Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”გაქცეული ჯარისკაცის” თუ პატრიოტი შაშკინის დაბრუნება?


დიმიტრი შაშკინი
დიმიტრი შაშკინი
ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაბრუნებულმა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა, პრესკონფერენცია გამართა. ის ჟურნალისტების კითხვებს ნახევარი საათის განმავლობაში პასუხობდა. რატომ წავიდა და რატომ დაბრუნდა დიმიტრი შაშკინი? ითანამშრომლებს თუ არა ის გამოძიებასთან, თუკი ამის საჭიროება იქნება, და რას გეგმავს სამშობლოში დაბრუნებული ყოფილი მაღალჩინოსანი?

ხუთთვიანი განშორების შემდეგ სასჯელაღსრულების, განათლებისა და, ბოლოს, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დიმიტრი შაშკინი, საქართველოში დაბრუნდა. ის იყო ერთ-ერთი პირველი მაღალჩინოსანი, რომელმაც ქვეყანა პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დატოვა. მიუხედავად იმისა, რომ დიმიტრი შაშკინის გამგზავრების პირველ დღეებში მისი უწყების, ანუ თავდაცვის სამინისტროს, პრესსამსახურის წარმომადგენლები ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებდნენ, რომ ის ამერიკის შეერთებულ შტატებში მივლინებით იმყოფებოდა და საქართველოში უახლოეს დღეებში დაბრუნდებოდა, ოქტომბრის ბოლოს მისი სოციალური ქსელის გვერდზე გავრცელდა განცხადება, სადაც ყოფილი თავდაცვის მინისტრი წერდა, რომ მან საქართველოს დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

დიმიტრი შაშკინი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებიდან ოჯახთან ერთად 6 მარტს, გამთენიისას, დაბრუნდა, ჯერ წასვლის და შემდეგ დაბრუნების მიზეზი კი 7 მარტს ჟურნალისტებთან ასე განმარტა:

”მე წავედი სუბიექტური მიზეზების გამო - მათ შორის, ეს იყო ჩემი ოჯახის უსაფრთხოება, ასევე ჩემი ჯანმრთელობის საკითხი, რომელზეც საუბარი არ მსურს, და ეს იყო იმედგაცრუება, ადამიანური იმედგაცრუება. და თუ რატომ ჩამოვედი, ამასაც აქვს ობიექტური მიზეზები - მთავარი მიზეზი არის ის, რომ ამ ხუთი თვის განმავლობაში მივხვდი, რომ, მიუხედავად იმედგაცრუებისა, მე ვთვლი, რომ ჩემი შვილები უნდა გაიზარდონ საქართველოში, მე ვარ საქართველოს მოქალაქე და მე მინდა, რომ ვიცხოვრო ამ ქვეყანაში”.
რა შეკითხვებიც ექნება ფინანსთა სამინისტროს ან სხვა უწყებას, მე ნებისმიერ შეკითხვაზე გავცემ პასუხს.
დიმიტრი შაშკინი

დიმიტრი შაშკინის საქართველოში დაბრუნებას დაემთხვა ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადება იმის თაობაზე, რომ უახლოეს მომავალში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ოფიციალურ განცხადებას გაავრცელებს და საზოგადოებას შეატყობინებს, თუ რას ედავება გამოძიება თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დიმიტრი შაშკინს. მისი თქმით, ბევრი საკითხია, რომელზეც საგამოძიებო სამსახური იმუშავებს, თუმცა ფინანსთა სამინისტროს პირველ პირს კონკრეტული არაფერი უთქვამს. თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტში 113 მილიონი ლარის ”დეფიციტი”, ნახევარ მილიონ ლარამდე გაცემული პრემიები, რუსული წარმოების იარაღი, რომელშიც, ახალი ხელისუფლების მტკიცებით, იმაზე გაცილებით დიდი თანხა იყო გადახდილი, ვიდრე ის რეალურად ღირდა - ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ საკითხებისა, რომლებიც ახალ ხელისუფლებას დიმიტრი შაშკინის თავდაცვის მინისტრის პოსტზე მუშაობის პერიოდზე დაუგროვდა. შეერთებული შტატებიდან დაბრუნებული თავდაცვის მინისტრი ყველა კითხვაზე პასუხის გაცემას აპირებს:

”რა შეკითხვებიც ექნება ფინანსთა სამინისტროს ან სხვა უწყებას, მე ნებისმიერ შეკითხვაზე გავცემ პასუხს”.

