Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კლინტონი ეროვნულ დღესასწაულს ულოცავს საქართველოს


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ეროვნული დღესასწაული - დამოუკიდებლობის დღე - მიულოცა საქართველოს მოსახლეობას. „მოხარული ვარ, პრეზიდენტ ობამასა და შეერთებული შტატების ხალხის სახელით, საქართველოს მოქალაქეებს გადმოგცეთ საუკეთესო სურვილები 26 მაისს, თქვენი დამოუკიდებლობის დღეს“, ნათქვამია კლინტონის საგანგებო განცხადებაში.

„რამდენიმე დღეში საშუალება მექნება, ვესტუმრო ბათუმს“, - ვკითხულობთ შემდეგ მილოცვაში, - „და ვიგრძნო ქართველი ხალხის სითბო, კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩვენი მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სამომავლო განვითარებისადმი.“

ჰილარი კლინტონი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ წელს შესრულდა 20 წელი საქართველოსა და აშშ-ს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებიდან და ამ ხნის განმავლობაში საქართველომ შთამბეჭდავ წარმატებებს მიაღწია კორუფციასთან ბრძოლის, თანამედროვე სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარების საქმეში, დიდი წვლილი შეიტანა საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში.

ჰილარი კლინტონის განცხადების თანახმად, „შეერთებული შტატები ეხმარება საქართველოს ევროატლანტიკური კავშირების გაღარმავებასა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების საქმეში, და კვლავაც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.“

ბოლოს მილოცვაში ვკითხულობთ: „ჩვენ მხარში ვედექით საქართველოს ხალხს 20 წლის წინათ, ხელახლა მოპოვებული დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე, და მხარში გიდგავართ დღესაც.“

31 მაისს ჰილარი კლინტონი იწყებს თავის ევროპულ ტურნეს, რომლის ფარგლებში 4-7 ივნისს სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანასაც ეწვევა. 5 ივნისს, ბათუმში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მონაწილეობას მიიღებს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პლენარული სხდომაში და შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს.
XS
SM
MD
LG