Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გლოვის დღე საქართველოში


ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნის პატივსაცემად საქართველოში 16 მაისი გლოვის დღედ გამოცხადდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით დაშვებულია სახელმწიფო დროშები. დროშები დაეშვა, ასევე, შეიარაღებული ძალების ყველა სამხედრო ნაწილში.

ავღანეთში დაღუპული მეომრები თბილისის აეროპორტში დღეს ჩამოასვენეს. აეროპორტში სამგლოვიარო ცერემონიალზე იმყოფებოდნენ გარდაცვლილთა ახლობლები, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და სხვა ოფიციალური პირები.

დილით ირაკლი ალასანია იმყოფებოდა, ასევე, ვაზიანში, IV ქვეით ბრიგადაში. დაღუპული სამხედროები სწორედ ამ ბრიგადის 42-ე ბატალიონში მსახურობდნენ. ირაკლი ალასანიამ ჯარისკაცებს სიტყვით მიმართა:

„ეს უმძიმესი დარტყმა იყო პირადად ჩემთვის. მე ამ ბიჭებთან ერთად შევხვდი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს შირგაზის ბაზაზე და პირადად გავიცანი ისინი“.

სამი სამხედრო ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, 13 მაისს დაიღუპა. ისინი თვითმკვლელი ტერორისტის მსხვერპლნი გახდნენ. გარდაცვლილები არიან: სერჟანტი ზვიად დავითაძე, 33 წლის; კაპრალი ალექსანდრე კვიწინიძე, 26 წლის, კაპრალი ვლადიმერ შანავა, 24 წლის. ქართველი სამხედროები წარდგენილები არიან ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენზე.
თავდასხმის შედეგად დაშავდა 27 ჯარისკაცი. როგორც თავდაცვის მინისტრის მრჩეველი ვაკო ავალიანი ამბობს, უმეტესობა მეორე დღესვე სამსახურს დაუბრუნდა, რვა ჯარისკაცი კი დღეს გერმანიაში სამკურნალოდ გადაჰყავთ. მათი მდგომარეობა საგანგაშო არ არის.

თუ რატომ მოხდა ისე, რომ სატვირთო მანქანა ააფეთქეს, რასაც ჯარისკაცების დაღუპვა მოჰყვა, ვფიქრობ, რომ თალიბებმა ძალიან ბევრი ასაფეთქებელი ნივთიერება გამოიყენეს. ამიტომაც ტარანზე სატვირთო მანქანა წაიყვანეს და არა მსუბუქი...
ირაკლი ალადაშვილი
რამდენად იყო დაცული ავღანეთში ქართული ძალების უსაფრთხოება? ამასთან დაკავშირებით ვაკო ავალიანი ამბობს, რომ კითხვები ამ მიმართულებით არ არსებობს:

„რა თქმა უნდა, დადგენილია, თუ როგორ მოხდა თავდასხმა და ამ თავდასხმის მოგერიება. შესაბამისად, კითხვები ამ მიმართულებით არ არსებობს“.

ექსპერტი ირაკლი ალადაშვილი ამბობს, რომ ადგილი, სადაც ქართული სამხედრო კონტინგენტია დისლოცირებული, პლანეტის ყველაზე ცხელ წერტილს წარმოადგენს. შესაბამისად, უსაფრთხოების გარანტია იქ ვერ იქნება:

„ყველა ის ბაზა, რომელზეც ჩვენი ქართველი ბიჭები იმყოფებიან, ფაქტობრივად, ერთი და იმავე სისტემით არის მოწყობილი. გარშემო შემოღობილია, არის დამცავი პუნქტები, რომ მანქანით ტარანით არ შევიდნენ და სხვა ზომებიც არის მიღებული. თუ რატომ მოხდა ისე, რომ სატვირთო მანქანა ააფეთქეს, რასაც ჯარისკაცების დაღუპვა მოჰყვა, ვფიქრობ, რომ თალიბებმა ძალიან ბევრი ასაფეთქებელი ნივთიერება გამოიყენეს. ამიტომაც ტარანზე სატვირთო მანქანა წაიყვანეს და არა მსუბუქი“.

17 მაისს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილება ცვლილება, რომლის თანახმადაც, ქართული ოცეული, რომელიც ქაბულშია განლაგებული, ფრანგული კონტინგენტიდან ამერიკული კონტინგენტის დაქვემდებარებაში გადადის. ვაკო ავალიანი ამობს, რომ ამ გადაადგილებით სამხედროებისთვის არაფერი შეიცვლება.

აქცენტი ჰელმანდის პროვინციაზე გაკეთდა, სადაც ჯერ ერთი ბატალიონი გაიგზავნა, მერე -მეორე. მიმაჩნია, რომ ამან გაზარდა ჩვენი ბიჭების დაღუპვისა და დაჭრის ალბათობა...
ირაკლი ალადაშვილი
„ფრანგული ბაზა იხურება, გადაეცემა ავღანურ ძალებს და, შესაბამისად, ჩვენი ოცეული ამერიკულ ბაზაზე გადადის“.

ირაკლი ალადაშვილი კი მიიჩნევს, რომ ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, ტერიტორიულად სად გადაიყვანენ ქართულ სამხედრო ძალებს. მისი თქმით, პირველი ქვედანაყოფი 2009 წელს სწორედ ფრანგული კონტინგენტის დაქვემდებარებაში, ქაბულის აეროპორტთან იყო დისლოცირებული. ალადაშვილი ამბობს, რომ ეს ადგილი შედარებით უსაფრთხოც იყო:

„შემდეგ აქცენტი ჰელმანდის პროვინციაზე გაკეთდა, სადაც ჯერ ერთი ბატალიონი გაიგზავნა, მერე -მეორე. მიმაჩნია, რომ ამან გაზარდა ჩვენი ბიჭების დაღუპვისა და დაჭრის ალბათობა, რის შედეგსაც ჩვენ უკვე ვიმკით“.
მისივე თქმით, თუ ამჯერადაც ჯარისკაცებს ჰელმანდის პროვინციაში გადაიყვანენ, ეს კარგი გადაწყვეტილება არ იქნება.
  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG