესოს - ისინი უნდა აკვირდებოდნენ, რა როტაციითა და წესით ხდება პირუტყვის ძოვებაო.

სპეციალისტები იმასაც ამბობენ, რომ, გადაძოვების პრობლემის მიუხედავად, მემცენარეობის დარგის წარმოება საქართველოში მინიმუმამდეა დაყვანილი.
XS
SM
MD
LG