დიმიტრი შაშკინის მტკიცებით, მას პრემია საკუთარი თავისთვის არასდროს გამოუწერია, ხოლო ის დანაშაულს ვერ ხედავს იმაში, თუკი თავდაცვის მინისტრი და გაერთიანებული შტაბის უფროსი წარმატებული თანამშრომლებისათვის პრემიას გასცემს. რაც შეეხება დეფიციტს, მისი მტკიცებით, თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტში მართლაც არსებობდა დეფიციტი, თუმცა არა 113 მილიონი ლარის ოდენობის. დიმიტრი შაშკინი ამბობს, რომ ამის თაობაზე ის თავის წინამორბედს, ამჯერად ბრალდებულ ბაჩო ახალაიასაც ესაუბრა და, როგორც ის ამბობს, მისგან ადეკვატური პასუხიც მიიღო:

”ეს დეფიციტი არ იყო განპირობებული იმით, რომ ვიღაცამ დახარჯა ფული ან წაიღო სახლში. ეს იყო განპირობებული იმით, რომ იყო აღებული უფრო მეტი ვალდებულება, ვიდრე იყო ბიუჯეტი”, - აცხადებს ყოფილი თავდაცვის მინისტრი.
მინისტრი, რომელიც ჯარს მიატოვებს, რომელსაც ამხელა უწყება აბარია და გაიქცევა, მის მიმართ მორალური პასუხისმგებლობა საზოგადოებამ განსაჯოს. მისი დაბრუნებით პოლიტიკური ძალის დემონსტრირება, უბრალოდ, სასაცილოდაც არ მყოფნის.
ირაკლი სესიაშვილი

თუკი კვლავაც დიმიტრი შაშკინის თავდაცვის მინისტრობის სამთვიან პერიოდს მივყვებით, მაშინ უნდა ვახსენოთ 6 მარტს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის მიერ მოწყობილი სტენდი, სადაც მან გამოფინა იმის ამსახველი ფოტოები, თუ როგორ ჰქონდათ მოწყობილი კაბინეტები და ავტომობილები თავდაცვის მინისტრებსა და გაერთიანებული შტაბის უფროსებს.

”სიმართლე რომ გითხრათ, მე ეს ოთახები არ მინახავს”, - ამბობს დიმიტრი შაშკინი.

რას ნიშნავს დიმიტრი შაშკინის დაბრუნება? ხომ არ გეგმავს „ნაციონალური მოძრაობა“ ძალების შემოკრებას? ირაკლი სესიაშვილს ამ კითხვაზე ასეთი პასუხი აქვს:

”მინისტრი, რომელიც ჯარს მიატოვებს, რომელსაც ამხელა უწყება აბარია და გაიქცევა, მის მიმართ მორალური პასუხისმგებლობა საზოგადოებამ განსაჯოს. მისი დაბრუნებით პოლიტიკური ძალის დემონსტრირება, უბრალოდ, სასაცილოდაც არ მყოფნის”.

რაც შეეხება დიმიტრი შაშკინის რვათვიან სასჯელაღსრულების მინისტრობის პერიოდს, ის აცხადებს, რომ მაშინ საპატიმროებში მხოლოდ გადატვირთულობის პრობლემა არსებობდა, ციხის სკანდალურ კადრებს კი ის ”ადამიანურ კატასტროფას” უწოდებს. დიმიტრი შაშკინის ამ განცხადებას პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ეხმიანება:

”თუ ბატონი შაშკინი დაიწყებს საუბარს იმაზე, რომ არაფერი იცოდა, რა ხდებოდა მის ეპარქიაში, რომელსაც ქართული ციხე ერქვა, რასაკვირველია, მასთან საუბარი შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ის მიერთებული იქნება სიცრუის დეტექტორთან”.

მინისტრობის ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი, 3 წელი, დიმიტრი შაშკინმა განათლების სისტემაში გაატარა. არასამთავრობო სექტორისა თუ ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სწორედ მის მინისტრობას ემთხვევა რამდენიმე ასეული პედაგოგის პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება. აღნიშნული ბრალდება დიმიტრი შაშკინმა 7 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე უარყო.

რაც შეეხება დიმიტრი შაშკინის სამომავლო გეგმებს, ის ამბობს, რომ იქნება იქ, სადაც მის სამშობლოს დასჭირდება.
XS
SM
MD
LG