Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადამიანები VS ადამიანის უფლებათა კომიტეტი


ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მიერ მომზადებული დოკუმენტის პროექტის წინაღმდეგ მიმართული აქცია
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მიერ მომზადებული დოკუმენტის პროექტის წინაღმდეგ მიმართული აქცია
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა ექვსი თვის მუშაობა საპროტესტო აქციის ფონზე შეაჯამა. სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიასთან" შეკრებილმა რამდენიმე ასეულმა ადამიანმა 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით კომიტეტის მიერ მომზადებული დოკუმენტის პროექტი გააპროტესტა. „ყველა განსხვავებული თანასწორია“, „ჩვენ ნამდვილები ვართ“, „მე არ ვარ პროპაგანდა“, „ნუ მიყალბებ ადამიანის უფლებებს“ - ამ შინაარსის ტრანსპარანტებით შეიარაღებულმა მოქალაქეებმა თავიანთი ნეგატიური დამოკიდებულება გამოხატეს ასევე პარლამენტისთვის გაგზავნილ პეტიციაზე ხელმოწერების ნამდვილობაში დაეჭვების მიმართ.

საპროტესტო აქციის მონაწილეები სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიასთან“ დილის 10 საათისთვის შეიკრიბნენ. სასტვენებისა და ტრასპარანტების გარდა, ბევრ მათგანს სხეულზე მიმაგრებული ჰქონდა რიგითი ნომერი, რომელიც მათ პარლამენტისათვის გაგზავნილ პეტიციაზე ხელმოწერისას ერგოთ და რომელთა ნამდვილობაშიც დეპუტატთა ნაწილმა ეჭვი შეიტანა. აქციის ორგანიზატორთა შორის იყო იურისტი თამარ გურჩიანი:

"კომიტეტის მიერ შემუშავებული დასკვნის პროექტი არის სამარცხვინო. ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების ელემენტარულ სტანდარტებს, რომელიც არის დადგენილი საერთაშორისო დონეზე და რასაც ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია. იმის თქმა მინდა, რომ ამ დასკვნის პროექტმა დასკვნის სტატუსი არასოდეს არ უნდა მიიღოს. ეს იქნება სირცხვილი პარლამენტისთვის და ზოგადად საქართველოს სახელწიფსათვის".
ამ საქმესთან დაკავშირებით 10 პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგა. 5 ადმინისტრაციული წესით იქნა დასჯილი, ხოლო კიდევ 5 პირი მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში. მათგან 2 სასულიერო პირია, რომელთა ქმედებებში დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა...
კახა წერეთელი

აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ დასკვნის პროექტის ტექსტი ისეა შედგენილი, რომ იძლევა ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ მიმართული აქციის, როგორც „ჰომოსექსუალობის პროპაგანდის“ განმარტების შესაძლებლობას. აქციის მონაწილეები ასევე მოითხოვდნენ 17 მაისის მოვლენების ეფექტიან გამოძიებას, დამნაშავეების სათანადოდ დასჯასა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრას, თუმცა ეკა ბესელიას ნაცვლად "რედისონ ბლუ ივერიის" წინ შეკრებილ მოქალაქეებთან მისი მოადგილე გედევან ფოფხაძე გავიდა.

გედევან ფოფხაძე და აქციის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ეკა ბესელიასთან შეხვედრა 21 ივნისს გაიმართება. თავად ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეც ამბობს, რომ მზად არის ნებისმიერ დაინტერესებულ პირთან ერთად განიხილოს დასკვნის პროექტი, თუმცა არ ესმის, თუ რამ გამოიწვია ამხელა ხმაური:

"ვიდრე სამუშაო პროცესი მიმდინარეობს, არ მესმის რატომ კეთდება წინმსწრებად დასკვნები. მთავარია, როგორი იქნება დასკვნა და როგორი აქცენტები გაკეთდება. მთავარია ის, რაც უკვე ვთქვით, რომ ძალადობას, რომელიც მოხდა, ვგმობთ. ეს იყო ძალიან ცუდი, რადგან დაირღვა კანონი. ჩვენ რეკომენდაციით მივმართეთ პროკურატურას, რომ სწრაფად დასრულდეს გამოძიება. ასევე მთავარია, რომ ვამბობთ: უმცირესობის უფლება უნდა იყოს დაცული და ეს არის ჩვენი ვალდებულება. დანარჩენი, რაც შეიძლება დავამატოთ, დასკვნაში იქნება".
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ექვსი თვის მუშაობის შეჯამება
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ექვსი თვის მუშაობის შეჯამება

ეკა ბესელიას თქმით, დასკვნაში აუცილებლად იქნება ასახული პროკურატურის ძალისხმევა 17 მაისის მოვლენების გამოძიებასთან დაკავშირებით, რომლის შესახებაც მთავარი პროკურატურის წარმომადგენელმა კახა წერეთელმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის საანგარიშო შეხვედრაზეც ილაპარაკა:

"ამ საქმესთან დაკავშირებით 10 პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგა. 5 ადმინისტრაციული წესით იქნა დასჯილი, ხოლო კიდევ 5 პირი მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში. მათგან 2 სასულიერო პირია, რომელთა ქმედებებში დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა. პროკურატურამ მიმართა არასამთავრობო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს, რომ, თუ მოეპოვებათ, მიაწოდონ კონკრეტული მტკიცებულებები, სადაც ჩანს პირთა მიერ დანაშაულის ჩადენა".

17 მაისის მოვლენების შესახებ ილაპარაკა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემაც. მან ასევე მიმოიხილა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტთან ერთად სამინისტროს მიერ გადადგმული ნაბიჯები. საუბარია რეალური შეჯიბრებითობის შემოღებაზე სისხლის სამართლის პროცესში, იუსტიციის საბჭოს რეფორმირებასა და შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანაზე. და კიდევ:

"სისხლის სამართლის კოდექსსა და პროცესში შევიდა ცვლილებები, რომელთა საფუძველზე უპირობო შეკრებითობის პრინციპი გაუქმდა და აღდგა და ფუნქცია შეიძინა შთანთქმის პრინციპმა".

ჩიორა თაქთაქიშვილი
ჩიორა თაქთაქიშვილი
თუმცა ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით მთავრობისა და პარლამენტის ძალისხმევას არასაკმარისად მიიჩნევს საპარლამენტო უმცირესობა. ჩიორა თაქთაქიშვილი უკმაყოფილოა კომიტეტის როგორც საქმიანობით, ასევე ანგარიშის ფორმით.

"ჩვენ ვიხილეთ მშრალი სტატისტიკა, რაც ასევე მნიშვნელოვანია, მარგამ იმ ტესტურ შემთხვევებზე, რომლებიც ხელისუფლების ცვლილების შემდგომ პერიოდში დადგა ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით, არავითარი პოზიცია არ მოგვისმენია კომიტეტისგან. შეფსების სახით შემიძლია ვთქვა, რომ კომიტეტმა ვერ შეძლო, რომ ადამიანის უფლებათა დაცვაზე ყოფილიყო კონცენტრირებული და არ მოეხდინა მათ პოლიტიკურ შეხედულებებს გავლენა ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვაზე", - უთხრა ჩიორა თაქთაქიშვილმა რადიო თავისუფლებას.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG